პურის რიგი და უბნის მაღაზია: ბავშვების როლი ზრუნვის შრომაში

პროექტს „ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი საქართველოში, ფონდ „ღია საზოგადოებისა“ და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით. პროექტის მედიაპარტნიორია Publika.ge

Კითხვის დრო: 7 წუთი
ნინუცა ნადირაშვილი

ნანა ექვთიმიშვილის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „გრძელი ნათელი დღეები“ მაყურებელს აცნობს თავის მთავარ გმირებს მოკლე სცენით, რომელიც ვითარდება დიდ ბეტონის ეზოში. ორი მოზარდი გოგონა - ნათია და ეკა - ხვდებიან ნაცრისფერი შენობის პატარა ფანჯარასთან და გაბრაზებულ, სასოწარკვეთილ ადამიანებს პურის რიგში უერთდებიან.[1] მე ისე გავატარე ბავშვობა, რომ პურის რიგში დგომა არ დამჭირვებია. მიუხედავად ამისა, როცა საკმარისად გავიზარდე, სიარული, ლაპარაკი და სიფრთხილე ვისწავლე, ხანდახან მაღაზიაში მაგზავნიდნენ ძეხვის, შოთისა და კარაქისთვის. დედაჩემს დამხმარე სჭირდებოდა და მეც, როგორც უფროსმა გოგომ, ეს როლი ავითვისე. დავიწყე და-ძმებზე ზრუნვა, როცა დედა დაკავებული იყო, გავხდი დედას მეგობარი, როცა ვინმესთან საუბარი სჭირდებოდა და სუფრის გაშლაც - რა თქმა უნდა - მე მევალებოდა, როცა სტუმრები მოდიოდნენ. დღეს 24 წლის ვარ და ძალიან მიკვირს, როგორ იშვიათად ვსაუბრობთ ქართველები გოგოდ ყოფნის ამ ასპექტზე.

ზრუნვის შესახებ ფემინისტურ ლიტერატურაში ფართოდ არის განხილული უთანასწორობა, რომელიც მოიცავს სქესის, კლასისა და ეთნიკური წარმომავლობის  კატეგორიებს, მაგრამ ნაკლები ყურადღება ექცევა ასაკს. გაეროს კვლევების მიხედვით, ბავშვები ადრეული ასაკიდან ითვისებენ ზრუნვისა და საშინაო საქმის პასუხისმგებლობებს. ასაკის ზრდასთან ერთად, ეს ზრუნვის წნეხი გენდერის მიხედვით ნაწილდება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა სამუშაომ შეიძლება ბავშვს პასუხისმგებლობა და სხვა კარგი თვისებები ასწავლოს, მასში დახარჯული დრო, ენერგია და ემოციური შრომა ხშირად საზიანოა ბავშვის კეთილდღეობისთვის.[2] ზრუნვის თემაზე დაწერილი ფემინისტური ლიტერატურისა და „გძელი ნათელი დღეები“-ს გაერთიანებით, ეს პოდკასტი თემად იღებს გოგო მომვლელებს და ასაკს განიხილავს, როგორც ინტერსექციური ან მრავალფენოვანი უთანასწორობის კიდევ ერთ კატეგორიას.

სიტყვა „ზრუნვა“ თავისთავად საინტერესოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მის განსაზღვრაში ბავშვის როლს განვიხილავთ. ფიშერი და ტრონტო ვარაუდობენ, რომ ზრუნვა არის საქმიანობა, რომელსაც ადამიანები, როგორც სახეობა, მისდევენ და რომელიც „მოიცავს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ ჩვენი სამყაროს შესანარჩუნებლად, გასაგრძელებლად და შესაკეთებლად, რათა მასში რაც შეიძლება კარგად ვიცხოვროთ“.[3] თუმცა, მნიშვნელოვანია ვიკითხოთ, თუ როგორია ჩვენი სამყარო, როგორ არის ის აგებული და ვინ ვის ხარჯზე ცხოვრობს კარგად.

