ვინ ზრუნავს მასწავლებელზე?

რას გულისხმობს და რაში ვლინდება მასწავლებლის ზრუნვის შრომა, რა ღირებულებას ქმნის მასწავლებელი, როგორ უყურებენ ისინი თავიანთ სამუშაოს, როგორ აფასებს სახელმწიფო მასწავლებლის ზრუნვის შრომას. 

ილუსტრაცია

9 მარტს კლასში რომ შევედი, ჩემი პირველი მასწავლებელი, მარიკა ბეროძე, მერხთან იდგა, ღიმილით და სიხარულით სავსე მიყურებდა. მეორე გაკვეთილის ბოლოს რამდენიმე წუთი გამოითავისუფლა, რომ ბავშვებთან ერთად დაბადების დღე მოელოცა ჩემთვის. ჩვენი დიალოგები უცვლელად ჩაიწერა ფურცელზე და ვარდისფერკაბიან ბარბის თოჯინასთან ერთად მაჩუქა. 1996 წელი იყო, სიცივის, უშუქობის, სევდის წელი. ამ წელს მამა მომიკვდა. გვიან მივხვდი, რომ იმ დღეს მარიკამ დღესასწაული მომიწყო. მე მადლობა არასდროს მითქვამს, ამიტომ ამ წერილს მადლობით დავიწყებ.

ნიუ-იორკ ტაიმსის“ სტატია ჰყვება რამდენიმე წლის წინ ამერიკაში სოციალური ქსელით აგორებულ მადლობის ტალღაზე, რომელიც მასწავლებლებს ეძღვნება. ყოფილმა მოსწავლეებმა, უკვე ასაკში შესულებმა, დაიწყეს თავიანთი მასწავლებლების ძებნა და მათთვის შეტყობინებების გაგზავნა. მათ ახსოვდათ ის მასწავლებლები, რომლებმაც თავისივე ოჯახის მსხვერპლობისგან გადაარჩინეს,  განათლების სურვილი გაუჩინეს, ისტორია ან მათემატიკა შეასწავლეს, მომავლის იმედი ჩაუსახეს და ასე უსასრულოდ. 30, 40 წლის ადამიანები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ეძებდნენ და პოულობდნენ მასწავლებლებს მადლობის გადასახდელად. შრომით დაღლილი, უკვე ხნიერი მასწავლებლები კი თავს ღირსეულად გრძნობდნენ ვირტუალურ ფანჯარაში, საიდანაც მადლიერების ნაკადული მოედინებოდა.  

ზრუნვის ქვეითი მხედრები

ჩემი მიზანი იყო ამეხსნა, რას გულისხმობს და რაში ვლინდება მასწავლებლის ზრუნვის შრომა, რა ღირებულებას ქმნის მასწავლებელი, როგორ უყურებენ ისინი თავიანთ სამუშაოს, როგორ აფასებს სახელმწიფო მასწავლებლის ზრუნვის შრომას. ამ კითხვებით დავიწყე სტატიაზე მუშაობა.

მასწავლებლობა ზრუნვის შრომაა და ის ემოციების ორმხრივ გაცვლაზე დგას.

მასწავლებლის ზრუნვა სხვადასხვა ფორმით ვლინდება: ზრუნვა, როგორც თავის მიძღვნა; ზრუნვა, როგორც ფიზიკური მოვლა-პატრონობა, ზრუნვა, როგორც სიყვარულის გამოხატვა (მაგალითად, ჩახუტება), ზრუნვა, როგორც მშობლობა და ზრუნვა, როგორც დედობა[1].

თვითონ ზრუნვა კი ჩვეულებრივი ემოციების ერთობაა, როგორიცაა სიყვარული, სიხარული, დამნაშავეობის შეგრძნება, ემპათია, სხვების მიმართ კეთილგანწყობა. თუმცა, ეს შეგრძნებები  პერსონალური კი არ არის, არამედ ორმხრივია, ზრუნვის ობიექტთან გაზიარებული[2]. მასწავლებლის ზრუნვა მთელი თავისი სისავსით დაწყებით განათლებაში ვლინდება და მთელ სასწავლო პროცესს გასდევს. ურთიერთობის „აფექტური მიჯაჭვულობა“[3] დაწყებითი კლასების მასწავლებლების შრომის მახასიათებელია.

