წინასაარჩევნო გზამკვლევი - ვინ ავირჩიოთ 2020-ის არჩევნებზე

პარტიების კამპანიების ზოგადი მიმოხილვა:

ეს პოდკასტი დაგეხმარებათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. ზოგჯერ ადვილი დასანახია რომელი პარტიის პოლიტიკა ემუქრება ღიად ქალების და სხვა ჩაგრული ჯგუფების უფლებებს, თუმცა ყოველთვის ასე ნათელი არ არის პარტიების ფემინისტური თუ ანტიფემინისტური ხედვები და მათი პოზიციები გენდერულ თანასწორობასთან მიმართებით. ამ პოდკასტის მიზანია ძირითადი პარტიების პოზიციების მიმოხილვა გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით.

იკითხე პოლიტიკა, გენდერის აღმნიშვნელი ნიშნები ლურჯ ფონზე

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ გენდერული თანასწორობის და ქვიარ უფლებების მხოლოდ ცალკეული კომპონენტები ჩნდება ხოლმე პარტიებისთვის დასმულ შეკითხვებში. სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმებზე, პროგრამებზე და წინასაარჩევნო მასალის ანალიზზე დაყრდნობით გაგაცნობთ პარტიების პოზიციებს და გეტყვით როგორი პოლიტიკის განხორციელებას შეიძლება ელოდოთ მათგან.

ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი პარტიების შემადგენლობაა. იმის მიუხედავად, ემხრობოდა თუ არა პარტია კვოტას, რაც უფრო ახლოს არის პარტია პარლამენტში შესვლასთან, მით ნაკლები ქალია. “იკითხე პოლიტიკას” მიერ გაანალიზებული პარტიებიდან, მხოლოდ ეკა ბესელიას “პარტია სამართლიანობისთვის” ჰყავს პირველ ოცეულში 11 ქალი.

რაც იმას ნიშნავს, რომ სკამებს ჯერ კაცები ვერ თმობენ.

თუმცა წინასაარჩევნო სახეებად საკმაოდ ხშირად გვხვდებიან ქალები, პოსტერებზე, შეხვედრებზე, გადაცემებში ხშირად ქალები ჩნდებიან. მაგ. “ევროპულ საქართველოს” და “ენმ/გაერთიანებულ ოპოზიციას” ხშირად ჰყავს ქალები ვიდეო რგოლებში,  თუმცა ქალების რაოდენობა 25%-33%-ს არ ცდება ამ პარტიებში.

“ქართულმა ოცნებამ” ამჯერადაც არ უღალატა ჩვეულ, წინასაარჩევნო რეპრეზენტაციის სტილს, რომელიც გულისხმობს, რომ ქალი კანდიდატის მხარდასაჭერ საარჩევნო ბანერებს აუცილებლად კაცების სახეები უნდა “უმაგრებდნენ” ზურგს. Აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნინო (გვარის გარეშე) “ქართული ოცნების” მიერ დასახელებული 30 მაჟორიტრი კანდიდატიდან ერთადერთი ქალია და მისი საარჩევნო კამპანია ასე გამოიყურება:

რაც შეეხება პოლიტიკის შინაარსს:

პირველ რიგში, ქალების საკითხები თითქმის არ გვხვდება პარტიების საარჩევნო პროგრამებში და კამპანიებში. როგორც წინა არჩევნების დროს, ახლაც დაცლილია პოლიტიკა შინაარსისგან და ძირითადი ხაზი ურთიერთ შეურაცხყოფაზე გადის. Მხოლოდ მცირედით განსხვავდება ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე მთავრობის და ოპოზიციის მსხვილი პარტიების დაპირებები.

პარტიების პროგრამებში გენდერული თანასწორობის საკითხები ძირითადად არ ჩნდება ან ფრაგმენტულად მხოლოდ მაგ. ძალადობის დასჯასთან მიმართებით ჩნდება. უფრო მეტიც, ამ არჩევნებში ისეთ დიდ პარტიებს როგორიცაა ენმ და ქართული ოცნება ნორმალური საარჩევნო პროგრამაც კი არ გაუსაჯაროვებიათ. ძირითადად ქარდებით, მცირე თეზისებით და კითხვა-პასუხის ფორმატით შემოიფარგლებიან.

მინდა გითხრათ, რომ ენმ, ქართული ოცნება, ევროპული საქართველო - მხოლოდ კანონთან შეუსაბამობის შემთხვევაში გენდერულ (ძირითადად ჰეტერონორმატიულ ოჯახში) ძალადობის დასჯაზე საუბრობენ. არაფერია პრევენციაზე, დაზარალებულების დაცვაზე. ანალოგიურადაა წარმოდგენილი ხედვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზეც.

ქალების რეპროდუქციული და ეკონომიკური უფლებები, სექსუალური თავისუფლება, ჯანდაცვა - პარტიების პროგრამებიდან გამქრალია.

ქართული ოცნება არც კი საუბრობს იმ მიღწევებზე რაც გენდერული თანასწორობის კუთხით თუნდაც ფორმალურად გაატარა.

