მარილი თმაში

რა წინაღობები ხვდებათ ახალგაზრდა მიგრანტ ქალებს ზრუნვის შრომაში და როგორ იპყრობს ზრუნვის პოლიტიკურობა მათ ყველაზე პერსონალურს? ტექსტში ავტორი აღწერს ოპერად (Au-pair) მუშაობის პირად გამოცდილებას და უღრმავდება იმ ემოციურ შრეებს, რაც თან ახლავს გენდერულად და გეოპოლიტიკურად წინასწარ განსაზღვრულ ზრუნვის სამუშაოს.

ყვავილის ფოტო

ეს არის ამბავი იმ კონტრასტებისა, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს და იზრუნო ადამიანებზე, რომლებიც შენთან არც ბიოლოგიურად, არც ემოციურად, არც კულტურულად და არც ისტორიულად არ იკვეთებიან.

ჩემი ნაწილობრივ იძულებითი და ნაწილობრივ ნებაყოფლობითი მიგრაცია ქვეყნიდან, ერთი ოჯახის დამსახურებაა, რომელსაც თავის დროზე მოვატყუე, რომ ბავშვები მიყვარს, მაქვს მათთან მუშაობის გამოცდილება და, შესაბამისად, კარგი კანდიდატი ვარ იმისთვის, რომ მათთვის ყველაზე ძვირფასი არსებები მანდონ. ეს ტყუილი, ალბათ, თვითონაც დავიჯერე და მეგონა, რომ ბავშვებთან ურთიერთობა თავიდანვე კარგად გამომივიდოდა, რაც ცხადია, სისულელე აღმოჩნდა და, შესაბამისად, ჩვენი მეგობრობა მუდმივი კონფლიქტებით სავსე გამოდგა. მივხვდი, რომ ზრუნვის სამუშაოში, შეუძლებელია განაცალკეო სამსახური და ემოცია. ამიტომ, ნაცვლად უამრავი ექსპლუატაციისა[i], რომელიც მიგრანტ ქალებს ზრუნვის შრომაში ხვდებათ, მე ვეცდები ვილაპარაკო იმ ემოციურ სირთულეებზე, რომელიც უცხო ადამიანების შეყვარებით და ამ სიყვარულის თუ ზრუნვის სამსახურად „მონიშვნის“ დროს გემართება.

ჩემი პირადი გამოცდილებით, სიტყვა სამსახური და შრომა მალევე გაქრა გონებიდან და მალევე დაირღვა საზღვრები, რომელთა შენარჩუნება მსგავსი შრომის დროს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია.

ბავშვების შეყვარება ძალიან მარტივი აღმოჩნდა, მით უმეტეს, როცა ეს ურთიერთობა უამრავ რამეს გასწავლის არა მხოლოდ ბავშვებზე, არამედ საკუთარ თავზეც. ვისწავლე, როგორ გამომეწრთო თავი ამ მეგობრობაში, როგორ ვყოფილიყავი ბევრად უფრო მომთმენი, გამგები, გამეგო ის გერმანული სიტყვები, რომლებიც არათუ ენის ბარიერის გამო შეიძლება არ მესმოდეს, არამედ იმიტომ, რომ მათ 5 წლის ადამიანი ამბობს და რთულია მიხვდე, რას გულისხმობს.

ემიგრაციის საწყის პერიოდშივე, ძლიერად მივეჯაჭვე ბავშვებს, და ახლა, როცა თვეები გავიდა, რაც სამშობლოში დავბრუნდი, შემიძლია ობიექტურად დავაკვირდე ჩვენს ურთიერთობას და დარწმუნებით ვთქვა, რომ ჩემს ოპერ ოჯახთან მძაფრი ემოციური მიჯაჭვულობა საკუთარი თავის გადარჩენის და თავდაცვის მექანიზმი იყო.

როცა უცხო ქვეყანაში არაფერია ნაცნობი, ცდილობ იპოვო ის სიახლოვე და ემოცია, რომელიც სახლში გაბრუნებს ან აქაური სახლის შეგრძნებას გიჩენს. მე ეს თავშესაფარი ჩემი ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებში ვიპოვე, რითაც უფრო მეტად გავიღრმავე ის ექსპლუატაცია, რომელიც ძალაუნებურად, ოპერის პროგრამის განუყოფელი ნაწილია[ii].