ჩემ მიერ გამოკითხული მასწავლებლები[4] სხვადასხვა სივრცეში, განსხვავებულ პირობებში ასწავლიან - დედაქალაქსა და რეგიონებში, კერძო და საჯარო სკოლებში, თუმცა ყველა მათგანი მასწავლებლის პროფესიას მოსწავლეებთან ურთიერთობის გავლით, უშუალოდ მათზე ზრუნვის პროცესში აფასებს.

ყოველ წუთს ფიქრობ ბავშვებზე, რით გაახარო, რა გაუკეთო“. - ქეთევანი

„ბავშვის ერთი ჩახუტება ყველაფერს გავიწყებს. ბავშვი როცა იტყვის გაკვეთილზე, ნეტა არ დამთავრებულიყოო, ყველაფერს ნიშნავს და ყველანაირ დაღლილობას მავიწყებს“. - ლია

„როცა თვალებში უყურებ ბავშვს, ხვდები, რომ ვიღაცას შეიძლება მატერიალური მხარდაჭერა სჭირდება, ზოგს ემოციური. მუდმივ მზადყოფნაში ხარ“. - ლია

„მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი“ - სკოლის ასაკში ორივე მშობლით დაობლებულმა იოსებ ნონეშვილმა თითქოს სამუდამოდ დააკავშირა მასწავლებლობა დედობასთან. იოსები ამ სიტყვებით ქართულის მასწავლებელს, ვარო ვარდიაშვილს იხსენებს - „ზოგჯერ, გაკვეთილზე, ფიქრებში წასულს, ვარო მასწავლებელი თავზე ხელს გადამისვამდა და, უთქმელად, უსიტყვოდ გამომიყვანდა ბავშვური წუხილიდანო“.

მაგრამ რა არის დედობა, რომელთანაც ასე ხშირად იგივდება მასწავლებლის შრომა, უფრო ზუსტად კი, არის მასწავლებლობა დედობა? სოციოლოგი პიტერ ვუდსი მასწავლებლის მშობლური ზრუნვის აღწერისას აღნიშნავს: „მასწავლებლის წინაშე მუდმივად დგას მოსწავლეებთან ეფექტური ემოციური სიახლოვის და მათი მართვისა და ქცევის კონტროლის დილემა“. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომლის გამოც მასწავლებლობა არ არის დედობა.

დედობასთან მასწავლებლობის გაიგივება უგულებელყოფს მასწავლებლის საზოგადოებრივ როლს, რომელიც, გარკვეულწილად, დედისგან თავის დაღწევის შესაძლებლობაშიც ვლინდება. მასწავლებლის გავლენა ბავშვისთვის დედის ზეგავლენის შესუსტების შესაძლებლობაცაა. მასწავლებელი სახელმწიფოსთვის შესაძლებელს ხდის, ოჯახისგან დამოუკიდებლად იზრუნოს მოქალაქესა და მის განვითარებაზე. მასწავლებლები ამ როლს სრულად იაზრებენ.

„სკოლას მივატოვებ-მეთქი, ვიფიქრებ და ისეთი ბავშვი გამოჩნდება, გული გაგისკდება, ის რომ მიატოვო. დედა ვერ ხვდება, რომ რაღაც ძალიან დიდი აკლდება“, - ამბობს სოფელ ყუმურის ხელოვნების მასწავლებელი ქეთევანი.

„ერთი წელი მე-5-მე-6 კლასებში შევდიოდი, სადაც ბევრი სოციალურად დაუცველი ბავშვი სწავლობდა. სულ მიწევდა ფსიქოლოგიურად ბრძოლა - მინდოდა დაენახათ, რომ მათ ყველაფერი შეეძლოთ“, - ლია, ხაშურის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი.

