სოფლად მცხოვრები ქალების შრომა

სოფლად ზრუნვის შრომა მძიმედ გამოიყურება. შრომის სიმძიმე სახლის პირობებს, სამუშაო იარაღების სიმწირეს და ცოდნის ნაკლებობას ებმის. კვლევის ფარგლებში შვიდი სოფელი მოვიარეთ და თერთმეტ ქალს შევხვდით. თითოულის ყოველდღიურობაზე დაკვირვება მაფიქრებინებდა, რომ მათი შრომის შედეგი კეთილდღეობის ნაცვლად დაზიანებული ჯანმრთელობაა. სახლში თუ ბაღში, საქონელთან და სამსახურში ქალების შრომის რესურსი უამრავ სირთულესთან გამკლავებაში იხარჯება. შრომის ნაყოფი კი იმდენად დაბალშემოსავლიანი და რისკებისგან დაუზღვეველია, მშრომელებს იმედგაცრუებულს, ჯანმრთელობამორღვეულს ტოვებს. ამ იმედგაცრუებას ქალები გაურბიან სოფლიდან ქალაქად, ქალაქიდან საზღვრებს გარეთ.

სოფლად მცხოვრები ქალები

შრომა ოჯახში

ვანში ქალების შრომაზე დასაკვირვებლად ჩავედი. ჩემი თანამგზავრი ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი იყო. ეს სტატია 11 ვანელ ქალთან ინტერვიუს ეყრდნობა. აქვეა ქალების შრომის და ყოველდღიურობის ამსახველი ფოტოები.

ვანი მჭიდროდ დასახლებული ტიპური იმერული რაიონია, მდინარის ხეობებით და გორაკებს შეფენილი სოფლებით - ჭყვიში, ამაღლება, სულორი, ბზვანი, დიხაშხო, ზედა ვანი, ზეინდარი, ტობანიერი, ყუმური, შუამთა. ეზოების უმრავლესობა მოვლილია, ორსართულიანი სახლების ფასადებს გრძელი, ხვეული კიბე მიუყვება და ასე აკავშირებს სართულებს ერთმანეთს. როგორც წესი, მეორე სართულზე ღია ვერანდებია მოწყობილი, ხშირად ხით ან აგურით ნაშენი სახლის კედლებს გაშლილი და მწყობრი ფანჯრები ამშვენებს. მაისის თვეში ღობეებს ვარდები ფარავს. სახლის  მასპინძელი, საქმითაა გართული. დაგინახავთ თუ არა, ღიმილიანი სახით შინ შეგიპატიჟებთ. ასე გავიცანი თინა, ვერა, მაყვალა, მაკა, მარი, მედეა, მაია, შორენა, ქეთევანი, ლელა და რუსუდანი. ყველანი ვანის რაიონში ცხოვრობენ, ზოგი ერთ სოფელშიც, მაგრამ ერთმანეთს ბევრი არც იცნობს.

ერთი შეხედვით, ვერ გაარჩევ, სოფლად რომელი ოჯახი ცხოვრობს ხელმომჭირნედ და რომელს ულხინს. იმერეთში ცხოვრება, ჩვეულებრივ, ჭირს. საშუალო კლასად მოხსენიებული ოჯახების რაოდენობა 3%- არ სცდება.[1] იმერეთი ეკონომიკურად პასიური რეგიონია. აქ სახელმწიფოს პოლიტიკა მსხვილ სუბსიდირებას არც ერთი მიმართულებით არ ახორციელებს და მხოლოდ საერთო მოძრაობას ინარჩუნებს. ამდენად, ვანში კარგად ჩანს, როგორია საქართველოში სოფლად მცხოვრები ქალის ცხოვრება.

შრომა ოჯახში

გზაზე ერთი ახალგაზრდა ქალი მიდიოდა, ორი ბავშვით. ავედევნეთ, გავიცანით.

ლელა ბათურიშვილი ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა. 43 წლისაა. ახმეტაში გაიზარდა და  ჭყვიშში დაქორწინდა. პროფესიით მათემატიკოსია და მოცეკვავე, ქართულ ხალხურ ცეკვას ახმეტაში ასწავლიდა. ახლა მთელ დღეს ბავშვებთან ატარებს.  გეგმავს დაუბრუნდეს საყვარელ პროფესიას, როცა ბავშვები სკოლაში წავლენ და დრო გამოუთავისუფლდება. უნდა, რომ ვანში გახსნას ბავშვთა ქორეოგრაფიული სასაწავლებელი. „მგონია, რომ ასე მეტს მივცემ ბავშვებს ვიდრე ჩემი მუშაობით და მერე მეტად დამიფასდება ჩემი შრომა.“

