ქალები და ისტორია
წინასიტყვაობა
წლების განმავლობაში, ქალებს ყოველდღიურ ცხოვრებაში უწევდათ სხვადასხვა როლის შეთავსება – დედის, ოჯახების მარჩენლის, მშრომელის და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს როლები ყოველთვის მიიჩნეოდა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად, ისინი იშვიათად იქცევდა ყურადღებას საჯარო დისკურსში. ქალებს ხშირად უწევთ სხვადასხვა სამუშაოს ერთდროულად კეთება და, ამავე დროს, სრულყოფილი დედის, მეუღლისა და მშრომელის საჯარო იმიჯის შენარჩუნება. გლობალურმა პანდემიამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ოჯახში, ეკონომიკურ ცხოვრებასა და, ზოგადად, ყოველდღიურ ცხოვრებაში გენდერული როლების გადანაწილების მნიშვნელობა. მართალია, დრო იცვლება, თუმცა გამოწვევები მსგავსია – ქალების როლი საზოგადოების ფუნქციონირებაში კვლავ უხილავი რჩება.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი არის გენდერული დემოკრატიის მუდმივი მხარდამჭერი მრავალი აქტივობის ფარგლებში, რომელსაც ის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში ახორციელებს. ეს აქტივობები ასევე მოიცავს პუბლიკაციებსა და ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს გენდერულ საკითხებზე ადგილობრივი დისკურსების გამრავალფეროვნებას.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისისა და კიევის ოფისების ერთობლივი პროექტის მთავარი იდეა არის საჯარო დისკუსიის ხელშეწყობა ქალებისა და ისტორიის თემაზე. წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც მხარს უჭერდა ქალების ისტორიის კვლევას, განხორციელდა როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, მიუხედავად ამისა, უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი და საჭირო ამ მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პროექტი ხელს შეუწყობს ამ პროცესს.
წლევანდელი საპილოტო პროექტი ორ ქვეყანას – საქართველოსა და უკრაინას მოიცავს. ამ ქვეყნების შესახებ დაწერილ სტატიებზე დაყრდნობით, ჩვენ გვსურს მოგიწვიოთ, რათა გავაანალიზოთ ქალების შინშრომის და პროფესიული ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი. საკვლევი თემა – ქალების შინშრომა და პროფესიული ცხოვრება გვიან საბჭოთა პერიოდში (1970-იანი და 1980-იანი წლები) – გადაწყდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პარტნიორებთან დისკუსიების შედეგად, რისთვისაც განსაკუთრებით მადლიერები ვართ.
ჩვენ კონკრეტულად გვაინტერესებდა შემდეგი საკითხები:
• როგორი იყო ქალთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა სახელმწიფო სოციალიზმის პირობებში 1970-1980-იან წლებში (მაგ.: ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების პოლიტიკა, დირექტივები, რომლებიც ეხებოდა ქალების თანაბარ მონაწილეობას შრომის ბაზარზე, ფულადი და ინსტიტუციური მხარდაჭერა ბავშვების აღზრდისთვის და სხვა).
• რა წინაპირობები არსებობდა ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და შრომის ბაზარზე ჩართვისთვის?
• სექსუალობის დისკურსები ბრეჟნევის პერიოდში: როგორ იცვლებოდა ეს დისკურსები, როდესაც იკვეთებოდა ადგილობრივ კულტურულ და ნაციონალისტურ ასპექტებთან? რა გავლენას ახდენდა სექსუალობის დისკურსები ქალებზე და როგორ ხდებოდა მათი მხრიდან დისციპლინური პრაქტიკების ინტერნალიზება?
საკვლევი პერიოდი – 1970-1980-იანი წლები შეირჩა, რათა, ერთი მხრივ, შეგვესწავლა ახლო წარსულში მიმდინარე მოვლენები და პრაქტიკები, ხოლო, მეორე მხრივ, დისკუსიების დროს გამოჩნდა, რომ ეს პერიოდი არ იყო სათანადოდ შესწავლილი და მეტ კვლევას საჭიროებდა.
თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა პუბლიკაცია, რომელშიც ორივე ქვეყნიდან სულ ოთხი სტატიაა შესული (ორი სტატია თითოეული ქვეყნიდან). ისინი გაერთიანდა საერთო თემის ქვეშ: ყოველდღიური ცხოვრების გენდერული პერსპექტივები.
საქართველოსა და უკრაინას საკმაოდ ბევრი აქვთ საერთო, მათ შორის, მსგავსი ყოველდღიური პრაქტიკები და ბოლო ათწლეულებში საკმაოდ აქტიური ტრანსფორმაციული პროცესები, რომლებიც ორივე ქვეყანაში მიმდინარეობდა. პუბლიკაციაში წარმოდგენილი კვლევითი სტატიები შეგვიძლია მივიჩნიოთ საწყის წერტილად უფრო მეტი რეგიონული და თემატური თანამშრომლობისთვის, რომელიც შესაძლოა ჩამოყალიბდესმკვლევრებისა და მეცნიერების ფართო წრეებს შორის, ასევე, სხვა ქვეყნების წარმომადგენლების ჩართვით (მაგ.: სომხეთიდან, ბელარუსიდან და სხვა). ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს მეხსიერების პოლიტიკაზე ფემინისტი მკვლევრების რეგიონული ქსელის გაფართოებას და გააძლიერებს მათ შორის თანამშრომლობას. ასევე, იმედი გვაქვს, რომ მომავალში სხვა საკითხების შესწავლის შესაძლებლობაც გვექნება, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს მწერალ ქალებს, საპროტესტო გამოსვლებს/აქტივიზმს, 1990-იანი წლებიდან მოყოლებულ ომის გამოცდილებებს და სხვა. პუბლიკაცია შესაძლოა საინტერესო იყოს სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და მეცნიერებისთვის, რომლებიც მუშაობენ ისტორიის და გენდერის კვლევების კუთხით. იმედი გვაქვს, რომ წარსულისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და შესაბამისი ანალიზი არა მხოლოდ გააძლიერებს თანამშრომლობას, არამედ ასევე შეცვლის ნარატივებს ისტორიაში ქალების როლის შესახებ.
ლილია ჩიხლაძე, პროგრამის კოორდინატორი,
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი – სამხრეთ კავკასიის რეგიონი
სოფია ოლინიკი, პროგრამის კოორდინატორი,
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის კიევის ოფისი – უკრაინა
Product details
Table of contents
წინასიტყვაობა - 4
„პროფკავშირებიც დიდ სამუშაოს ასრულებენ ამ მიმართულებით“: შრომითი პოლიტიკა და ქალთა შრომის გენდერული საკითხები უკრაინაში 1970-იანი წლები – 1980-იანი წლების დასაწყისი - 7
ოლგა გნიდიუკი
თეთრი ხალათი და ბეწვის ქურქი: მეტალურგ ქალთა ცხოვრების ისტორია გვიან სოციალიზმში - 21
თამარ ქებურია
უკრაინელი ქალები საბჭოთა ჩრდილოვანი სასურსათო ბაზრის შექმნაში (1970-იანი წლები – 1980-იანი წლების შუა პერიოდი) - 40
ოლენა სტიაჟკინა
ბრეჟნევის ეპოქის ქართული დისკურსი სექსუალობაზე - 54
ალა პარუნოვა