უფრო ემპირიული გაგებით, „მოვლის სამუშაო მოიცავს ყველა აქტივობას, რომელიც საჭიროა საქონლისა და სერვისის მიწოდებისთვის, რათა დაკმაყოფილდეს ინდივიდის და ოჯახის ფიზიკური, გონებრივი და ემოციური საჭიროებები.“[4] ამ სამუშაოს, განსაკუთრებით მაშინ როცა ის ანაზღაურებადი არ არის, ქალები ასრულებენ. მცირე რესურსების პირობებში კი, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა საქართველო, სადაც სოციალური რეპროდუქციის მხარდამჭერი სერვისები და ინფრასტრუქტურა მწირია და არათანაბრად არის განაწილებული, ყოველდღიური მოვლის საქმიანობას გაცილებით მეტი დრო და ენერგია სჭირდება, ვიდრე სხვა, უფრო მდიდარ ქვეყნებში.

პურის რიგი და უბნის მაღაზია: ბავშვების როლი ზრუნვის შრომაში ► ნინუცა ნადირაშვილის პოდკასტი - ფემინსტრიმი/Feminstream

video-thumbnail Watch on YouTube

მიუხედავად იმისა, რომ ზრუნვის შრომაზე და სოციალურ რეპროდუქციაზე ჩატარებულ ზოგიერთ კვლევაში მოხსენიებულნი არიან გოგოები, როგორც მათი დედების დამხმარეები, ეს ორი ჯგუფი ხშირად ერთდება და ხდება „ქალები და გოგოები.“ ამ ორი კატეგორიის ერთ პარამეტრებში მოქცევა რთულს ხდის იმის გაგებას, თუ როგორ განსხვავდება გოგოების მოთხოვნილებები, მისწრაფებები და მოწყვლადობა ქალებისგან.[5] ამის მაგივრად, ჩემი დღევანდელი პოდკასტი ზრუნვას უდგება ისე, რომ ყურადღების ცენტრში ბავშვების როლებს აყენებს. მე მაინტერესებს საუბარი იმაზე თუ როგორ განისაზღვრება ბავშვის როლი ზრუნვის სფეროში გენდერის ნიშნით, როგორ ვითარდება ის დროთა განმავლობაში და რა გავლენას ახდენს ასეთი სამუშაო ბავშვების კეთილდღეობაზე. მე მჯერა, რომ ბავშვების დისკუსიაში წინა ფლანგზე წამოწევა დაგვეხმარება დავინახოთ, თუ როგორ იყოფა ზრუნვა და საშინაო პასუხისმგებლობა თაობებსა და გენდერის წარმომადგენლებს შორის ოჯახში და უფრო ფართოდ საზოგადოებაში. ასეთ კითხვებზე მსჯელობა ასევე გააძლიერებს ჩვენს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ ნარჩუნდება დისკრიმინაციული გენდერული ნორმები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

ექვთიმიშვილის ფილმში მე ვპოულობ პატარა მაგალითს იმისა, რაც ქართველი ბავშვების დიდ ნაწილს ყოველდღიურად აწუხებს - ოჯახზე ზრუნვის ტვირთი. როდესაც ნათია და ეკა პურის რიგში ფიზიკურ და გონებრივ სტრესს ებრძვიან, როგორც მაყურებელს მე მიჩნდება კითხვა იმაზე, თუ კვირაში რამდენჯერ არიან ისინი იძულებულნი, რომ ასეთ გარემოს დაუბრუნდნენ. კვლევების მიხედვით, სახლის სამუშაო ხშირად ეკისრება ახალგაზრდა ბიჭებსა და გოგოებს.[6] ამ საშინაო პასუხისმგებლობების განაწილება გენდერის მიხედვით ხდება. მაგალითად, გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო შეფასებით (2017) შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქალები და გოგონები, კვლევაში მონაწილე ქვეყნებში, პასუხისმგებელნი არიან წყლის შეგროვებაზე ათიდან რვა ოჯახში.[7]

ბავშვები ასევე ხშირად ზრუნავენ ოჯახის წევრებზე. როგორც საშინაო საქმიანობაში, ეს ზრუნვა ხშირად გენდერის მიხედვით ნაწილდება და ასაკის ზრდასთან ერთად უფრო ხშირად ეკისრება გოგოებს. ექვთიმიშვილის ფილმში ვხედავთ ნათიას, რომელსაც ევალება დაეხმაროს დედას, რომელიც ნათიას ალკოჰოლ-დამოკიდებული მამის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლია. მოგვიანებით, ნათიას უწევს ემოციური ზრუნვა თავის უმცროს ძმაზე, რომელიც შეწუხებულია მამის საქციელით. გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში ახალგაზრდა მზრუნველების შესახებ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვები, რომლებსაც ევალებათ დამატებითი სოციალური რეპროდუქციის პასუხისმგებლობა ოჯახში, სადაც ოჯახის რომელიმე წევრი ავად არის ან შშმ პირია, ზრუნვის სექტორის ყველაზე დაუცველი და ხშირად შეუმჩნეველი წევრები არიან.[8]