პარტიები დიდწილად ემხრობიან ოჯახში შემომტანის და მზრუნველის მოდელს, რომელიც ღიად კაცი არ არის, მაგრამ ირიბად მოიაზრება ხოლმე. ზოგჯერ გამოსვლებში, გადაცემებში ამაზე მინიშნება კეთდება ხშირად.

პარტიების პროგრამებში არ არსებობს დედობის მიღმა ქალი. და დედობის ან მშობლობის შემსუბუქებაზეც ძალიან ცოტას ლაპარაკობენ. ძირითადად ბაღებში და სკოლებში უფასო საკვებით და ერთჯერადი დახმარებებით შემოიფარგლებიან.

ბესელიას პარტია სამართლიანობისთვის, მხოლოდ პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობას ეხება.

მიუხედავად ამისა, ის პარტიებიც კი, რომლებიც პირდაპირ არ ეხებიან პროგრამაში ქალების და ქვიარების უფლებების საკითხს, ინტერვიუებსა თუ გამოსვლებში გარკვეულ დაპირებებს აკეთებენ. პოზიციონირების თვალსაზრისით პარტიების უმრავლესობა ეკა ბესელიას “პარტია სამართლიანობისთვის”, ვაშაძის “სტრატეგია აღმაშენებელი”, ჯაშის “სოლიდარობის ალიანსი”, ლელო, ენმ, ევროპული საქართველო, ოცნება  - თანასწორობის მომხრეა.

თუმცა მხოლოდ ლელოს აქვს პროგრამულად გაწერილი ქალების საკითხები.  მართალია, კომპლექსურ, სტრატეგიებსა და უფლებრივ თანასწორობაზე დაფუძნებულ პოლიტიკას ვერსად ვხვდებით და ძირითადად სადღეგრძელოებს უფრო გავს თანსწორობის შესახებ დაპირებები, ვიდრე რეალურ იდენტიფიცირებულ პრობლემებს და გადაჭრის გზებს.

“ლელო” ამ მხრივ საინტერესო გამონაკლისია: ქალების ეკონომიკური გაძლიერება მაგ. სახელფასო სხვაობის აღმოფხვრით, მეწარმეობაში ჩართვით, გენდერულად მგრძნობიარე ჯანდაცვის სერვისებით ჩნდება მათ პროგრამაში. თუმცა პარტია ამ საკითხების პოზიციონირებისას ფრაგმენტულია და ზოგადად გენდერული თანასწორობისთვის სწრაფვას გაცხადებულ პრიორიტეტად არ სახავს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე გენდერულად მგრძნობიარე პროგრამა ლელოს აქვს, პარტიის მხრიდან ამაზე აქცენტი ნაკლებად კეთდება.

ამის საპირისპიროდ, ღიად მიზოგინური ლექსიკით და პოლიტიკით გამოირჩევა პატრიოტთა ალიანსი, ლეიბორისტები და გირჩი.

მაგ. პატრიოტთა ალიანსი პირდაპირ ამბობს პროგრამაში, რომ სოციალურ დანაშაულად აქცევს გენდერულ ძალადობას, მაგ,. როგორც პურის მოპარვაა და დასჯას შეამსუბუქებს ან გააუქმებს. თავს დაესხმება აბორტის უფლებას და შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებასაც თუ მათი გადმოსახედიდან რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს. Პარტია პროგრამულ დონეზე აცხადებს რომ ეწინააღმდეგება ერთნაირი სქესის ადამიანების ქორწინებას, რითაც რეალური განცხადების მიღმა საკუთარ ანტი-გენდერულ პოლიტიკას ღიად მონიშნავს.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი პრობლემას ვერ ხედავს ოჯახში სექსუალური ძალადობის შემთხვევებში. ზოგადად, სექსიზმით გამოირჩევა შალვა ნათელაშვილის რიტორიკა.

გირჩის წევრები სახელფასო გენდერული სხვაობის აღმოფხვრის წინააღმდეგ არიან, ილაშქრებენ კვოტების წინააღმდეგაც. გენდერული უთანასწორობის არსებობას საერთოდ არ ცნობენ და ეს საკითხი მხოლოდ კანონთან მიმართებაში ადარდებთ.

მთლიანობაში სამივე ანტიფემინისტურ განცხადებებს აკეთებს.

გენდერული თანასწორობის საკითხები არც ადრე იყო ძალიან პოპულარული საარჩევნო კამპანიებში, თუმცა წინა არჩევნებთან შედარებით გენდერული საკითხების ასეთი გაქრობა ძალაუფლების მქონე პარტიების რიტორიკაში იმაზე მეტყველებს, რომ პარტიები ამ საკითხს მხოლოდ საკუთარი “პროდასავლურობის” ხაზგასასმელად იყენებენ ფრაგმენტულად. ხოლო, ის პარტიები, რომლებსაც პროდასავლურად პოზიციონირება დიდად არ ანაღვლებთ, საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამებში, გამოსვლებსა და მიმართვებში ღიად აფიქსირებენ გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ მიმართულ პოზიციას.

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnail Open external content on original site