ზრუნვის ეთიკიდან ზრუნვის პოლიტიკამდე

რას გულისხმობს ზრუნვის პოლიტიკა და როგორია მისი გენდერული განზომილება?  ფემინისტური პოდკასტების სერიაში თათია დვალი, გენდერის მკვლევარი და ანთროპოლოგი, მიმოიხილავს ზრუნვის ეთიკასა და მის პოლიტიკურ ასპექტებს.

Კითხვის დრო: 7 წუთი
თათია დვალის ფოტო

8-ის 20 წუთზე ადგომა:

სკოლისთვის ბავშვების გაღვიძება, საუზმის მომზადება, პირის დაბანა, ჩაცმა.

8-ზე გასვლა, ბავშვების სკოლაში დატოვება,

სახლში დაბრუნება, ძაღლის გასეირნება, უკან დაბრუნებისას სახლის დალაგება,

12-ზე ენის კურსებზე წასვლა, ორზე სახლში მოსვლისას, ბავშვებისთვის სკოლასთან მისატანი საჭმლის მომზადება, სკოლაში წასვლა, ბავშვების გამოყვანა, სახლში მოსვლა, სკოლის დავალებების შესრულება, ვახშმის მომზადება, ჭამის შემდეგ მილაგება, ბავშვების დაბანა, დაძინება, ძაღლის გასეირნება.

ეს განრიგი ჩემი ცხოვრების ერთი წელია. თავიდან, საფრანგეთში ძიძის აპლიკაციის შევსებიდან ერთ თვეში, ფრანგულ ენაზე ასე დაწერილი რომ გამომიგზავნეს კი მივხვდი, რომ დატვირთული წელი მელოდა, მაგრამ რეალური სურათის აწყობა გამიჭირდა. მერე განრიგმა ხორცი შეისხა, კონკრეტულ ოთახებად, ქუჩებად, ადამიანებად და ხმებად იქცა.

მაღვიძარას დარეკვამდე 10 წუთით ადრე მეღვიძება, დილის 7-ზე. რადგან ოთახში ფანჯარა არაა, ვერ ვხვდები უკვე გათენდა თუ არა. ვდგები, პირს ვიბან, ჩემი ოთახის გვერდით, საკუჭნაოში შევდივარ და ბავშვების ტანსაცმელს ვარჩევ, ვცდილობ შევუხამო, რომ მოეწონოთ. რთული კია, მაგრამ ძირითადად, ჩვენი გემოვნება ემთხვევა, ან უფრო ზუსტად, ვამთხვევ. პირველ სართულზე ავდივარ, შუქს ვანთებ, სიგნალიზაციას ვრთავ, ჰეფის საჭმელს ვუყრი. ჰეფი შავი ლაბრადორია. კუდს კი მიქიცინებს, მაგრამ დიდად კარგი ურთიერთობა არ გვაქვს. პირველი ძაღლია რომ ვერ შევეთვისე.

8-ის ნახევარზე მეორე სართულზე ავდივარ, ბავშვების ოთახში. პატარა სინათლეს ვანთებ. ჯერ 7 წლისას ვაღვიძებ, მერე ორივე ერთად - პატარას, - ოთხი წლისას. არ უნდა ადგომა, ტირის, მთხოვს, რომ ლოგინში დავტოვო. სხვა გზა რომ არ მრჩება, თამაშს ვიწყებ, ვუღუტუნებ და სიცილ-სიცილში ვაფხიზლებ.

ჭამა, ტანსაცმლის ჩაცმა, კბილების გახეხვა. ეს ბოლო არაა მარტივი ამბავი. აი, მარწყვის არომატიანი კბილის პასტა თუ აღარაა, რამე უნდა მოვიფიქრო, რომ მენთოლიანიც მოეწონოთ. თუ მეც მათთან ერთად გავიხეხავ კბილებს, ამ შემთხვევაში, შანსები მეზრდება, რომ ამ პროცესმა ნახევარი საათი არ გასტანოს. სკოლის წიგნები ჩანთაშია, წყლის მათარაც. პატარას თავისი სათამაშო მოაქვს, რომელსაც ბაღის ჭიშკართან გამოვართმევ.

გაჩერებაზე ავტობუსს თუ ვერ მივასწრებთ, ოცი წუთის სამანქანო გზის გავლა ერთ საათად გვექცევა, სირბილ-სირბილით, გზადაგზა ჭიაყელების შეგროვებით და აუცილებლად სკოლაში დაგვიანებით.

