ლიზიკო ქავთარაძე: გულაგის ქართული მემუარები

საქართველოში გულაგის შესახებ მოგონებები არასოდეს ყოფილა პოპულარული. ადამიანური ისტორიებით მოყოლილ რეპრესიებს ცოტა თუ იცნობდა, ისტორიკოსთა დიდი ნაწილი კი მემუარებს წყაროდ არ აღიარებდა. ამ მხრივ, სიტუაცია 2000-იანი წლების ბოლოდან შეიცვალა, როცა, ძირითადად, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა და ქალთა მეხსიერების კვლევის ცენტრმა „ტასომ“ წითელი ტერორის შესახებ მეხსიერების მოკრება წამოიწყეს, მეტწილად, რეპრესირებულების შთამომავლებისგან, რადგან თავად რეპრესირებულები ამ დროს უკვე  ცოცხლები აღარ იყვნენ. ცოცხალი აღარ იყო ლიზიკო ქავთარაძეც, ყველაზე გამორჩეული დისიდენტი ქალი საქართველოს ისტორიაში. ის იმ თითებზე ჩამოსათვლელ ავტორთაგან ერთ-ერთია, რომლის მემუარები გულაგის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. ქავთარაძის მოგონება “წამების გზით: 28 წელი გულაგში” 2008 წელს გამოიცა, ავტორის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ. მემუარი 1964 წელსაა დაწერილი. აქ კარგადაა ასახული პოლიტიკური პატიმრის, ინტელექტუალისა და ქალის გამოცდილება იძულებითი შრომის ბანაკებში. 

ლიზიკო ქავთარაძე 1905 წელს დაიბადა. მისი მამა ცნობილი სოციალ-ფედერალისტი ქაიხოსრო ქავთარაძე იყო.  ცნობილია, რომ ერთხელ, მეტეხის ციხეში, ლიზიკო იმავე საკანში მოხვდა, სადაც მანამდე, მეფის რუსეთის დროს, მამამისი იყო დაპატიმრებული.  მამის იქ ყოფნა მან კედელზე დატოვებული წარწერიდან ამოიცნო. ლიზიკო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი იყო, როცა ახალგაზრდა მარქსისტების იატაკქვეშა  ორგანიზაციაში გაერთიანდა. ის ძალიან გულშემატკივრობდა 1924 აჯანყებას, ავრცელებდა ანტისაბჭოთა პროკლამაციებს. ქავთარაძის ახლობლების თქმით,  თურმე ძალიან უყვარდა ამ ისტორიის მოგონება:  ერთხელ, ანტისაბჭოთა პროკლამაცებით დატვირთული 19 წლის ლიზიკო ოპერისა და ბალეტის თეატრში ამაოდ ცდილობდა შეღწევას. თეატრში მნიშვნელოვანი შეხევდრა იყო – პარტიული და სამხედრო ელიტა ადგილობრივ ინტელიგენციას ხვდებოდა. ლიზიკოს მოსაწვევი არ ჰქონდა. უცებ, ცნობილი ბოლშევიკი ლიდერი ფილიპე მახარაძე გამოჩნდა. ლიზიკო მახარაძესთან მიიჭრა და უთხრა, რომ ძალიან სურდა პარტიის ლიდერების საკუთარი თვალით ნახვა და ღონისძიებაზე დასწრება. მახარაძე მოტყუვდა. მისი დახმარებით ლიზიკო თეატრში შევიდა და თავზე მისივე საწინააღმდეგოდ მიმართული პროკლამაციებიც გადმოაყარა.  

ქავთარაძე ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის 1928 წელს დააპტიმრეს და ტომსკში გადაასახლეს, 1936 წელს ის გათავისუფლდა, თუმცა  მუდმივი დევნისა და მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდა. 1940 წელს ისევ დააპატიმრეს. ამჯერად, მისი დეპორტაცია ყაზახეთში მოხდა. მთლიანობაში, მან გულაგებში სიცოცხლის 28 წელი გაატარა. 