ქეთევან ადეიშვილი - მასწავლებელი - Communico Society

video-thumbnail Watch on YouTube

არის კი შესაძლებელი, რომ მასწავლებლის ზრუნვის შრომა და საგაკვეთილო შრომა (უშუალოდ ცოდნის გადაცემის პროცესი) ერთმანეთისგან გავმიჯნოთ? ვფიქრობ, ამგვარი დაყოფა შეუძლებელია. ეს ორი მხოლოდ ერთად და ერთმანეთში არსებობს. და, შესაძლოა, სწორედ ამით ხდება შრომის ზრუნვის ნაწილი დაუფასებელი და აუნაზღაურებელი, რადგან უჩინარია. საგაკვეთილო საათების დათვლა შესაძლებელია, ზრუნვისა - არა.

სახელმწიფო და მასწავლებელი

მაგრამ რა მოვუხერხოთ იმას, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები მასწავლებლისგან მხოლოდ ცოდნის გადაცემას არ მოითხოვს?

თუ რას ელის სახელმწიფო მასწავლებლისგან, „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ დოკუმენტი განსაზღვრავს, რომელიც 2004 წელს მთავრობის მიერაა შედგენილი და რომელშიც წერია: „განათლების სისტემა უვითარებს მოზარდს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მოსწავლეებს უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში“. დოკუმენტში გადმოცემული ამ ზოგადი მიზნის მიღწევისათვის აუცილებელია: (1) ქვეყნის ინტერესების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, (2) ბუნებისა და გარემოს შენარჩუნება, (3) ინფორმაციის მოპოვების, დახარისხებისა და ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობა, (4) დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი, (5) შემოქმედებითობა მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შექმნაში, (6) უწყვეტი განვითარებისკენ სწრაფვა, (6) კომუნიკაციის შესაძლებლობა ჯგუფებთან და ინდივიდუალურ დონეზე, (7) კანონმორჩილება.

ეს ჩამონათვალი ცხადყოფს, რომ მასწავლებლის მთავარი მოვალეობა ისეთი მოქალაქის აღზრდაა, რომელსაც ცხოვრების, ძიების, აღმოჩენის, შრომის უნარი აქვს და მზადაა ამ შრომის გასაწევად.  

„ძალიან ვამტყუნებ სახელმწიფოს. სახელმწიფო მასწავლებლისგან ითხოვს, ისეთი მოქალაქე გაუზარდოს, რომელიც მის ქვეყანას გამოადგება, მაგრამ თვითონ არ ზრუნავს მოქალაქეზე. როდესაც ხედავ, რომ ოჯახს უჭირს, აღარც დედაა ჭკუაზე და არც მამა, ბავშვებს სცემენ, ასეთი მშობლები უნდა დაასაქმო და მეთვალყურეობის ქვეშ გყავდეს. მხოლოდ ზედამხედველობა, ცოცხლები არიან თუ არა, ამ ოჯახებს არაფერში ეხმარებათ. მეორე-მესამე გაკვეთილზე რომ ბავშვი მოდის და გეუბნება, რომ მუცელი სტკივა, შენ უკვე იცი, რომ მას შია. თითქმის ყოველდღე ვაძლევდი ბავშვს თანხას, რომ საკვები ეყიდა ან ფუნთუშა მიმქონდა, რომ ამ დროს მიმეცა მისთვის“. - ლია

დევიდ ჰარვი მასწავლებლებისთვის მიძღვნილ ვრცელ წერილში[5] მათ შრომას ყველა სხვა სახის შრომისგან მიჯნავს და ამბობს, რომ მასწავლებლები, სხვათაგან განსხვავებით, ქმნიან არა ღირებულებას, არამედ ღირებულების შექმნის შესაძლებლობას. სურვილს, რომელიც ადამიანს შრომისა და შემოქმედებისაკენ უბიძგებს. ეს მზაობა აქცევს ადამიანს შრომისუნარიან მოქალაქედ და აქმნევინებს ფასეულობას, მიუხედავად იმისა, ვისთვის იქმნება ის, პირადი ინტერესისთვის თუ დამსაქმებლისთვის, სხვის მიერ ორგანიზებული თუ მისივე წარმოებული საქმის ფარგლებში. მასწავლებლების ყოველდღიური შრომა შესაძლებელს ხდის გვქონდეს არა მხოლოდ სურვილი და მზაობა ღირებულების შესაქმნელად, არამედ შესაბამისი ცოდნა და უნარიც. აშკარაა, რომ მასწავლებლობა სახელმწიფოებრიობის გარანტია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფოსთვის მასწავლებელია ერთადერთი საყრდენი შრომისუნარიანი მოქალაქის აღსაზრდელად.