„დილით იღვიძებს ნინა, მე რომ სამზარეულოში გავიდე, ვერ გავიგონებ ამათ ტირილს, ამიტომ ველოდები, ჩავაცმევ და მერე ბებოსთან გამყავს. მარიამს უფრო უყვარს დილით ძილი. მერე ვიწყებთ საუზმისთვის მზადებას. ჭამა ძალიან დიდ ხანს გრელდება, რადგან სხვადასხვანაირი ჭამის წესი აქვთ - ერთი ნელა ღეჭავს, მეორე პირიქით, დაუღეჭავად ყლაპავს საჭმელს, დაახლოებით ორ საათს ვხარჯავ, რომ ჭამა ვაკონტროლო. ამასობაში, თუ ამინდი კარგია, სარეცხს მანქანაში ვყრი, რომ ჭამის დასრულების შემდეგ გავაფინო. დღის მანძილზე ძირითად დროს ეზოში ვატარებთ. სახლში ძალაუნებურად ტელევიზორს უყურებენ, და ვცდილობ თავი ავარიდო. სადილის კეთებას 2-3 საათისთვის ვიწყებ. პატარებს ცალკე ვუკეთებ ნაკლებ მარილიანს, სიმწარის გარეშე. საოჯახო სადილი ცალკეა. სადილი ბავშვებისთვის უფრო რთული საჭმელია და მის ჭამას მეტი დრო მიაქვს. სადილის შემდეგ უკვე არ კმაყოფილდებიან ეზოში თამაშით და სახლს გარეთ გავდივართ სასეირნოდ.”

ლელა პროფესიით მათემატიკოსია. დაოჯახებამდე  ქორეოგრაფი იყო. ახლა ორი და სამი წლის გოგოების დედაა. ლელას ქმარი ვანის ერთ-ერთი მუზეუმის დაცვის თანამშრომელია და თითქმის მთელ დღეებს სმენაში ატარებსლელას დღე მთლიანად ბავშვებს და ოჯახის საქმეების მოწესრიგებას უნდება, რადგან ბავშვები ბაღში არ დადიან. სოფელ ჭყვიშში ბაღის არ არსებობის გამო, ყოველდღიურად 4 კილომეტრის გავლა ვერ მოახერხა და ბაღიდან გოგონები რამდენიმე თვეში გამოიყვანა. ქორეოგრაფიასთან დაბრუნებას და სოფლად ქორეოგრაფიული სასწავლებლის გახსნას ბავშვების სასკოლო ასაკიდან გეგმავს, რადგან ფიქრობს, რომ სკოლა მას დღის პირველი ნაწილს გამოუთავისუფლებს.

ლელა - სოფლად მცხოვრები დედა - Communico Society

video-thumbnail Watch on YouTube

საბავშვო ბაღებთან წვდომის პრობლემა საქართველოს სოფლად მცხოვრები ოჯახების მესამედს ეხება[2]. იმ შემთხვევაშიც კი, როცა სოფელში ბაღი არსებობს, ვანის მუნიციპალიტეტში ბაღების დატვირთვა დაბალია. საბავშვო ბაღების გაერთიანების  დირექტორი, წუხს, რომ ვანში დაბადებული ბავშვების ნახევარიც არ დადის ბაღში. მიზეზები გარდა უმუშევარი ოჯახის წევრების თავისუფალი დროის არსებობისა, ბაღების ინფრასტრუქტურულ გაუმართაობასა თუ ხელმიუწვდომლობაში[3] შეიძლება ვეძებოთ. სახელმწიფო ამაზე სტატისტიკას არ აგროვებსლელას შემთხვევაში ბაღიდან ბავშვის გამოყვანის გადაწყვეტილება დაწესებულების სიშორით და ვირუსების სიხშირით იყო გამოწვეული.  მანაც გართულებულ დღის წესრიგს არჩია, ბავშვი სახლში დაეტოვებინა. ასე ებმება ბავშვზე მუდმივი ზრუნვა სოფლად მცხოვრები ქალის ყოველდღიური საქმიანობის სრულ ჯაჭვში: საჭმლის კეთება, გაუთოვება, ჭურჭლის რეცხვა, წყლის მოტანა, ნარჩენების გადაყრა, ძროხის მოწველა, ყველის ამოყვანა, ფრინველების კვება, ბაღზე ზრუნვა და ბევრი წვრილმანი უსახელო საქმე. ბავშვზე ყოველდღიური ზრუნვის საჭიროება ლელას და სხვა ქალებს საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის აუცილებელი თავისუფალი დროის გარეშე ტოვებს.

სოფლად ქალის შრომის აუცილებელი შემადგენელი სახლზე და სახლის საქმეებზე ზრუნვაა, იგივე საოჯახო შრომა. ჩვეულებრივ, საცხოვრებელი პირობები განსაზღვრავს საოჯახო შრომის მოცულობას. ვანში ორსართულიანი სახლების მზიანი, გაშლილი და ლამაზად მოწყობილი სასტუმრო ოთახი თვალს ახარებს, მაგრამ ამავე დროს ცხოვრებისთვის აუცილებელი კომფორტის ნაკლებობაც შესამჩნევია. სახლების სველი წერტილებით, თბილი წყლით, გათბობით აღჭურვა დიდი იშვიათობაა და ქალები საოჯახო შრომას ზედმეტი დროის და ენერგიის ფასად უმკლავდებიან. სახლების უმრავლესობაში აბაზანა ჯერ კიდევ გარეთაა მოწყობილი. გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევა აჩვენებს, რომ შინამეურნეობების დიდ უმრავლესობას, 70%-ზე მეტს, საკანალიზაციო სისტემაზე წვდომა არ აქვს.

