Women during and after the war

გამომცემლის წინასიტყვაობა

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი კონფლიქტების ტრანსფორმაციის კუთხით, 2003 წლიდან, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მისი დაარსებიდან, მუშაობს.  ამ დროის განმავლობაში ფონდმა, პარტნიორ ორგანიზაციებსა და ადგილობრივ თუ უცხოელ ექსპერტებთან ერთად, სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო, გამომცემლობითი და ნდობის აღდგენისკენ მიმართული პროექტები განახორციელა. სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების დეესკალაციის და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით, ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი გენდერული კუთხით სენსიტიური საკითხების შემოტანა ან განსაკუთრებული ხაზგასმა იყო.

წიგნის – ქალები ომის დროს და ომის შემდეგ გამოცემას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ იძულებით გადაადგილებული პირების წინაშე მდგარი პრობლემები პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი არ არის. საზოგადოება იძულებით გადაადგილებულ პირებზე იგებს იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა ისინი საპროტესტო აქციებს აწყობენ საბაზისო საჭიროებების, მაგალითად, ადეკვატური საცხოვრისის მოთხოვნით ან როდესაც სხვადასხვა შენობაში შესვლასა და მათ კერძო საკუთრებად დარეგისტრირებას ცდილობენ. მაშინ როდესაც იძულებით გადაადგილებული პირების განსახლების პროცესი წლების განმავლობაში მიმდინარეობს, სხვადასხვა მედიასაშუალება ხელს უწყობს მათი, როგორც სასოწარკვეთილი, მუდმივად საცხოვრებლის ძიებაში მყოფი ადამიანების სახე-ხატის შექმნას/კვლავწარმოებას. ეს სახე-ხატი დღესდღეობით დომინანტურია საზოგადოებაში და ეს განსაკუთრებით პრობლემატურია, რადგან ყურადღების მიღმა ტოვებს ბევრ მნიშვნელოვან საკითხს, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირთა ყოველდღიურობასა და მათ წინაშე არსებულ სტრუქტურულ პრობლემებს უკავშირდება. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათ სრულად არ იციან ის რეალობა და სირთულე, რაშიც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. ისინი ასევე ნაკლებად იყენებენ სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმას (მაგალითად, საქართველოს პარლამენტს), რათა წინ წამოსწიონ იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემები. ამის შედეგია იძულებით გაადგილებულ პირთა მხრიდან გარკვეული იმედგაცრუება პოლიტიკური პარტიების და, უფრო ზოგადად, პოლიტიკის მიმართ. შესაძლოა, ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იძულებით გადაადგილებული პირები ნაკლებად ერთვებიან სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესში. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ ძირითადი პრობლემების მოსაგვარებლად, რაც იძულებით გადაადგილებულ პირებს აქვთ საქართველოში, აუცილებელია ამ საკითხის წინ წამოწევა და დისკუსია მედიაში, პოლიტიკურ პარტიებთან და, ზოგადად, საზოგადოებაში. ამ წიგნის გამოცემით, ასევე გვსურს, ვისაუბროთ იმ გამოცდილებებზე, რაც იძულებით გადაადგილებულ პირებს აქვთ, შევეხოთ მათ წინაშე არსებულ სტრუქტურულ პრობლემებს, გავიაზროთ, თუ რა გამოწვევები მიაჩნიათ იძულებით გადაადგილებულ პირებს, განსაკუთრებით კი ქალებს, ბარიერებად, რაც ხელს უშლის პოლიტიკურ სტრუქტურებში მათ აქტიურ მონაწილეობას და, ასევე, გავაანალიზოთ, როგორია მათი როლი და რესურსი მშვიდობის მშენებლობის პროცესში.