მერე სახლში ვბრუნდები, ძაღლს ვასეირნებ, ყავას ვიდუღებ და დალაგებას ვიწყებ. იატაკის წითელი ტილო საწყობშია. ჩემს განკარგულებაში ორი მტვერსასრუტია. ერთი ისეთ ხმას გამოსცემს, გაძლება მიჭირს, ამიტომ ყოველთვის შავზე ვაკეთებ არჩევანს.

მოკლედ, ამ ყოველდღიურობის გავლის შემდეგ დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ზრუნვის ცნების გადაფასება. ზრუნვის, რომელიც სცდება მორალურ კატეგორიებს და ვალდებულებებთან და შემოსავლის წყაროსთან ასოცირდება. ამ პერიოდიდან მიჩნდება კითხვები ზრუნვისა და პოლიტიკის, ეკონომიკის, გეოგრაფიის კავშირებზე; როგორ შეიძლება ეს, ერთი შეხედვით, სიკეთესთან გაიგივებული სიტყვა, ასახავდეს და, ასევე, ქმნიდეს იმ უთანასწორო დინამიკებს, რომელშიც ხშირად ისე ვარსებობთ, რომ მათი გააზრების საშუალება და დროც კი არ გვეძლევა. დღევანდელ პოდკასტში სწორედ ზრუნვის იმ მოუხელთებელ ასპექტებზე ვისაუბრებ, რომლებიც ქმნიან და განსაზღვრავენ სამყაროსთან ჩვენს კავშირებს.

ზრუნვის, როგორც სოციალურად მნიშვნელოვანი საკითხის აღქმა, აკადემიურ დისციპლინებში, ვრცელ პერიოდს არ ითვლის. პირველი ნაბიჯები ძირითადად ამერიკელ ფსიქოლოგ კეროლ გილიგანს უკავშირდება, რომელმაც 1982 წელს გამოცემულ წიგნში „სხვა ხმით“ მისი პროფესორი და ხელმძღვანელი, ლორენს კოლბერგი გააკრიტიკა. ეს ერთგვარი ანეკდოტური ისტორია, რომელიც ზრუნვის სოციოლოგიის შესავლად იქცა, კარგად აღწერს ეთიკის, მორალისა და მზრუნველობის განსხვავებულ აღქმებსა და მათ კავშირებს გენდერულ როლებთან.

ისტორია ასეთია: წარმოიდგინეთ ზედმიწევნით თეთრი ამერიკელი მამაკაცი, ფსიქოლოგი კოლბერგი, რომელიც სესხულობს იდეას შვედი ფსიქოლოგისგან - ჟან პიაჟესგან და გადაწყვეტს, რომ ბავშვის მორალური განვითარების საფეხურები შეისწავლოს. ამ საფეხურებს რომ დეტალურად არ ჩავყვეთ, მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოლბერგის მიზანი იყო, გამოერკვია, თუ როგორ რეაგირებდნენ ბავშვები და მოზარდები მორალურ დილემებზე, განვითარების საფეხურების მიხედვით. კოლბერგის დასკვნაში ცალსახად იკვეთება, რომ მისი კვლევის მიხედვით, გოგონებს მორალური განვითარების უფრო დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ, ვიდრე ბიჭებს. მოდით, დროებით გვერდით გადავდოთ თავად კვლევის აბსოლუტური ბინარულობა და, ექსპერიმენტის ეპოქის გათვალისწინებითა და იმ იმედით, რომ შეიძლება ამ ადამიანს მეცნიერებისთვის სასარგებლო მიზანი ამოძრავებდა, მივყვეთ მოცემულ სქემას.

კვლევის ყველაზე ცნობილი კითხვის მიხედვით, კოლბერგი მონაწილე ბიჭებს სთხოვდა წარმოედგინათ, რომ მათ ჰყავდათ ცოლი, რომელიც დაავადდა და მისი გადარჩენის გზა მხოლოდ ერთ კონკრეტულ წამალს შეეძლო, რომელიც უბნის აფთიაქში იყიდებოდა. მათ ამ წამლის ფული არ აქვთ, მაგრამ იციან, რომ მისი მიღების გარეშე, ცოლი მოკვდება. კოლბერგი მათ ორ გამოსავალს სთავაზობს: იყვნენ კანონმორჩილი მოქალაქეები და უარი თქვან ქურდობაზე, ან გადაარჩინონ ცოლი და აფთიაქიდან წამალი მოიპარონ. ბიჭების უმრავლესობა უპირობოდ ამჯობინებდა აფთიაქის გაქურდვას და ადამიანის გადარჩენას. ამაზე კოლბერგი გვეუბნება, რომ ისინი მორალური განვითარების მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებენ.