საცხოვრებლის კეთილმოწყობაზე არსებული სტატისტიკური მონაცემები გეოგრაფიულად საგანგაშო უთანასწორობაზე მიუთითებს. სოფლად ცხელი წყალი მოსახლეობის მხოლოდ 22%- მიეწოდება, გათბობა კი მხოლოდ 18%-. ამ პირობებში ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორია და რა დრო ჭირდება სადილის მომზადებას, ბავშვის მოვლას, ხანდაზმულზე ზრუნვას. ეს ის საშინაო საქმეებია, რომელსაც ქალები ზრუნვის ვალდებულების ფარგლებში ვეწევით. ამ შრომას მატერიალური სარგებელი არ ანაზღაურებს. მისი საფასური შესაძლებელია, იყოს სიყვარული, დაფასება, მადლიერება, თავის ღირებულად შეგრძნება, რაც მნიშვნელოვანია, თუმცა ცხოვრებისთვის არასაკმარისი; ზრუნვის შრომის განმეორებადი და მძიმე ტვირთი ანაზღაურებადი შრომის საშუალებას არ გვაძლევს და სახლზე მიჯაჭვულს გვხდის.

მძიმე შრომა

მძიმე პირობები და ზრუნვის აუცილებლობა ქალების ჯანმრთელობას ანგრევს. იმ ქალების ნახევარს, რომელსაც ვანში შევხვდი, ერთდროულად რამდენიმე მძიმე და ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს. ქალები ამას შრომის სიმძიმით ხსნიან. რაც უფრო დაბალი შემოსავალი და ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები აქვს ოჯახს, მით უფრო არამდგრადია ქალის ჯანმრთელობა.

მაყვალა დავითაძე, 55 წლისაა და ოთხი შვილის დედაა. ოჯახი სოციალურად დაუცველია.  200 ლარია მათი ყოველთვიური შემოსავალი. მაყვალას ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა აქვს. წამლებში ყოველთვიურად 150 ლარზე მეტს ხარჯავს და ცხოვრება ძალიან უჭირს. „ეს ოთხი შვილი ძროხით გავზარდე. ძროხა გვყავდა და ვწველიდი. ქათამი ბევრი არ გვყოლია, კვება მაგასაც ხომ უნდოდა. საჭმელს უმცროსი ქალიშვილი მიკეთებს, სკოლაში დადის, 17 წლისაა. მეუღლე მიწაზე მუშაობს, ყანა გვაქვს და ხილი. ფაროსანამ გაანადგურა, თორემ თხილიც მოგვყავდა. მინდვრის ფხალი მისით ამოდის ეზოში. სამყოფი არაფერია, პატარ-პატარა მოდის ყველაფერი. ვსუნთქავთ და ისაა.“

მაყვალას მისსავე ეზოში შევხვდით. გადახრილი ღობის მიღმა იდგა და ალუმინის ჯამში ვარდის ფურცლებს აგროვებდა. ვარდის ტკბილ სასმელს რძალს უმზადებს, რომელიც რამდენიმე თვეში სტუმრად ჩამოვა. ღიმილით გვეუბნება, უყვარს დაქალების გამასპინძლება და მინდა, გავახაროო. მაყვალა ოთხი შვილის დედაა, უმცროსი - 17 წლისაა. ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის და ოთხი ოპერაციის გადატანის შემდეგ თავს მხნედ ვერ გრძნობს და ოთახში და ბაღში დიდი სიფრთხილით გადაადგილდება. ბოლოს თირკმლის ოპერაცია გადაიტანა. როგორც ამბობს, ძროხის ბალახობისას ხშირმა დასველებამ თირკმელი დაუავადა.

მაყვალა სოციალურად დაუცველია და თვიური შემოსავალი 200 ლარი აქვს. წამლებში ყოველთვიურად 150 ლარზე მეტს ხარჯავს. ერთ-ერთი ოპერაციისთვის სამომხმარებლო სესხად 800 ლარი გამოიტანა, ვერ გადაიხადა და 3000 ლარზე მეტი აქვს საბანკო ვალი. ჯანმრთელობის გამო მაყვალა ვერ უვლის სახლს, ვერ ამზადებს საკვებს, ვერ შრომობს ბაღში. საოჯახო საქმეების კეთება ახლა ოჯახის უმცროს ქალს, მაყვალას არასრულწლოვან ქალიშვილს დააწვა. სკოლიდან მოსვლის შემდეგ, ახლა ის იწყებს საჭმლის მზადებას.

„150 ლარის წამალი 10 დღეს არ მყოფნის და როგორ დავლიო? ვერ ვსვამ და ვერც ლოგინიდან ვდგები. მრცხვენია, რომ დაულაგებელ სახლში ვწევარ. მთელი დღე ქათამი რომ დაგორავს, ისე ვგორავ.” 