წიგნის გამოცემის მეორე მთავარი მიზეზი უკავშირდება ჩვენს სურვილს, წვლილი შევიტანოთ გენდერისა და კონფლიქტების ურთიერთმიმართების თაობაზე აკადემიური დისკუსიების გამრავალფეროვნების კუთხით. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც საქართველოში კონფლიქტების შესახებ ვსაუბრობთ, ქალების გამოცდილება, მათი ნარატივი და ის სირთულეები, რაც მათ შეიარაღებული დაპირისპირების პერიოდში თუ შემდგომ გამოიარეს, ნაკლებად განხილული და შესწავლილია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ომისა და მშვიდობის კვლევების კუთხით მომუშავე მკვლევრები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ კონფლიქტების გენდერულ ასპექტებს და ხაზს უსვამენ არა მხოლოდ ქალების როლს სამშვიდობო ოფიციალური მოლაპარაკებების პროცესში, არამედ მათ გავლენას, შექმნან საზოგადოებრივი ცვლილებებისთვის საჭირო ახალი პლატფორმები პოსტკონფლიქტურ საზოგადოებებში. თავის მხრივ, ფემინისტურ თეორიაში აქტიურად განიხილავენ, თუ როგორ ხდება გენდერული როლების მობილიზება ნაციონალისტური დისკურსების წარმოებისას. შესაბამისად, როგორც ფემინისტურ, ასევე ომისა და მშვიდობის კვლევებში, გენდერისა და კონფლიქტების ურთიერთმიმართება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და ამ გადაკვეთების შესახებ არაერთი დისკუსია მიმდინარეობს. გამომდინარე იქიდან, რომ ამ საკითხებზე მხოლოდ რამდენიმე აკადემიური სტატიაა ქართულ ენაზე, ჩვენ გვსურს, შევავსოთ ეს დანაკლისი და ამ წიგნის სახით წარმოვადგინოთ ის მნიშვნელოვანი აკადემიური დისკუსიები, რომლებიც განსაკუთრებით რელევანტურია საქართველოს შემთხვევაში.

წიგნი იწყება თამარ ცხადაძის წინასიტყვაობით, მას მოჰყვება პირველი ნაწილი – ფემინისტური პერსპექტივები ომსა და იძულებით გადაადგილებაზე, რომლის ავტორი ნარგიზა არჯევანიძეა. წიგნის მეორე ნაწილზე – გადარჩენიდან თვითდამკვიდრებისკენ: დევნილი ქალები საქართველოში – იმუშავეს ელიკო ბენდელიანმა და ნათია ჭანკვეტაძემ. წიგნს რამდენიმე ფოტოსაც ვურთავთ, რომლებიც ასახავს იძულებით გადაადგილებული ქალების ყოველდღიურობას საქართველოში.

იმედი გვაქვს, რომ წიგნი – ქალები ომის დროს და ომის შემდეგ საინტერესო იქნება მკვლევრებისთვის, რომლებიც ფემინისტურ პერსპექტივებზე, ომზე, მილიტარიზმსა და პატრიარქატზე მუშაობენ. ვფიქრობთ, რომ პუბლიკაციით დაინტერესდებიან ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და გადაწყვეტილებების მიმღები პირები, რომლებიც მუშაობენ იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკასა და სამოქმედო გეგმებზე. რაც ყველაზე მთავარია, ვიმედოვნებთ, რომ ეს წიგნი განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს თვითონ იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საქართველოში და, ამავე დროს, დააინტერესებს ფართო საზოგადოებას.

შტეფან მაისტერი, დირექტორი

ლილია ჩიხლაძე, პროგრამის კოორდინატორი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი – სამხრეთ კავკასიის რეგიონი

Product details
Date of Publication
2020
Publisher
Heinrich Boell Foundation Tbilisi Office
Number of Pages
176
Licence
All rights reserved
Language of publication
Georgian
ISBN / DOI
978-9941-8-2830-0
Table of contents

გამომცემლის წინასიტყვაობა

რედაქტორის წინასიტყვაობა (თამარ ცხადაძე)

ნაწილი 1. ფემინისტური პერსპექტივა ომსა და იძლებით გადაადგილებაზე (ნ. არჯევანიძე)

  I თავი. ცნებების ისტორია: იძულებითი გადაადგილება, ლტოლვილი, დევნილი

  II თავი. გენდერი და ომი

  III თავი. ომი და ქალთა პოლიტიკური აქტივიზმი

ნაწილი 2. გადარჩენიდან თვითდამკვიდრებამდე: დევნილი ქალები საქართველოში (ნ. ჭანკვეტაძე, ე. ბენდელიანი, კვლევის ხელმძღვანელი: ნ. კალანდარიშვილი)

  I თავი. დევნილები საქართველოში

  II თავი. ცხოვრება დევნილობაში

  III თავი. დევნილი ქალების გამოცდილება საქართველოში

Publisher's note

ბიოგრაფიები