„მე ჩემი ქვეყნის მომავალს ვუყურებ თვალებში“, - ასე აღწერს ლია თავის ყოველდღიურ სამუშაოს. ლია ახალგაზრდა მასწავლებელია. ის ამბობს, რომ მისგან, როგორც წარმატებული მოსწავლისგან, მასწავლებლობას არავინ ელოდა, რადგან ეს პროფესია ნაკლებად პოპულარული იყო. ლიას არ ჰყოლია მისაბაძი მასწავლებელი. პირიქით, ამ პროფესიაზე ფიქრი სწორედ ზრუნვის დანაკლისით დაიწყო - ეძებდა და ვერ იპოვა ის, ვინც საკმარისად გაამხნევებდა, თავისი თავის რწმენას გაუჩენდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თვითონ გახდა ასეთი მასწავლებელი და უკვე მესამე სადამრიგებლო ჯგუფს ზრდის. ცოტა ხნის წინ მას რაიონის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო გადასცეს.

„ერთხელ ასეთი სავარჯიშო შევიტანე კლასში: ფურცელზე ამოვბეჭდე თვისებები, ყველას შეეძლო სასურველი თვისება აერჩია. მე თვითონ იუმორი ავარჩიე, რადგან არ მაქვს იუმორის გრძნობა. ერთმა ბავშვმა აიღო ფურცელი, რომელზეც გადაწყვეტილების მიღების უნარი ეწერა, და თქვა, რომ სახლში მის აზრს არ ითვალისწინებდნენ. მე, რა თქმა უნდა, მშობელს ამაზე მოვუყევი და ვთხოვე, დამხმარებოდა. რამდენიმე დღის მერე ბავშვი გაფართოებული თვალებით მოვიდა და მომიყვა, რომ სახლში კედლის ფერი აარჩევინეს რემონტის კეთებისას. უბედნიერესი იყო. არც ვიცი, სხვა რა ჯილდო უნდა მიმეცა, რომ ასეთი ბედნიერი მენახა“.

მასწავლებლის ზრუნვის შრომის მნიშვნელობა ეკონომიკურ სიდუხჭირეში უფრო თვალსაჩინო ხდება. სკოლასა თუ სახლში არსებული გაჭირვებისა და რესურსების დანაკლისის გამო, მასწავლებლებს უწევთ თავიანთ თავზე აიღონ სწავლის პროცესის ორგანიზება. საკუთარი დანახარჯით შეიძინონ ან სახლიდან მოიტანონ საკვები, სასკოლო ნივთები, ხშირად - ტანსაცმელი, საჩუქრები და სხვა უამრავი რამ იმისთვის, რომ სკოლაში სწავლა შესაძლებელი გახდეს.

„პირველ კლასში, რომელიც მომცეს, ისე გადაანაწილეს ბავშვები, რომ 15-დან 9 სოციალურად დაუცველი იყო. ჩემს შვილებს თუ რამე დაუპატარავდებოდათ, ერთი სული მქონდა, წამეღო. რვეულებზე, წიგნებზე ხომ ლაპარაკი არ მაქვს, იმდენჯერ მიყიდია ბავშვებისთვის, მაგრამ მე ამ კლასით იმხელა შედეგებს მივაღწიე, დიდი მოტივაცია მომეცა. ესენი რომ ასეთი მისახედები იყვნენ, ფსიქოლოგიურად, ემოციურად თუ სოციალურად, მე უფრო მეტი მუშაობა მომიწია და, როგორც მასწავლებელი, გავიზარდე“. - ლია

„მეათე სკოლაში, დიფუზია რომ მეჩვენებინა ბავშვებისთვის, ჩანთით დამქონდა შპრიცი, მენზურა, კალიუმის პერმანგანატი. ვიღაცას რომ ქუჩაში გავეჩერებინე და ეს ნივთები ამოელაგებინა, ძალიან სასაცილო იქნებოდა“. - ქეთევანი, ფიზიკის მასწავლებელი, თბილისი.