მედეა ადეიშვილი 70 წლის პენსიონერია. ჭყვიშში სასათბურე მეურნეობას ეწევა ქალიშვილთან ერთად. „18 წლის ჩამოსულები ვართ ამ სოფელში. ადრე მაღალმთიან სოფელში ვცხოვრობდით. უგზოობის და ტრანსპორტის გარეშე გვიჭირდა. ბავშვებს 4 კილომეტრი ფეხით უნდა ევლოთ სკოლამდე. იძულებული ვიყავით, ქვემოთ ჩამოვსახლებულიყავით. აქ ცხოვრება ნოლიდან დავიწყეთ, აქაურობას არ ვემდური. ჯანრმთელობამ არ შემიწყო ხელი, თორემ უკეთ ვიცხოვრებდით. თბილისში ექიმთან ყოველ ჩასვლაზე 1000 ლარს ვტოვებ კლინიკაში. 4 წელია ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს.“

მეზობელ სოფელში მედეა ცხოვრობს, ორი შვილის დედაა, 70 წლის პენსიონერი. 18 წლის წინ ვანის მაღალმთიანი სოფლიდან ბარში ჩამოსახლდა, რომ უგზოობისთვის თავი აერიდებინა და ბავშვებისთვის დაწყებითი განათლება მიეცა. ამან მიწაზე მუშაობა გამიმარტივაო, მეუბნება. მედეა მიწაზე ყოველდღიურად შრომობს, ერთ-ერთ ქალიშვილთან, ნანასთან ერთადსასათბურე  მეურნეობას ეწევიან, ბოსტნეული და ხილი მოჰყავთ. როგორც ამბობენ, თვეში 1000-მდე ლარს აგროვებენ. მედეა წუხს, რომ მძიმე სამუშაოს შესრულება ნანასთან ერთად უწევს და ახარებს, რომ მეორე ქალიშვილი მიწასთან შრომას აარიდა, მომსახურების სფეროში მოლარედ მუშაობს და თვეში 300-ლარს უხდიან. ქალების შრომის ნაყოფი ოთხი წელია მედეას მძიმე ჯანმრთელობის პრობლემებს ხმარდება. მედეა ამბობს, რომ თანხის დიდი წილი თბილისში ექიმთან ვიზიტებსა და წამლებში მიდის.

ნათელა თავართქილაძე, 58 წლის. მისი ოჯახი აჭარაში ეროზიულ ზონაში მოხვდა და ვანში, სოფელ ამაღლებაში დასახლდნენ.„17 საქონელი გვყავს. 5-ის მერე სტარტზე ვარ. წუხელ 12-ზე დავწექით რადგან ადრე ბაზარში ვიყავი წამოსასვლელი. 5 შვილი და 9 შვილიშვილი მყავს. ყველას პატივისცემა უნდა. ქმარი მყავს მეორე ჯგუფის ინვალიდი. ავარიაში მოხვდა და შუბლი გატეხილი აქვს. შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ერთმანეთს. ორი სათბური მაქვს, კიტრი პამიდორი მექნება ერთ 10 დღეში. გასავალი მეტი მაქვს ვიდრე შემოსავალი. ჩემზე უკეთ იცით.“

„დილით 5 ძროხას რომ მოწველი და ისე წამოხვალ ბაზარში, მერე ვილაპარაკოთ ყველის ფასზე” - ასე უპასუხა ბაზარში ყველის გასაყიდად გამოსულმა ნათელამ გადამყიდველს, რომელიც ერთ კილო ყველში, რვის ნაცვლად, ექვს ლარს სთავაზობდა. ნათელამ თავი დამცირებულად იგრძნო გაუფასურებული ნაშრომის გამო.

„6 ლარად საქონელთან მისვლა არ მიღირს. 6 ლარად ყველის გაყიდვას, მირჩევნია, აჩმა გავუკეთო შვილიშვილებს. მადლობას მაინც მეტყვიან. 5 შვილი და 9 შვილიშვილი მყავს. ყველას პატივისცემა უნდა.”

ნათელა 17 სულ საქონელს, 3 ღორს, 2 სათბურს და მრავალწევრიან ოჯახს უვლის. ქმარი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, წლებია ბევრით ვერ ეხმარება. ძირითადი შემოსავალი რძის და ყველის გაყიდვით აქვთ. საქმის გასამკლავებლად დილის 5 საათზე დგება. შრომის შედეგი ნათელას ჯანმრთელობაზე ნათლად ჩანს.  ხერხემალი, თირკმელი, მენჯი ნაოპერაციები აქვს. ყველა სხვა შრომასთან ერთად, სახლის შენებისას მძიმე ბლოკების თრევამ დისკოზი განუვითარა და მუდმივად ტანჯავს. 58 წლის ახალგაზრდა ქალი ვარ და ჯანი აღარ მაქვსო, წუხს.