იმავე სცენარში, სადაც გოგონებს ქმარი უკვდებოდათ (აქაც, ექსპერიმენტის ეპოქის ხათრით, თვალს ვხუჭავთ ჰეტერონორმატიულობაზე), პასუხი ასეთი ცალსახა არ ყოფილა. მათში კანონის დარღვევის მოსალოდნელი შედეგები შიშს იწვევდა. მეტიც, ერთ-ერთი გოგონა, რომელიც შემდეგში კეროლ გილიგანის ზრუნვის თეორიის მთავარ პერსონაჟად იქცევა, ამ რადიკალური ორი სცენარიდან ვერც ერთს ვერ ირჩევს და კითხვაზე კითხვითვე პასუხობს: თუკი წამალი უბნის აფთიაქშია, სავარაუდოდ, აფთიაქარი და მე ერთმანეთს ვიცნობთ. რატომ არ შეიძლება ვთხოვო, ეს წამალი ჩუმად გამატანოს და ფული მერე გადავუხადო?

კოლბერგის დასკვნით, გოგონების მორალური განვითარება ბევრად ჩამოუვარდება ბიჭებისას და კვლევის შემდეგ საფეხურებს მხოლოდ იმ პასუხებზე აწყობს, რომელიც ბიჭებისგან მიიღო.

ამ კვლევიდან ორი ათეული წლის შემდეგ კეროლ გილიგანი სვამს კითხვას: ბავშვის ეს მიდგომა სიმხდალე, ან ადამიანის სიცოცხლის მეორე ადგილზე დაყენებაა, თუ სიტუაციის რისკების მაქსიმალურად შეფასება და იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს შედეგებიც მოჰყვება? რა მოხდება წამლის მოპარვისას რომ დაიჭირონ? ამ შემთხვევაში, ხომ ადამიანიც მოკვდება და გოგონა პასუხისგებაშიც მიეცემა? გოგონას ლოგიკა ადამიანური ურთიერთობების დამყარებასა და იმ ნდობაზე დგას, რომელსაც სჯერა, რომ როგორც მისთვისაა ამოსავალი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლე, ისე იქნება აფთიაქარისთვისაც.

მტვერსასრუტის გამორთვის შემდეგ ორი წუთით სიმშვიდით ვტკბები. ჩანთაში წიგნებს ვიწყობ და ენის კურსებზე მივდივარ. გრძელი გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ ამაზე არ ვწუწუნებ, საერთოდაც არ ვწუწუნებ, რაღატომღაც. ერთხელ, ენის კურსების შემდეგ, სახლში რომ ვბრუნდებოდი, მოთოვა. ავტობუსი გაუქმდა, მატარებელიც. რამდენიმე კილომეტრი ვირბინე და რომ არ დამეგვიანა, თოვლში ამოგანგლულმა, პირდაპირ ბავშვებს მივაკითხე სკოლასთან. თავის დროზე მივედი, მაგრამ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რადგან ტრადიციისამებრ, ორცხობილები ვერ წავუღე სახლიდან. წყენა არ დაუმალავთ. არც მე დამიკლია ბოდიშები. სახლში რომ მივედით, ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად, ფუნთუშები გამოვუცხვე და ამის ხარჯზე, იმ საღამოს მშვიდი ძილით დავიძინე.

ერთი შეხედვით, ძიძობის ჩემს გამოცდილებასა და კოლბერგის ფსიქოანალიტიკურ კვლევას საერთო არაფერი აქვთ. თუმცა, თუ დავფიქრდებით იმაზე, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი იმ დანაშაულის განცდისა, რომელიც იმ დღეს ბავშვებთან მიმართებით მქონდა, რას შეიძლებოდა განესაზღვრა იმ ერთი წლის განმავლობაში უამრავი არასავალდებულო საქმის საკუთარ თავზე აღება, ან ოჯახის შეცვლის იდეაც კი რატომ შეიძლება მქონდა გამორიცხული იმთავითვე, პასუხი მნიშვნელოვნად გასცდება პიროვნულ თვისებებს და იმ ასპექტამდე მიგვიყვანს, რომელიც კოლბერგის კვლევაში სრულად არის გამორჩენილი: აღზრდის გენდერირებული მიდგომები. ამ პასუხამდე მისვლისას, აშკარა ხდება, პასუხისმგებლობის, მზრუნველობისა და სიფრთხილის განცდების გენდერულ წარმოდგენებთან კავშირი.

