თამარ ფონიავას პოდკასტი
სიყვარული, მისი ყველა გამოვლინებით, პოლიტიკურია. კაცობრიობის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე იცვლებოდა სიყვარულის გაგება და მიზანი. სიყვარულის უამრავი ფორმიდან ჰეტერონორმატიული სიყვარულისას ქალები ყველაზე მეტად მოწყვლადები არიან. კაპიტალისტური ბაზრის მიერ მოწოდებული ბედნიერი სასიყვარულო ისტორიები ჩვენ თვალწინ ეკრანებზე თამაშდება. მაგრამ რა ხდება მას შემდეგ, რაც ქალი მამაკაცის მხრებში ჩაეფლობა – ფარდა ეშვება და Happy End წარწერა ანათებს ჩაბნელებულ ეკრანს?
პატრიარქალურ კაპიტალიზმში ჰეტერონორმატიულმა სიყვარულმა შრომის არასამართლიან გადანაწილებას დაუდო საფუძველი. კაპიტალისტური რომანტიზმი ლამაზად შეფუთული მონსტრია, რომელიც ქალის თავისუფლების შეზღუდვით საზრდოობს, კორპორაციებისთვის ეკონომიკური მოგება მოაქვს და კიდევ უფრო ამყარებს პატრიარქალურ დღის წესრიგს.
სიყვარულის ჩაგვრის მექანიზმად გამოყენების მაგალითი ხშირად გვხდება ჰეტერონორმატიულ ქორწინებებში, რომელიც გენდერული როლების ტრადიციულად გადანაწილებას გულისხმობს – ქმარი შრომობს, კარიერისთვის იღვწის, მისი ცხოვრება სპონტანური და თავგადასავლებით სავსეა, მაშინ როდესაც ცოლობა ბევრი ქალისთვის ნეტარ სიმშვიდეში შებიჯების ეტაპად ითვლება. ქალს, მას შემდეგ, რაც ბავშვობიდან გოგოობაში გადააბიჯებს, ამზადებენ იმისთვის, რომ ერთ დღესაც გათხოვდება და ქმარი მიხედავს, გათხოვდება და ქმარი უყიდის, გათხოვდება და ქმარი მისცემს ნებას. მისთვის ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა – დაქორწინებამდე და დაქორწინების შემდეგ. სამწუხარო ისაა, რომ მის პირველ ნაწილშიც მთელი მონდომებით ვამზადებთ ქალებს ცოლისა და დედის მოვალეობის შესასრულებლად.
მაშინ, როდესაც პატარა ბიჭებს მოვუწოდებთ გართობისა და სწავლისკენ, სპორტული ცხოვრებისკენ, ვწვრთნით, როგორ გახდნენ შემტევები, მებრძოლები, პატარა გოგოებს ვასწავლით, როგორ იშრომონ ოჯახში, დაეხმარონ დედებს დალაგებასა და საჭმლის მომზადებაში, როგორ გახდნენ ნაზები და სათუთები.
უახლესი კვლევის თანახმად, რომელსაც The British Journal of Developmental Psychology აქვეყნებს, დედები პატარა გოგოებს ხშირად მიმართავენ მგრძნობიარე სიტყვებით და მათთან უფრო ძლიერ ემოციურ კავშირს ამყარებენ, ვიდრე ბიჭებთან. აღზრდის ეს განსხვავებული მეთოდები ზრდასრულობაში იჩენს თავს. მამაკაცები გრძნობებზე საუბარს, ემოციური კავშირის დამყარებას გაურბიან მაშინ, როცა ქალებისგან მოითხოვენ მოსმენისთვის მზადყოფნას, ემპათიის გამოხატვასა და პარტნიორ კაცზე ზრუნვას. ამას ემოციური შრომა ეწოდება.
ქართულ რეალობაში ქორწინება ბევრი გოგოსთვის ერთადერთი ალტერნატივაა. ხშირად მშობლები და ოჯახის წევრები გოგოსთვის თავისუფლების შეზღუდვისა და ძალადობის წყაროდ ქცეულან. ახალგაზრდა გოგოები ჩაგვრისგან თავის დასაღწევად ქორწინებას აფარებენ თავს, რაც ჩაგვრის სხვა სივრცეში გადანაცვლებას გულისხმობს. ხშირ შემთხვევაში ამას უფრო მეტი თავისუფლებისა და ლეგალური სექსისთვის, ან მარტოხელა დედის სტატუსის თავიდან ასაცილებლად აკეთებენ. და თუ ასე არ ხდება, ყველაზე წარმატებულ და დამოუკიდებელ ქალსაც კი ნებისმიერ ასაკში უსვამენ შეკითხვას – როდის აპირებ დაოჯახებას? რატომ ხარ მარტო?