დაკარგული შრომა

ჭყვიშის მოსახლე ვერა ტაბიძე 28 ჰექტარი მიწის მფლობელია. ვერას თევზის მეურნეობა აქვს და მიწაზეც ძირითადად თევზის გამოსაკვები სხვადასხვა პროდუქტი მოჰყავს - იონჯა, ლოკოკინა, ჭიები. ვერიკო სოფლად მარტო ცხოვრობს, ქმარი რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა და შვილს თბილისში საცხოვრებლად აღარ გაჰყვა. მეუბნება, რომ საკუთარ მიწაზე თავს დედოფლად გრძნობს. იგი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მეწარმე ქალია და მისი შრომის დიდი წილიც ანაზღაურდება. ვერა რუსეთში ქალაქ რიზანში გაიზარდა. საქართველოში გათხოვების შემდეგ,  90-იან წლებში ჩამოვიდა. სოფლად პირველი ექსპერიმენტი მამალი ინდაურით წიწილების გამოჩეკვა იყო, რაზეც რუსულენოვან წიგნში ამოიკითხა. ექსპერიმენტზე სოფლის მეზობლებთან მანამ არაფერი თქვა, სანამ ინდაურმა 40 წიწილა არ გამოჩეკა.

ვერა მიყვება, რომ რამდენჯერმე ეცადა სოფლებში ახალგაზრდებისთვის უსასყიდლოდ  გაემართა პრაქტიკული კურსი ამა თუ იმ ცოდნის გასაზიარებლად, მაგრამ ვერავინ დააინტერესა. ვერა სოფლად შრომის ენთუზიაზმის ნაკლებობაზე წუხს. მისი აზრით, სოფლად მცხოვრები ქალი სიახლეებს უფრთხის. მისი შრომის უნარი დიდწილად სამზარეულოში, შვილების აღზრდაში და მსხვილფეხის მოვლაში იხარჯება. ახალგაზრდებს არ ხიბლავთ სოფელში ცხოვრება და უკეთეს ცხოვრებას ქალაქად ეძებენ.

ვერიკო ტაბიძე, მიწების მფლობელი და მსხვილი მეურნეა, წარმოშობით რიაზანიდანაა. 90-იან წლებში დაქორწინდა ვანში. ქმრის გარდაცვალების შემდეგ მარტო უძღვება თევზის მეურნეობას, ასევე აწარმოებს ბუნებრივ სასუქს. "ჩემი გეგმაა, ვანის რაიონში სუფთა პროდუქტი გვქონდეს. არავინ კითხულობს, რატომ გვაქვს ამდენი დაავადება ბავშვებში სოფლად. იმიტომ, რომ ბავშვის მშობლები კიტრის, პამიდორს, მარწყვის და საზამთროს მოსაყვანად ქიმიურ სასუქს ხმარობენ. ჩვენ არ გვჭირდება ეს ყველაფერი რადგან მდიდარია ჩვენი მიწა.“

თბილისში დაბრუნებული, ფონდი ტასოს დამფუძნებელს მარინა თაბუკაშვილს სოფლად განხორციელებული პროგრამების შედეგებზე და სახელმწიფოს როლზე ვესაუბრე. მარინა თითქმის ყველა სახელმწიფო და დონორის მიერ დაფინანსებული პროგრამის თანამონაწილე ან დამკვირვებელია, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს სოფლებში განხორციელდა. მისი თქმით, სახელმწიფო თითქოს ცდილობს სოფლის მხარდაჭერას, მაგრამ ეს მცდელობა სოფლის მოსახლეობამდე არ აღწევს. ოფიციალური სტატისტიკის[4]  მიხედვით, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების შესახებ გამოკითხულთა 60%- არაფერი სმენია, ხოლო იმ 30%-იდან, რომელსაც აქვს ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პროგრამებზე, რეალურად ფინანსური სარგებელი მხოლოდ 6.5 %-მა მიიღო.

“სოფლის გაძლიერების არსებული პროგრამებით ადამიანმა რომ სარგებლობა შეძლოს, ზედმიწევნით უნდა ფლობდეს ციფრული ტექნოლოგიებს და იცოდეს საბანკო ურთიერთობები, რაც სოფლად მცხოვრებმა ადამიანმა იშვიათად იცის. საბოლოოდ ისე გამოდის, რომ ისევ თბილისიდან ჩამოსულები სარგებლობენ ამ შესაძლებლობებით,” - ამბობს მარინა.

სოფლად ამ დრომდე ახსოვთ საქართველოს ეკონომიკის რეფორმატორის კახა ბენდუქიძის მოწოდება სოფელში მცხოვრები მამაკაცები წავიდნენ შავ მუშებად, ქალები კი - მეძავებად!". რამდენიმე წლის წინ სახელმწიფო ასე ესაუბრებოდა სოფლის მაცხოვრებლებს და განვითარების ხედვას არსებული მწირი ბერკეტების მორღვევაში ხედავდა

ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით იმ თაობის ქალებისთვის იყო დამთრგუნველი, რომლებსაც ახსოვთ, რამდენიმე ათწლეულის წინ რამდენად დაუღალავი იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო მანქანა მათი სამუშაო ენერგიის ასათვისებლად.