7 რესპონდენტიდან 5-მა სახლიდან სკოლაში სხვადასხვა ნივთის წაღების პრაქტიკა ახსენა, რაც, დიდწილად, საჯარო სკოლებში სასკოლო ინფრასტრუქტურის დანაკლისითაა გამოწვეული.

„რამდენი საათი მუშაობთ დღეში?“ - „24 საათი“, მპასუხობს გიორგი, რომელიც თბილისის კერძო სკოლაში ხელოვნებას ასწავლის. მასწავლებლები გვიყვებიან, რამდენ არასამუშაო საათს ითვალისწინებს მოსწავლეების მიმართ განსაკუთრებული ზრუნვა.

„ზოგს ჰგონია, მასწავლებლობა რა კარგი პროფესიაა, შაბათ-კვირას ისვენებ, მთელი ზაფხული დასვენებაა. მაგრამ მთლად ასეც არ არის. მე დასვენების დროსაც ვმუშაობ. მთაში ვარ და მთის ქვებს ვაგროვებ ბავშვებისთვის, ზღვაზე ნიჟარებს და ბარში ხავსს. სულ რაღაცის შემგროვებელი ვარ. პირველყოფილური შემგროვებლობის გამოცდილება აქვს ამ მასწავლებლობას“. - გიორგი

ხშირად ზრუნვა ხდება სასწავლო პროცესით ბავშვის დაინტერესების შესაძლებლობაც. ის ამავე დროს  მასწავლებლის წარმატების პირობაცაა. განათლების სისტემა მასწავლებლის პროფესიულ კომპეტენციას კლასის საშუალო მოსწრებით აფასებს: რაც უფრო მაღალია მოსწავლეთა მოსწრება, მით უფრო წარმატებულია მასწავლებელი. მეთოდები კი ამ შედეგების მისაღწევად მასწავლებლის მცდელობას და ზრუნვის შრომასაა მინდობილი და მას ეფუძნება.

„მე არ ვარ მკაცრი და ჯოხით მდგომი მასწავლებელი. როცა ზრუნავ და ამას ბავშვი ხედავს, თავისთავად ზედმეტი მცდელობა არ გჭირდება, რომ ბავშვმა მოგისმინოს. ყოველდღე რომ მხედავდნენ, დატვირთული მივდიოდი კლასში, სწავლისთვის სხვანაირად განეწყობოდნენ. კიდევ კარგი, მანქანა მყავს, თორემ ამდენ ნივთს სკოლამდე ვერაფრით მივიტანდი. ოჯახიდან აკიდებული ღუმლით, პროდუქტებით და ათასი რამით რომ კლასში შევდივარ, იმისთვის რომ დავაცხოთ, ხვდებიან, რომ მათზე ვზრუნავ. ჩემთვის ეს ყველაფერია, ისე მომყვებიან ამის მერე ბავშვები“. - ლია

თუმცა, ღარიბ ქვეყნებში, სადაც ბავშვები სხვადასხვაგვარი ზრუნვის დანაკლისის პირობებში იზრდებიან, მასწავლებლის ზრუნვის შრომა არ არის საკმარისი განათლებაში მაღალი შედეგების მისაღწევად. მართალია, მასწავლებლის მუდმივი მცდელობა და გაორმაგებული მუშაობა შედეგს აუმჯობესებს, მაგრამ არასაკმარისად. ამ ფენომენს, რომელიც სახელმწიფო ზრუნვის დანაკლისის პირობებში ვლინდება და მასწავლებლების მოხალისეობრივ, აუნაზღაურებელ და დაუნახავ შრომაზე დგას, „სიღარიბის პედაგოგიკას“ უწოდებენ[6]. მაშინ, როცა მოსწავლე სოციალური კონტექსტის გარდაუვალობის მსხვერპლია, მასწავლებლები საკუთარ თავზე იღებენ მსხვერპლის უსაფრთხოებას და იქცევიან „ზრუნვის ქვეით მხედრებად“[7], იმის მიუხედავად, რომ მათ ამის შესაბამისი არც განათლება აქვთ და არც გადამზადება გაუვლიათ. სკოლა არ ავალდებულებს მათ ამ შრომის გაწევას, არ აღიარებს მას და არც ანაზღაურებს. აი, ამით ჰგავს, - როგორც ვუდსი განმარტავს, - მასწავლებლობა დედობას.