1956 წლიდან, გათავისუფლებისა და რეაბილტაციის შემდეგ, ის ერთხანს ეკონომისტად მუშაობდა, წერდა და თარგმნიდა.  80-იან წლებში, უკვე ხანში შესულს, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ახლადაღმოცენებული ეროვნული მოძრაობის ახალგაზრდა ლიდერებთან. ქავთარაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დიდი ქომაგი იყო, თუმცა ამ დღეს ვერ მოესწრო, ის 1988 წელს გარდაცვალა. 

ლიზიკო ქავთარაძის მემუარი ისტორიული აღსარებაა გულაგის შესხებ. გადარჩენილთა უმეტესობის მსგავსად, ქავთარაძეც ტრავმირებული ავტორია.  ტრავმის თითქმის ყველა ნიშანი შეიძლება ამოვიკითხოთ მის მოგონებაში: იქნება ეს არათანმიმდევრული ნარატიული სტრუქტურა, დუმილი ზოგიერთ მოვლენაზე, თუ  ემოციური რეფლექციის არარსებობა. ლიზიკოს მემუარი ფრაგმენტულია, ის წყვეტილად ჰყვება გულაგში თავის ცხოვრებაზე და ხშირად ჩანართებისა თუ გადახვევების სახით განიხილავს მისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ფილოსოფიურ საკითხებს. მაგალითად, მემუარი იწყება დეპორტაციის ისტორიით, მაგრამ ის მოულოდნელად გრძელდება რუსეთის “სისხლიანი პოლიტიკის” ანალიზით.  ავტორი თავიდანვე პოზიციონირებს, როგორც ანტიბოლშევიკი და ანტიიმპერიალისტი მოაზროვნე. ბევრ სხვა საკითხთან ერთად ის საერთაშორისო პოლიტიკასაც განიხილავს. ქავთარაძე მკაცრად აკრიტიკებს როგორც ჰიტლერს, ასევე სტალინს და ამ უკანასნელს ” პროგესული დემოკრატიის მოღალატეს” უწოდებს. 

 

ლიზიკო ქავთარაძე - გულაგის ქართული მემუარები ► თამთა მელაშვილის პოდკასტი - ფემინსტრიმი/Feminstream

video-thumbnailWatch on YouTube

თუმცა ტრავმირებული ავტორის არათანმიმდევრულ ნარატივშიც  შეგვიძლია ამოვიკითხოთ ჭკვიანი ქალი არაჩვეულებრივი ანალიტიკური უნარებითა და პოლიტიკური აზროვნებით. ამიტომაც, მისი მემუარის განხილვა მხოლოდ ტრავმის გადმოსახედიდან მიზანშეწონილი არაა. ყურადღება ასევე უნდა მიექცეს მის მცდელობებს ხელახლა შექმნას, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია გაუკეთოს საკუთარ თავს, როგორც ინტელექტუალს. მისი მცდელობები უკეთესად გასაგები იქნება, თუ მას გულაგის კონტექსტში მოვაქცევთ. ბანაკები მხოლოდ სხეულებრივი გამოცდილება იყო მძიმე და ინტენსიური ფიზიკური შრომით, მუდმივი შიმშილით, ჭუჭყითა და შეურაცხყოფით, იმდენად ყოველდღიური ბრძოლა იყო გადარჩენისთვის, რომ ადგილი და საშუალება აღარ რჩებოდა სულიერი წიაღსვლებისა თუ ინტელექტუალური რეფლექციებისთვის, რაც ქავთარაძემ მოგვიანებით, რეაბილიტაციის შემდეგ, სწორედ ამ მოგონების წერის საშუალებით მოახერხა. 