ვანის ბიბლიოთეკაში 1930-იანი წლების საბჭოთა პროპაგანდისტულ ლიტერატურას გადავაწყდი სასოფლო მეურნეობის კოლექტივიზაციაზე. ავტორი, გვარად ტიტოვა, კოლმეურნეობაში ჩართვის სიკეთეებში ქალების დარწმუნებას ცდილობს. ტექსტში, კარგად ჩანს რამდენად ეფექტურია სახელმწიფოს სტრატეგია, მისთვის სასიკეთოდ გამოათავისუფლოს ქალის შრომის უნარი და დრო. კოოპერატივში გაწევრიანების სანაცვლოდ იგი ქალს ზრუნვის შრომისგან გათავისუფლებას სთავაზობს[5], საერთო სასადილოს მოწყობით ყოველდღიური სამზარეულო რუტინისგან ათავისუფლებს და აგულიანებს, აჯობებს ბავშვებს მოახმაროთ გამოთავისუფლებული დროო. ამასთანავე დღემდე იხსენებენ, რომ კოოპერატივის ფარგლებში გაწეული შრომა ქალს ანაზღაურების გარდა კარიერული წინსვლის საშუალებასაც აძლევდა.[6]

ლილი ერემაიშვილი დიასახლისია, უვლის ინსულტიან მეუღლეს. ზამთარს ოჯახთან ერთად ქუთაისში ატარებს, ზაფხულს - სულორში. ეწევა მებოსტნეობას, მოჰყავს კიტრი, პამიდორი, კარტოფილი, ყველანაირი მწვანილი, ხილი.„საჭმლის გაკეთება ხო იცი ყველას ეზარება და მე მიწევს კეთება. შვილიშვილი მყავს და მჭამელი ბავშვია, რამდენჯერაც არ უნდა მთხოვოს გაკეთება, ვუკეთენ. ჩემი მეზობელი მეუბნებოდა, ნეტა შენ, რომ არ გეზარება საჭმლის კეთებაო. 18 წლის ვიყავი რომ გავთხოვდი. მე და ჩემი ქმარი რომ მარტო წამოვედით საცხოვრებლად დედამთილი თავს იკლავდა. ჩემი ქმარი მშრომელი ბიჭია. მისგან შეყვირება და რამე არ ვიცი რა არის. ჩვენთან არასდროს არსებობდა ეს ჩემია და ეს - სხვისი. ფულს რომ მოვიტანდით სახარჯოს ცალკე დავდებდით და შესანახს ცალკე. მთელი ცხოვრებაა ვმუშაობთ მე და ჩემი მეუღლე, არასდროს გავჩერებულვართ. 35 წლის რომ ვიყავი, უკვე ორი ბინა მქონდა ქალაქში და ორი სოფლად. მიყოლ-მოყოლა თუ არაა ოჯახში არასდროს არაფერი არ იქნება.“

დღეს ვანში და სხვა რაიონებში, ქალის საჭიროებებზე ზრუნვა გენდერულ საბჭოსაა მინდობილი, რომელიც მუნიციპალიტეტის ფარგლებში ფუნქციონირებს. გენდერული საბჭოს დანიშნულება ქალების მხარდაჭერა და მათი პროდუქტიულ დარგებში დასაქმებაა. ვანის გენდერული საბჭოს თავმჯდომარეს, სალომე ფახურიძეს ონლაინ ჩართვით ვესაუბრე. სალომე ვანელი ქალების წარმატების გასაღებს სოფლის ინტერნეტიზაციაში და ქალების ელექტრონულ სივრცეში გააქტიურებაში ხედავს. ფიქრობს, რომ ეს მათ სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის საშუალებას მისცემდა. მათ უნდა შეისწავლონ პროექტის წერა, ბეჭდვა, შეძლონ ინტერნეტით სარგებლობასოფლებში ოჯახების უმრავლესობას კომპიუტერი არ აქვს[7]. პრობლემის გადასაწყვეტად, გამგეობის ინიციატივით სოფლებში ელექტრონული ოთახებია მოწყობილი[8], დაინტერესებულ ქალებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ სივრცეებით.

ძნელად წარმოსადგენია, როგორ უნდა მოახერხოს ქალმა ოჯახის, საქონლის მოვლის, მიწაზე მუშაობის შემდეგ კომპიუტერულ ოთახებს ეწვიოს და ახალი პროექტის ინიციატივაზე იმუშავოს, ფაქტია, ამ დრომდე ასეთი პრეცენდენტი ვანის რაიონში არ დაფიქსირებულა.

სახელმწიფო 2012 წლიდან ხარჯავს ფულს სოფლის განვითარებაში. მისით მოსარგებლეები კი, სოფლის მოსახლეების ნაცვლად, მეტწილად ქალაქიდან სოფლად ჩასული ადამიანები არიან. სოფლის მცხოვრებისთვის კი ამ პროგრამებში ჩართვა, დაბალანაზღაურებად დაქირავებულ შრომაში ჩართვას უფრო გულისხმობს.