რისთვის უხდიან მასწავლებელს?

მასწავლებლის შრომის ანაზღაურების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მრავალი (ყოფილი) მინისტრიდან ერთ-ერთის, თამარ სანიკიძის მიერ დამტკიცებული 126-ე ბრძანება ადგენს. ბრძანების მიხედვით, მასწავლებლის ხელფასი დაანგარიშდება საგაკვეთილო საათების მიხედვით და არა სკოლაში გატარებული დროის მიხედვით. ანაზღაურების ამ წესით, საგაკვეთილო საათებს მიღმა მასწავლებლის მიერ გაწეული შრომა, მაგალითად, გაკვეთილის დაგეგმვა და მომზადება, მშობელთან ურთიერთობა, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციასთან შეხვედრები და სხვა, არ ანაზღაურდება. მასწავლებლები თვლიან, რომ ყველა ამ საქმიანობისთვის ხელფასს უნდა იღებდნენ.

ცოტა ხნის წინ, პროფესიული სტატუსის მინიჭების საფუძველზე, მასწავლებლებს ხელფასი გაუზარდეს. პედაგოგებს, რომლებიც წამყვანი მასწავლებლის სტატუსს იღებენ, სახელფასო დანამატი ენიშნებათ. თუმცა, სტატუსის მინიჭება სულაც არ ნიშნავს მასწავლებლისადმი ღირსეულ მოპყრობას.

 „მასწავლებლები სახელმწიფოსგან უპატივცემულო დამოკიდებულებას ვგრძნობთ. სახელმწიფო თვლის, რომ დაუმსახურებლად მივიღეთ წამყვანობის ან მენტორობის სტატუსები და ცდილობენ სხვადასხვა ბიუროკრატიული საქმიანობით დამატებით დაგვტვირთონ, რომ გაზრდილი ხელფასი გაამართლონ“, - ამბობს ლია.

სისტემის მხრიდან მასწავლებლებზე ზეწოლა კიდევ უფრო მძიმეა კომპეტენციის ვერდადასტურების შემთხვევაში. „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დირექტორის ყოფილი მოადგილე, მანანა რატიანი, ღირსებაშემლახველად აფასებს სახელმწიფოს მხრიდან იმ მასწავლებლების მიმართ დამოკიდებულებას, რომლებმაც კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ვერ ან არ ჩააბარეს. სახელმწიფო მათ ყოველწლიურად უვადებს ხელშეკრულებას და, ამასთან, არ აძლევს გადამზადების და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას. ამ მდგომარეობაში მასწავლებლები პოლიტიკური შანტაჟის ობიექტებად იქცევიან.

„მასწავლებელი აღიქმება, როგორც ინსტრუმენტი რაღაც შედეგის მიღწევისა, და არ ითვალისწინებენ, რომ მასწავლებელს სჭირდება ნდობა, მხარდაჭერა, დაფასება, სარგებლის გამონახვა, დიფერენცირებული მიდგომა, აღიარება, რეალური უკუკავშირის მიცემა. ეს ყველაფერი თუ არ ექნება მასწავლებელს, უკეთესი განათლების სისტემა არ გვექნება. ერთი მხრივ, აღიარებენ, რომ მასწავლებელია, ვინც განაპირობებს სისტემის წარმატებას და, ამავე დროს, უმატებენ და უმატებენ ტვირთს, იმის ნაცვლად, რომ მხარდაჭერა გამოუცხადონ“, - ამბობს მანანა რატიანი.