ქავთარაძის მიერ საკუთარი თავის ინტელექტუალად რეკონსტრუქცია სხვა საშუალებებითაც ხდება – ის ასევე იწარმოება სხვა პატიმრებთან საზღვრების გავლებით – პირველ რიგში,  “ურკებთან” და “ცოლებთან” მიმართებაში. ურკები კრიმინალი პატიმრები იყვნენ, ცოლები კი- მეტწილად პარტიული და სამხედრო ელიტის მეუღლეები, ვინც სამშობლოს მოღალატეთა ოჯახის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს. მათთან მიმართებაში ქავთარაძე, პირველ რიგში, ზღვარს ავლებს,  როგორც პოლიტიკური პატიმარი. 

გულაგები, ციხეების მსგავსად, უკიდურესად იერარქიულ სივრცეებს წარმოადგენდა. აქ ძალაუფლებრივი ურთიერთობა  იგებოდა არა მხოლოდ პატიმრებსა და ადმინისტრაციას შორის, არამედ თავად პატიმრებშიც. აღსანიშნავია, რომ 30-იან წლებამდე პოლიტიკური პატიმრები პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ, თუმცა შემდგომში  სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. პოლიტპატიმრები და სისხლის დამნაშავეები გაათანაბრეს და გააერთიანეს, რაც, როგორც ქავთარაძე ამბობს, “ბოლშევიზმის ბარბაროსობა იყო.” პოლტიპატიმრებმა უპირატესობა დაკარგეს. ახალი იერარქია, ლიზიკოს თქმით, საკანშიც კარგად იგრძნობოდა, სადაც ზედა ნარები ურკებს – კრიმინალებს ეჭირათ, ხოლო იატაკზე “დაჯაბნილი ინტელიგენცია” იყო განთავსებული “ცხვრის ფარასავით შექუჩებული”. 

თუმცა, როგორც გამოცდილი პატიმარი, ქავთარაძე იოლად ნავიგირებს გულაგის  რთულ იერარქიებში. მაგალითად, როდესაც ის წინასაპატიმრო ციხის ერთ-ერთ საკანში ხვდება, რომელიც  სავსეა სხვადასხვა “ჯურის” ადამიანით, ის ჯერ საკუთარ ფუთაზე ჩამოჯდება, მერე სიგარეტს ამოიღებს და გააბოლებს.  როცა მთელი საკანი სიგარეტს სთხოვს, ლიზიკო ყველას დასანახად მხოლოდ ორ ღერს დაიტოვებს, დანარჩენს კი საკანში მოისვრის. ყველა შთაბეჭდილების ქვეშ მოექცევა მისი თავდაჯერებულობითა და სიმშვიდით. კრიმინალები ხვდებიან, რომ მას ადვილად ვერ დაჩაგრავენ. 

ქავთარაძეს არ აქვს ერთმნიშვნელოვნად მტრული დამოკიდებულება ურკებისადმი.  საბოლოო ჯამში, ის ასკვნის, რომ მათ არსებობას და ქმედებას არა “ადამიანური ბუნება”, არამედ გულაგების ბოროტება, საბჭოთა ტოტალიტარული სისტემა განსაზღვრავს. ამ მხრივ, ის ძალიან განსხვავდება გულაგის ცნობილი ავტორებისგან: სოლჟენიცინის, გინზბურგისა და შალამოვისგან, ვინც ზღვარს კრიმინალებთან ერთმნიშვნელოვან ზიზღზე აგებს და ზედ სექსუალობასაც ამატებს – კრიმინალ პატიმრებს ჰომოსექსუალობის სტიგმას აკრავს – პირველ რიგში, ისევ კლასობრივი საზღვრების გასამყარებლად. 