შრომა შორს

ვანში ღამის გასათევის პოვნა რთული აღმოჩნდა. ვანის ნაქალაქარის და განახლებული მუზეუმის გამო ვანელები ანტიკური ქალაქით დაინტერესებულ ტურისტებს კი ხშირად ხედავენ, მაგრამ მათგან ვერაფრით ხეირობენ. არც ოთახის გაქირავებაა აქ ჩვეული შემოსავლის წყარო, არც სადილით გამასპინძლება. დაბინავება ცენტრისგან მოშორებით, სოფელ შუაგორაში მდებარე მარანში მოგვიხდა. ჩვენი სასტუმრო-სახლის მეპატრონე ახალგაზრდა ქალია, სახელად მაკა. სასტუმროს და ვენახების პატრონობის გარდა, სრულგანაკვეთიან შრომაშია ჩართული - ექიმია და  ცვლებში მუშაობს. პანდემიის პირობებში ისეც ხდება, რომ რამდენიმე ღამეს მიჯრით ათევს. სასტუმრო-სახლის საქმეს ყოველდღიურად მეზობლად მცხოვრები ახალგაზრდა ქალი მარი უძღვება. მარი ორ ცვლაში მუშაობს ჯერ სახლის საქმეებს მოაგვარებს, დაალაგებს, შვილს გამოკვებავს, ეზოს მოუვლის, სადილს მოამზადებს და შემდეგ სასტუმრო სახლში შრომობს. მისი გამომუშავებული შემოსავალი თვიურად დაახლოებით 1000 ლარია, მაგრამ ეს თანხა ოჯახს არ ყოფნის. მარი ერთადერთი მშრომელია ოჯახში. ქმრის და შვილის საჭიროებების და საბანკო ვალდებულებების გათვალისწინებით ეს თანხა არაფერს წვდება. რამდენიმე თვეა ფიქრობს, ისევ თურქეთში წავიდეს სამუშაოდ.

„17 წლიდან შრომაში ვარ, არასდროს გავჩერებულვარ. თურქეთში ოთხი წელი ვიმუშავე. დროდადრო ჩამოვდიოდი მცირეწლოვან ბავშვთან დროის დასაყოფად. ახლა უფრო მარტივია მისი დატოვება, ენაც ვიცი და ძველი ოჯახიც მელოდება. იქ ოთხ სართულიან სახლს ვალაგებ და 1000 დოლარს მიხდიან. ბევრად მშვიდად ვარ. საქართველოში შრომა ჩემთვის  ბევრად დამღლელია, სულ დაძაბული და ძალაგამოცლილი ვარ. მაგრამ არავინ ცხოვრობს უკეთ, ვანი ქალებისგან დაცლილია. ოჯახი აღარაა, რომ საზღვარგარეთ არ ჰყავდეს წევრი, რომელიც არჩენთ.” 

ქალებს ანაზღაურებადი სამსახური სასიცოცხლოდ სჭირდებათ. ეკონომიკური უძრაობის ფონზე, როცა ყველა სხვა ბერკეტი მოშლილია, ზრუნვის გაყიდვა საზღვარგარეთ ყველაზე შემოსავლიანი აღმოჩნდა  ქართველი ქალისთვის. შედარებით მაღალ ხელფასს ისინი ოჯახების, მეგობრების, ჩვეული საცხოვრებელი გარემოს დათმობის ხარჯზე იღებენ და ეს არჩევანი ხშირად იძულებითი არჩევანია. ამიტომ უწოდებს ემიგრაციაში ზრუნვის მშრომელებს სასკია სასენი ლტოლვილებს, რომელიც ეკონომიკურმა პოლიტიკამ წარმოშვა[9]ემიგრაციაში გაყიდული შრომა, სახლში ზრუნვის დანაკლისს ქმნის. შესაბამისად, მათ ანაცვლებენ სხვა ქალები. ანაზღაურების სანაცვლოდ უვლიან მოხუცებს, სახლებს, ეზოებს, იღებენ მოსავალს.

საქართველოში დარჩენილ სოფლად მცხოვრებ ქალთაგან, ჯერ კიდევ არიან ისეთებიც, რომლებიც არსებულ რეალობაზე მორგებას, ახალი უნარების შესწავლას და სახელმწიფო და დონორთა  პროექტებით სარგებლობას ახერხებენ.