მასწავლებლების ზრუნვის შრომის უხილავი ნაწილია მშობლებთან კომუნიკაციაც. საგანმანათლებლო სისტემა მასწავლებელს ასწავლის მშობელთან კომუნიკაციის მნიშვნელობას და უმეორებს, რომ საგანმანათლებლო პროცესი მშობლის, მასწავლებლისა და ბავშვის სამკუთხედზე დგას. და, ამავდროულად, მშობლებთან ურთიერთობას მთლიანად მასწავლებელს მიანდობს. მასწავლებლებს თვითონ უწევთ გამოიგონონ ეფექტური ფორმები, გამოძებნონ არასამუშაო დრო და, ხშირად, არარსებული სივრცე მშობლებთან კომუნიკაციისთვის. „მშობელთა ასოციაციის“ დირექტორის, მეგი კავთუაშვილის აზრით, მშობლებთან ურთიერთობის წესის არარსებობა აზარალებს მშობელს, ბავშვსა და მასწავლებელს. ამ პროცესის უსისტემობის და შრომის აუნაზღაურებლობის პირობებში, მასწავლებლები თავს არიდებენ მშობლებთან კომუნიკაციას. ყოველი ახალი მშობლის გაცნობა მასწავლებლისთვის დამატებით აუნაზღაურებელ შრომას გულისხმობს. მეგის დაკვირვებით, ეს საკითხი მშობლებისთვისაც მტკივნეულად აღიქმება. მშობლები უპირველესად ბავშვის და თავიანთ ინტერესებს ითვალისწინებენ. თუ მასწავლებელი იტყვის, რომ 9-დან 6 საათამდე მუშაობს, იმთავითვე ითვლება, რომ ის ან ცუდი მასწავლებელია, ან კომუნიკაციის უნარი არ გააჩნია. მშობლები ვერ ითვალისწინებენ (და ხშირად სამართლიანად), რომ მასწავლებლებს არ აქვთ დრო მათთან ურთიერთობისთვის. დრო მათთვის ფუფუნება, როცა რამდენიმე ცვლაში მუშაობენ. საგაკვეთილო საათებს მიღმა მათ არცერთი დამატებითი წუთი არ უნაზღაურდებათ.

„მასობრივად ვხვდებით მასწავლებლებს, რომლებიც ერთი სკოლიდან მეორეში გადადიან. მერე რეპეტიტორობენ, ამის შემდეგ სახლში საჭმელს ამზადებენ, ყველაფერი ამათ თავზე ხდება. ასე შედეგი ვერ მიიღწევა. შედეგი შესაბამისია. შიშველი სიმართლეა ჩვენი მოსწავლეების შედეგები“. - მეგი

დღემდე მასწავლებლობა, განზრახ თუ უნებურად, ანაზღაურებადი შრომის საპირისპირო ცნებაა[8]. მასწავლებლობა მუდმივად და დაუთვლელად გაცემას გულისხმობს. ეს დამოკიდებულება ზრუნვის შრომაში ჩართულებს ხელიდან ართმევს შრომის ღირსეული ანაზღაურების მოთხოვნის მორალურ მზაობას.

„მე რომ ქუჩაში ხელს ამიწევს ჩემგან წასული ბავშვი ან მშობელი, მეტი არაფერი მინდა. ეს არამატერიალური რამეა. ეს უნდა იგრძნო“. - მაია, საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი, თბილისი.

ამავე მიზეზზე დგას არაკოლეგიალური განწყობა მზრუნველი პედაგოგების მიმართ. მზრუნველი პედაგოგი კოლეგებში შრომის გარკვეულ სტანდარტს აწესებს, რომელიც ყველასთვის მისაღები არ ან ვერ იქნება. ისეც ხდება, რომ მასწავლებლები, რომლებიც მოსწავლეებზე ზეგანაკვეთურ ზრუნვას ვერ სწევენ, მტრულად განეწყობიან მზრუნველი, წარმატებული პედაგოგების და მათი „გამორჩეულობის“ მიმართ. სკოლა კი, როგორც სისტემა, ამ ფაქტორს სათავისოდ იყენებს. ახალისებს რა აუნაზღაურებელ შრომას, უფასოდ აწარმოებს კვლევებს, ამცირებს კადრებს, ზრდის დანაზოგს უფასო შრომის ხარჯზე.