ქავთარაძე გულაგის ჰომოსექსუალურ პრაქტიკებზე დუმს, თუმცა მის მოგონებაში კარგად იკითხება, რომ ბანაკებში ქალებს შორის მჭიდრო მეგობრული და ემოციური ურთიერთობებისთვისაც იქმნებოდა სივრცეები.  თუმცა, როგორც ჩანს, ეს კავშირები ისევ კლასის გასწვრივ ყალიბდებოდა. მაგალითად, პოლიტიკური პატიმრები ისევ პოლიტიკურ პატიმრებთან მეგობრობდნენ. ბანაკში ქავთარაძე პოლონელ პოლიტპატიმრებს დაუმეგობრდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის კავშირი ინტენსიური ინტელექტუალური საუბრისა და კამათის შედეგად ჩამოყალიბდა. ქავთარაძე დეტალურად გვაწვდის ამ საუბრების ვრცელ ვერსიას, რომელიც რევოლუციას, რეფორმებს, ომს, კაპიტალიზმს, სოცილიზმსა და ტოტალიტრარიზმს, ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს შეეხება. 

ლიზიკო განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამოირჩევა პოლონელი პოლიტპატიმარი ქალის, ნიკა კრუკოვსკას მიმართ, აღფრთოვანებულია მისი ცოდნით და ინტელექტით. აღსანიშნავია, რომ  ქავთარაძეს განსაკუთრებული სიმპათია აქვს, ზოგადად, პოლონელების მიმართ და მათი მისამართით სოლდარობასაც გამოხატავს, რადგან მიაჩნია, რომ პოლონეთი, საქართველოს მსგავსად, ჯერ რუსეთის, ხოლო შემდგომ საბჭოთა იმპერიის მსხვერპლია. კრუკოვსკა და ქავთარაძე გულაგშივე დააშორეს ერთმანეთს. პატიმრების ცირკულაცია ბანაკიდან ბანაკში ხშირად ხდებოდა და არავინ იცოდა, ვინ სად მოხვებოდა ან რა ბედი ელოდა. ლიზიკოს თქმით, ეს განშორება მისთვის გულაგის ცხოვრების ყველაზე მძიმე მონაკვეთი იყო. ქავთარაძეს პოლონელი მეგობარი აღარასოდეს უნახავს. 

აღსანიშნავია, რომ პოლიტმატიმრები დისტანცირდებოდნენ “ცოლებისგანაც”, მათ კონფორმისტებად მიიჩნევდნენ. ლიზიკოსთვის  გამყოფი ხაზი აქაც ინტელექტზე გადის: “ მათ არაფერი აინტერესებთ” – ამბობს ის “ცოლებზე” – არც ადამიანი, არც გარე ქვეყანა, რომლის სუნთქვა ჯერ ჩვენ არ გამოგვნელებია. არ ვიცი, რით ავხსნა – ობივატელური ინდიფერენტიზმია თუ მოღლილი, ნაწვალები ადამიანის გულისყრა და გამოთიშვა. ჩვენ… ხარბად ვისრუტავდით მონაყოლს, მნიშვნელოვანი იყო თითოეული წვრილმანი. ვეძებდით, ვეჭვობდით, ვფიქრობდით, ვმსჯელობდით, ცხოვრების მაჯისცემას შეუნელებელი მღელვარებით ვაყურადებდით”. 

საბოლოო ჯამში, ლიზიკო ქავთარაძის მოგონება ერთგვარი თვითჰაგიოგრაფიაა, სადაც ავტორი, პირველ რიგში, საკუთარ თავს აგებს როგორც ინტელექტუალს. ეს გულაგის იერარქიებში საზღვრების გავლებით ხდება. ქავთარაძისთვის ამ მოგონებას ერთგვარი რეაბილიტაციის ფუნქციაც აქვს. რეპრესიებს გადარჩენილებს გათავისუფლების შემდეგ დიდხანს უხდებოდათ ბრძოლა ხალხის მტრის სტიგმის მოსაშორებლად. ეს მოგონება კი  წარმატებულად მცდელობად შეიძლება ჩავთვალოთ ქავთარაძის რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციისთვის, ცხოვრების ბოლო წლებში მაინც, როცა ის ახალგაზრდა ნაციონალური მოძრაობის კულტი გახდა.