მაია ფიფია ქალების ფონდის დამფუძნებელია. მაია იხსენებს, როგორ შეცვალა მისი ცხოვრება რამდენიმე წლის წინ ფონდი ტასოს ქალთა გაძლიერების პროგრამამ, რომელიც პირველი რამდენიმე თვე მისგან აუნაზღაურებელ შრომას მოითხოვდა. დღეს თვითონ და მის ირგვლივ შემოკრებილი მეზობელი ქალები გეგმავენ და აფინანსებენ ადგილობრივ პროექტებს, რომლებიც სოფლის ქალთა საჭიროებებს პასუხობს - აშენებენ საბავშვო ბაღებს, გაჰყავთ წყალი, აწყობენ გარე განათებას, ნაგავსაყრელი სპორტულ მოედნად აქციეს, მოაწყვეს ბიბლიოთეკა, აშენებენ სკვერებს, მოაწყვეს თოჯინების თეატრი, სამოქალაქო აქტივიზმის სკოლაში ახალგაზრდებს ადგილობრივ გამგეობასთან თანამშრომლობას ასწავლიან, შშმ ბავშვებისთვის საჭირო სერვისებს აჩენენ. მათი მამოძრავებელი საზოგადოებრივი ცხოვრების წყურვილია. ენთუზიაზმიც აქედან მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურებად საქმეში ჩართვა მათ სახლის საქმეებისგან არ ათავისუფლებთ, შესაძლებლობისთანავე იწყებენ შრომას მეორე ცვლაში.

სოფელში შედიხარ, კითხულობ, ვინ ხარ, რას აკეთებ. დაინახავ ანთებულ თვალებს და იწყებ მათთან სამ წლიან მუშაობას.” მიყვება მარინა თაბუკაშვილი, ფონდიტასოსხელმძღვანელი. არასამთავრობოების ადგილობრივების გაძლიერების ხედვა სოფელში ახალი ცოდნის გავრცელებას და ახალი ურთიერთობების გაჩენას ისახავს მიზნად, რათა სოფლის მოსახლეობამ თვითონ შეძლოს საკუთარი საჭიროებებისთვის ბრძოლა. მარინას აზრით, ჩანაფიქრი წარმატებით ხორციელდება და უკვე არსებობს არაერთი ადგილობრივი ქალთა ორგანიზაცია სხვადასხვა რაიონში, რაც სწორედ ქალების ენთუზიაზმით შრომამ გახადა შესაძლებელი. ამ პროექტების პირველადი მიზანი ქალების მობილიზება არ ყოფილა, მაგრამ თავისთავად ასე მოხდა. მამაკაცები პროცესს საწყის ეტაპზევე ეთიშებოდნენ ანაზღაურების არ არსებობის გამო. პროექტის მონაწილე ქალები  ხშირად ამბობენ, რომ ახალ ადამიანებთან შეხვედრის და ცხოვრების ახალი შესაძლებლობების დანახვით, საშინაო შრომის გამკლავებაც უფრო ადვილი ხდება.

დასკვნის სახით

ასეა თუ ისე, ზრუნვის შრომისგან ვერავინ თავისუფლდება. მასთან გამკლავება და ცხოვრებასთან ჰარმონიაში მოყვანა უკეთესი საცხოვრებელი პირობებით, დაბალანსებული სამუშაო დღით, უკეთესი შრომის საშუალებებით წარმომიდგენია. როცა ეს ყველაფერი ხელმიუწვდომელია, ზრუნვის შრომა აუტანელ ვალდებულებად იქცევა. სოფლადაც ასე ხდება, მისგან გაქცევის ილუზიას ვქმნით, სოფლიდან ქალაქად, ქალაქიდან საზღვრებს გარეთ. ზრუნვის შრომის გაყიდვით ვცდილობთ  შემოსავალი გავიჩინოთ იქ, სადაც ზრუნვის შრომისგან გათავისუფლება გადაწყვიტეს.

ჩემი კვლევის სევდიანი მიგნება ისაა, რომ საქართველოს ლამაზ სოფლებში ქალები ვერ ტკბებიან მიწის ნაყოფით, ძროხის წველით, წვრილფეხის დაპურებით - მათთვის ეს ყველაფერი მძიმე ტვირთად ქცეულა. მიწასთან დარჩენა ახალგაზრდა სოფლად მცხოვრები ქალისთვის დამარცხების ტოლფასია.  

 

კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.


[1] მერაბ კაკულია, ნოდარ კაპანაძე, (2018) Საშუალო კლასი საქართველოში რაოდენობრივი შეფასება დინამიკა და პროფილი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი

[2] გაეროს ქალთა ორგანიზაცია, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფონდი. 2016, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი განვითარების სისტემების გენდერული შეფასება. https://bit.ly/3xodqLJ

[3]გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 2016, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი განვითარების სისტემების გენდერული შეფასება https://bit.ly/3FGKcdI

[4] ყარო N2

[5] ტიტოვა, (1930) Სასოფლო მეურნეობის კოლექტივიზაცია და გლეხი ქალი. რომა ტფილისი

[6] თამთა მელაშვილი, (2021) ემანსიპაციისა და ექსპლუატაციის მიღმა: ქალები საბჭოთა საქართველოს კოლექტიურ მეურნეობებში, სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

[7] ყარო N1

[8]  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), 2018, გენდერი, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, ქვეყნის გენდერული შეფასების სერია, რომი.

[9] ასკია სასენი (2021). განდევნები. სისასტიკე და კომპლექსურობა მსოფლიო ეკონომიკაში (ჭანტურია, გ. მთრგ). ალტერბრიჯი.