მაშინ როდესაც გამოკითხული ბიჭებისთვის ზრუნვა წერტილოვანი, ერთჯერადი ქმედება შეიძლებოდა ყოფილიყო, წამლის მოპარვის სახით, გოგონებისათვის მას განგრძობითი და მეტიც, ყოვლისმომცველი სახე ჰქონდა. თავადვე ვიაზრებ, რამდენად ესენციალისტურად შეიძლება ჟღერდეს ეს დაშვება, მაგრამ რეალურად მასში არაფერია არც ბიოლოგიურად განსაზღვრული, არც დეტერმინირებული, არამედ პირიქით, ერთგვარი სოციალურად განსაზღვრული კოდია.

თუმცა თავისთავად ზრუნვის სოციალური მნიშვნელობის გასაგებად მხოლოდ მისი მორალურ-ეთიკური და მათ შორის გენდერული ასპექტის გათვალისწინება არ კმარა. 23 წლის ასაკში, ზრუნვის შრომაში ჩართვა ძიძობის სახით, ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისად იქცა ჩემთვის. ერთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მივხვდი, რომ ოჯახის მიერ ჩემზე არჩევანის შეჩერება ისევე იყო ჩემი გენდერული აღქმით განსაზღვრული, როგორც ჩემი წარმოშობით. ერთ დღეს საუბრისას, ბავშვების დედამ თავადვე განმიცხადა, ზოგადად აღმოსავლეთ ევროპიდან მირჩევნია ავიყვანო ხოლმე ვინმე, უფრო პასუხისმგებლიანი, მშრომელები და ჯანმრთელები ხართო. მისვლის პირველივე დღეს მშობლების მიერ დასმულმა კითხვამ „თქვენ გაქვთ სარეცხის მანქანა?“ ისიც გამააზრებინა, რომ ყოველგვარი კითხვის გარეშე, თავადვე მაკუთვნებდნენ კონკრეტულ სოციალურ კლასს. ამ დეტალებმა განსაზღვრა ამ ერთი წლის მანძილზე ზღვრის მოშლა ძიძას, დამლაგებელსა და მოახლეს შორის. ბავშვებისადმი ემოციური მიმართებების გაჩენამ შეუძლებელიც გახადა სამსახურიდან წამოსვლა, ან უფრო მეტად, სამსახურისათვის სამსახურის დარქმევა. ასე გავხდი ზრუნვის შრომის მანკიერ წრეში ჩაბმული, სადაც საკუთარ ემოციებს, გაწეულ შრომასა და ვალდებულებებს შორის სრულად მოირღვა ზღვარი და შესაბამისად, გაუცნობიერებელ ან უფრო ზუსტად, აუღიარებელ ექსპლუატაციაში ამოვყავი თავი.

რადგან დათმენაც ნასწავლი მქონდა, ზრუნვის გაცემის აუცილებლობაც, და ვიაზრებდი ქართული პასპორტის ქონის არაპრივილეგირებულობასაც, იმავე ოჯახში დავრჩი, რისკზე არ წავსულვარ. ისევე, როგორც კოლბერგის კვლევის მონაწილე გოგონების უმრავლესობა. ეს პოდკასტიც სწორედ ამიტომ დავიწყე ამ კვლევის ხსენებით. ზრუნვაზე საუბრისას ყველაზე რთული სწორედ მისი ეთიკურ-მორალური ჭრილიდან გამოყვანაა, რადგან ის აპრიორი დადებით კონოტაციას მოიცავს. ჩემი მიზანი არც არის მისი სიკეთეების დაკნინება, თუმცა სანამ მის უფრო ღრმა შრეებში არ ჩავალთ, მანამდე შეიძლება ვერც კი ვამჩნევდეთ იმ ზრუნვებს, რომლებიც ჩვენს გარშემოა.

მომდევნო პოდკასტში ზრუნვის შრომის კონკრეტული მაგალითის განხილვით, იმ ჯაჭვზე ვისაუბრებთ, რომელიც ქართულ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა: კონკრეტულად კი - ზრუნვის რესურსის გადინება ქვეყნიდან.

მანამდე კი, რომ არ იღელვოთ, გეტყვით, რომ წამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე საბოლოოდ მე და ჰეფი დავმეგობრდით. უცნაური დაავადება შეეყარა, რამაც ფრიად უსიამოვნო გახადა მისი სუნი, ამიტომ ძირითადად ეზოში უშვებდნენ ხოლმე. სახლში ყოფნას მიჩვეულს, ძალიან უჭირდა ეზოში გაჩერება და თავს გარიყულად გრძნობდა. ერთმანეთსაც სწორედ ამ მომენტში გავუგეთ.

ზრუნვის ეთიკიდან - ზრუნვის პოლიტიკამდე - თათია დვალი - ფემინსტრიმი/Feminstream

video-thumbnail Watch on YouTube