ფიზიკის მასწავლებელი ქეთევან მესტვირიშვილი წელს საუკეთესო მასწავლებლის ჯილდოზე იყო წარდგენილი. ქეთევანი დედაცაა და, მისი თქმით, სამუშაოს მოცულობა იმდენად დიდია, რომ შვილისთვის დრო აღარ რჩება. სკოლაში ზედმეტად დატვირთულობამ წაართვა ინტერესებიც - წიგნების კითხვა, ფილმების ყურება.

„ჩვენი ანაზღაურება უნდა იყოს ის, რაც გვჭირდება და გვეკადრება. ანაზღაურება განმსაზღვრელია დღევანდელ ცხოვრებაში. ღირსეული ანაზღაურების შემთხვევაში 9-ის ნაცვლად 5 კლასს ვასწავლიდი, თავისუფალი და პროდუქტიული ვიქნებოდი“. - ქეთევანი

ცოტა ხნის წინ მასწავლებლების ერთმა ნაწილმა დეკრეტული შვებულების ანაზღაურებისთვის დაიწყო ბრძოლა. ისინი სრულფასოვანი (6-თვიანი) ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით ვერ სარგებლობენ, რადგან დამქირავებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, აუნაზღაურებს თუ არა მათ ამ დღეების საფასურს. ქალთა უმრავლესობის გამოცდილებით, ასეთი კეთილი ნება დამქირავებლებში იშვიათობაა.

მასწავლებლები სახელმწიფოს და კანონს სთხოვენ დახმარებას, რომ დეკრეტული შვებულება ანაზღაურებადი გახდეს და შესაძლებლობა მიეცეთ გაუმკლავდნენ პოსტსამშობიარო და სხვა ტკივილებს.

მასწავლებლებს შეუძლიათ ამბოხი

მასწავლებლები ითხოვენ იმაზე ბევრად ნაკლებს, რაც ეკუთვნით და რისი მოთხოვნაც შეუძლიათ. მასწავლებლების შრომაზე დგას ჩვენი კეთილისმყოფელი საზოგადოება და მათვე შესწევთ უნარი,  შეაჩერონ საზოგადოების ცოდნის, ეროვნულობისა და შრომის კვლავწარმოება.

როგორც დევიდ ჰარვი ამბობს[9], მასწავლებლებთან არ მიედინება მათი შრომის შედეგი - მოსწავლეების მიერ შექმნილი ღირებულება. მას დამქირავებელი ითვისებს.

მასწავლებლები კი ისევ და მხოლოდ მოსწავლეების ხსოვნის და მათივე მადლიერების იმედად რჩებიან.

 

[1] Franziska Vogt, Gender and Education, Vol. 14, No. 3, pp. 251–264, 2002, A Caring Teacher: explorations into primary school teachers’ professional identity and ethic of care.

[2] Locating Care Ethics Beyond the Global North Parvati Raghuram , The Open University, Milton Keynes, United Kingdom.

[3] Woods, P. (1990) Teacher Skills and Strategies (Basingstoke, Falmer Press).

[4] კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 6 მასწავლებელი, მათგან 4 თბილისში, ერთი ქართლის და ერთი იმერეთის რეგიონში.

[5] David Harvey, 2006, Value production and struggle in the classroom: Teachers within, against and

beyond capital.

[6] Haberman, M. (1991). The pedagogy of poverty versus good teaching. Phi Delta Kappan, 73(4), 290294.

[7] Bhana, D. (2014). When caring is not enough: The limits of teacherssupport for South African primary school-girls in the context of sexual violence. International Journal of Educational Development, 41, 262270.

[8] Vogt, 2002.

[9] Harvey, 2006.