მოვლასა და საშინაო სამუშაოზე დაწერილი ლიტერატურა გვაჩვენებს, რომ ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები დამატებით დროს მოითხოვენ ქალებისგან.[9] უმცროს ბავშვზე ზრუნვის ნაწილი აგრეთვე ეკისრება უფროს და-ძმას, ისევე როგორც ნათიას უწევს თავის ძმაზე ზრუნვა. უფროსი ბავშვები უფრო ხშირად მუშაობენ და ნაკლებად სწავლობენ, ვიდრე მათი უმცროსი და-ძმები და განსაკუთრებით უფროსი გოგონები უფრო მეტ დროს უთმობენ საშინაო საქმეებს, როდესაც უმცროსი და-ძმა ჰყავთ.

ნენსი ფრეიზერი წერს, რომ ზრუნვასთან დაკავშირებული უთანასწორობა ფესვგადგმულია არა მხოლოდ ზრუნვის განაწილების ინსტიტუციონალიზებულ შაბლონებში, არამედ ზრუნვის ირგვლივ არსებული კულტურული ნორმების განზოგადებულ მოდელებშიც.[10] ის საქართველო, სადაც ეკა და ნათია იზრდებიან, არც ისე განსხვავდება დღევანდელი საქართველოსგან და ორივე მოითხოვს ემოციურ, ფიზიკურ და გონებრივ შრომას ბავშვებისგან, რომლებსაც არც აფასებენ და არც პატივს სცემენ. ჩვენი ამჟამინდელი კულტურული ნორმები გვარწმუნებენ, რომ გოგონებისთვის უფრო ბუნებრივია, დაეხმარონ დედებს და ზრუნვის მძიმე ტვირთი ატარონ, ვიდრე ზრუნვის სამუშაოს განაწილება უფროსებს შორის უფრო თანაბარი გახდეს.

კიტეი (1999) ყურადღებას ამახვილებს იმ ტრადიციებიდან გამომდინარე იძულებით ზომებზე, რომლებიც ინარჩუნებენ ზრუნვის არასამართლიან განაწილებს. ლენდი კი, ქალების ეგრეთ წოდებულ ნებაყოფლობით არჩევანს, რომ ზრუნის ტვირთი ატარონ „ქალების სავალდებულო ალტრუიზმად“ მოიხსენიებს.[11] მართლაც, ეს იძულებითი ალტრუიზმი არის ის, რაც უბიძგებს ექვთიმიშვილის გმირ ნათიას, დაემორჩილოს თავის კულტურას და მისი მოტაცების შემდეგ, ბავშვი-პატარძლის როლი აითვისოს. ეს ის სავალდებულო ალტრუიზმია, რომელიც შემდეგ მოითხოვს, რომ ნათიამ ქმარზე სრულიად ცალმხრივად იზრუნოს.

საინტერესოა, რომ ფილმის მეორე გმირი, ეკა გაურბის ნათიას ბედს და ის ნაკლებად ზრუნავს ოჯახზე. მე ვვარაუდობ, რომ ამას გოგონების სოციალურ კლასებს შორის სხვაობა იწვევს. საზოგადოებრივი ზრუნვის პოლიტიკის არარსებობის ან მინიმალური არსებობის პირობებში, ოჯახი ვლინდება მოვლის მთავარ მიმწოდებლად საზოგადოებაში. ეს პროცესი ძირითადად გავლენას ახდენს იმ ოჯახებზე რომლებიც დაბალი სოციალურ-ეკონომიკური ფენებიდან არიან, მაგალითად ნათიას ოჯახი, რომელსაც არ გააჩნია რესურსები რომ ძიძა, მზარეული ან დამლაგებელი იქირაოს.