უნდა გავიაზროთ, რომ ქალისთვის ქორწინება დამატებითი შრომაა, რომელიც პატრიარქალურ დღის წესრიგში პარტნიორებს შორის არათანაბრადაა გადანაწილებული. თუ ქორწინება კაცს ოჯახში შრომისგან ათავისუფლებს, ქალის შემთხვევაში პირიქითაა – დაღლილმა ცოლმა დღის ბოლოს სახლში სისუფთავე უნდა დაიცვას, საჭმელი მოამზადოს, შვილებსა და ქმარზე იზრუნოს. ამგვარად ქალების მიერ შესრულებული აუნაზღაურებელი შრომით გამოთავისუფლებული დრო შანსს აძლევს კაცებს, კონცენტრირდნენ კარიერასა და საკუთარ თავზე, მაშინ, როდესაც შრომისგან გადაღლილი ქალის სურვილები და მისწრაფებები მეორეხარისხოვანი ხდება.
თითქმის ყველა რომანტიკულ კომედიაში ნახავთ სცენას – ვალენტინობის დღეა, მარტოხელა ქალი პიჟამოთი და სახის ნიღბით სევდიან სიმღერას უსმენს, მაგალითად, სელინ დიონის – “All By Myself”. არცერთი შეტყობინება ტელეფონზე, ნახევრად დაცლილი ღვინის ბოთლი და მოლოდინი, რომ 20 წლის შემდეგ ზუსტად ამ დღეს მეზობლები იპოვიან პიჟამოში გამოწყობილსა და გარდაცვლილს, 50 კატით გარშემორტყმულს.
ხომ არ ჯობია, მარტო იყო ► თამარ ფონიავას პოდკასტი - ფემინსტრიმი/Feminstream
Watch on YouTubeასე გვიხატავს მეინსტრიმ კულტურა მარტოხელა ქალს. ფილმები, წიგნები და რეკლამები მარტოხელა ქალის ცხოვრებას დრამატიზმის ბურუსში ახვევს და აქტიურად ცდილობს, უბიძგოს მას პარტნიორული ცხოვრებისკენ. ისეთი ფილმებიც კი, რომელიც ძლიერ, დამოუკიდებელ ქალებზეა, პროტაგონისტის მიერ სასურველი მამაკაცის პოვნით სრულდება – მისია შესრულებულია! “Happily ever after” მიღწეულია! ფარდა ეშვება!
კაპიტალისტური ბაზრის წარმოებულ პროდუქტებში მარტოხელა ქალის დრამატიზება ხელს უწყობს ურთიერთობაში მყოფი ქალის სახის პოპულარიზებას. იმისათვის, რომ იყო ურთიერთობაში და ამასთანავე იყო წარმატებული, უნდა იყო კონკურენტუნარიანი. სილამაზის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები ბიზნესს ქალების თვითშეფასების მანიპულაციითა და სილამაზის ყალბი სტანდარტების დადგენით აწარმოებენ – სიყვარული, როგორც ეკონომიკური ზრდისა და ფულადი მოგების გარანტი. სხვადასხვა პროდუქტის მოხმარება, ტანსაცმლის შეძენა და ნივთები, რომლებსაც კაპიტალისტური ბაზარი მუდმივად მოგყიდის, როგორც აუცილებლობას, სასიყვარულო თამაშებში გვაბამს. იმისათვის, რომ ვუყვარდეთ, უნდა გამოვიყურებოდეთ კარგად; იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სიყვარული, უნდა ვიყოთ კარგები. ასე რომ, ქალების მიერ გაწეული შრომა სიყვარულისა და ქორწინების შენარჩუნებისთვის გვიანდელი კაპიტალიზმის სასარგებლოდ მოქმედებს.
ურთიერთობაში ყოფნა შრომაა. ემოციურიც და, უამრავი ქალისთვის, ფიზიკურიც. მაშინ, როდესაც ბიჭებს ბავშვობიდან ასწავლიან, რომ სიყვარული გართობაა, გოგოებს გვინერგავენ, რომ სიყვარული ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. ამიტომაც 20 წლის ასაკში პარტნიორობა საკუთარ თავზე უარის თქმას უტოლდება ხოლმე. იმის ნაცვლად, რომ კარიერულად განვვითარდეთ, ვისწავლოთ, ვიკითხოთ, გვქონდეს თავგადასავლები, ჩვენი დრო და რესურსები სხვა ადამიანზე ზრუნვასა და მის შენარჩუნებას არ უნდა მოვახმაროთ. რა თქმა უნდა, პარტნიორობა ყოველთვის არ ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფასა და მეორეხარისხოვნად ქცევას, მაგრამ 20 წლის ასაკში რთულია ბალანსის დაცვა.
ჩვენი მიზანი უნდა იყოს, როგორმე დავამსხვრიოთ მითი უბედურ მარტოხელა ქალებზე და ბევრი ვესაუბროთ გოგოებს დამოუკიდებელი, ეკონომიკურად ძლიერი ქალების შესახებ. რადგან ეკონომიკურად გაძლიერებული, დამოუკიდებელი ქალები რომანტიზმითა და გულებით შეფუთული შესაძლო ჩაგვრის, ზედმეტი შრომისა და სხვაზე ემოციური თუ ფულადი დამოკიდებულებებისგან უფრო მარტივად თავისუფლდებიან.