ზრუნვა არა მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებაა, რადგან ჩვენ ყველას გვჭირდება ის, არამედ სოციალური პროცესიც, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ადამიანის იდენტობის ფორმირებაზე. ყველა ქალი არ ასრულებს მზრუნველის როლს და ყველა ბავშვს არ უზიარდება ეს ტვირთი, რადგან ეს დამოკიდებულია ოჯახის მატერიალურ რესურსებზე. მიუხედავად ამისა, ბავშვებს, რომლებსაც ევალებათ ზრუნვა და-ძმებზე, მშობლებზე, ოჯახის ხანდაზმულ წევრებზე და საკუთარ თავზეც კი - არ დაგვავიწყდეს, რომ ბავშვებს თვითონაც ესაჭირეობათ ზრუნვა - შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნათ საკუთარი იდენტობის და სხვებთან თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის ჩამოყალიბებისას. ხშირად მათ ნაკლები დრო აქვთ სწავლისთვის, ვერ ამთავრებენ სკოლას და არ იციან როგორ შეინარჩუნონ საკუთარი დროისა და სხეულის კონტროლი. ნათიას მოტაცებას მისი ოჯახი ზეიმობს და ეკა კი პურის რიგში დგომას აგრძელებს.

მე არ ვამტკიცებ იმას, რომ ბავშვებს არ უნდა ჰქონდეთ საოჯახო საქმეები, ან რომ სხვებზე ზრუნვა მხოლოდ უარყოფითი გამოცდილებაა. ზრუნვა ზრუნვისთვის და არა როგორც ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობს ვიღაცის გენდერის შესახებ წინასწარგანწყობისგან, შეიძლება იყოს ძალიან დადებითი ასპექტი ბავშვების ზრდასრულებად ჩამოყალიბებაში. ბოლოს და ბოლოს, ფემინისტი მეცნიერები ასევე ამტკიცებდნენ, რომ სწორედ ერთმანეთზე ზრუნვაში ვპოულობთ ჩვენს ადამიანობას. ექვთიმიშვილის ფილმიც მთავრდება იმით, რომ ეკა გადაწყვეტს იზრუნოს ციხეში მყოფ მამაზე და მის სანახავად მიდის. ეს დასასრული, უდავოდ, იმედისმომცემია.

თუმცა, თუ გვსურს, რომ ჩვენი არსებობა და ურთიერთობები იყოს უფრო სამართლიანი, აუცილებელია, რომ არა მხოლოდ ვაღიაროთ გოგონების დაქვემდებარება ზრუნვის სექტორში, არამედ ვიბრძოლოთ ისეთი კანონისთვის, რომელიც ითვალისწინებს ზრუნვას, როგორც საზოგადოებრივ საჭიროებას, უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას ზრუნვის რესურსებზე და მოითხოვს მოვლის პასუხისმგებლობის სამართლიან განაწილებას არა მხოლოდ მოზრდილების, არამედ ოჯახის ყველა წევრს შორის.

 

ბიბლიოგრაფია

Akkan, Başak. “An Egalitarian Politics of Care: Young Female Carers and the Intersectional Inequalities of Gender, Class and Age.” Feminist Theory 21, no. 1 (2019): 47–64. https://doi.org/10.1177/1464700119850025. 

Camilletti, Elena, Prerna Banati, and Sarah Cook. “Children’s Roles in Social Reproduction: Re-Examining the Discourse on Care through a Child Lens.” Journal of Law, Social Justice and Global Development, no. 21 (2018): 33–48. https://doi.org/10.31273/lgd.2018.2103.

Ekvtimishvili, Nana and Simon Gross, directors. In Bloom. Big Picture Productions, 201


[1] In Bloom, directed by Nana and Simon (Big World Pictures, 2013), Bread Line.

[2] Elena Camilletti, Prerna Banati, and Sarah Cook, “Children’s Roles in Social Reproduction: Re-Examining the Discourse on Care through a Child Lens,” Journal of Law, Social Justice and Global Development, no. 21 (June 2018): pp. 33-48, https://doi.org/10.31273/lgd.2018.2103, 1.

[3] Başak Akkan, “An Egalitarian Politics of Care: Young Female Carers and the Intersectional Inequalities of Gender, Class and Age,” Feminist Theory 21, no. 1 (2019): pp. 47-64, https://doi.org/10.1177/1464700119850025, 49.

[4] Camilletti, 2.

[5] Camilletti, 4.

[6] Camilletti, 5.

[7] Camilletti, 5.

[8] Akkan, 51.

[9] Camilletti, 8.

[10] Akkan, 53.

[11] Akkan, 54.