ზრუნვა, რომელსაც გავცემდი, ორლესული ხანჯალი იყო ჩემს ხელში. ერთი მხრივ, გადამრჩენელი და საკუთარი თავისთვის მნიშვნელობის მომნიჭებელი, მეორე მხრივ კი, წამლეკავი, მორღვეული საზღვრებით და, რა თქმა უნდა, უარყოფის ძალიან მძაფრი შიშით.

ბავშვები ამ ასაკში, ძალიან ხშირად უარგყოფენ, გაყენებენ შეურაცხყოფას, ემოციურ გაღიზიანებას ხშირად შენზე პროეცირებენ. ოპერი, რომელიც ბავშვებისთვის გარკვეული მუტანტია ზრდასრულსა და თანატოლს შორის, აგრესიის ყველაზე მარტივი ადრესატი ხდება, რადგან, როგორც ვახსენე, ის საზღვრებია დარღვეული, რომლის დახმარებითაც, წესით, ოპერის როლი და სტატუსი იკვეთება. მსგავსი სამუშაოს დაწყების დროს კი, შეუძლებელია გქონდეს მკაფიოდ გამოხატული, დაცული, ღირსეული საზღვრები, როდესაც უცხო სხეული ხარ ახალ სოციუმში და როდესაც ეს ბავშვები, ფაქტობრივად, შენი ერთადერთი თავშესაფარია. სწორედ ამ დინამიკაში წარმოიქმნება უნებლიე ემოციური ძალადობა, ბავშვის მხრიდან ოპერზე, ოპერის მხრიდან ბავშვზე და ოპერის მხრიდან საკუთარ თავზე.

კავშირი, რომელიც ოპერსა და ბავშვს შორის ყალიბდება, არცერთ სხვა ურთიერთობას არ ჰგავს, ეს არის დროებითი დედაშვილობა, როდესაც იცი, რომ რაღაც მომენტში ის აუცილებლად დასრულდება და შესაძლოა, სამუდამოდაც კი. ამ პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ, ძირითადად, ოპერები და ბავშვები ერთმანეთს აღარასდროს ხვდებიან. მაგალითად, ჩემს შემთხვევაშიც, წინა ორ ოპერ გოგოსთან ბავშვებს დღეს არანაირი კონტაქტი არ აქვთ, თუმცა, მათ მეხსიერებაში ხშირად ტივტივდება ხოლმე მოგონებები წინა ოპერების შესახებ. აღსანიშნია ისიც, რომ ბავშვების დამოკიდებულება ოპერის როლის შემსრულებლის ანუ მზრუნველი გარე ფიგურის მიმართ, იმდენად მსგავსია, რომ ხშირად, ჩვენ სამნი ერთმანეთში ვერეოდით. ძირითადად ოპერები ოჯახში 3, 6 ან 12 თვეს რჩებიან, რადგან ზოგი ქვეყნის მოქალაქეს, ვიზის გათვალისწინებით, 12 თვეზე მეტხანს გაჩერების უფლებაც არ აქვს.

მაგალითად, 4 წლის ჰანსელი მიმტკიცებს, რომ წიგნი, რომელიც წინა ოპერმა აჩუქა, ჩემი ნაჩუქარია და მე მეშლება რაღაც. შეიძლება ლოგიკურია, რომ ბავშვებს ამ ასაკში არ უჩნდებოდეთ ინდივიდუალური და განსაკუთრებული კავშირი თითოეული ადამიანის მიმართ და ის დამოკიდებულება, რაც მათ ზოგადად ოპერების, ანუ მათზე მზრუნველი არა ოჯახის წევრი ფიგურების მიმართ აქვთ, ძალიან ბუნდოვანი და ერთმანეთში აღრეულია. ფაქტობრივად, ისინი, ისევე, როგორც მათი მშობლები, არ აღგიქვამენ უნიკალურ ინდივიდად, არამედ ისევ და ისევ გხედავენ, როგორც ულევი ზრუნვის გამცემ, პასუხისმგებლიან, მოტივირებულ, ენერგიულ, ყოჩაღ, თბილ ადამიანს, რომლის სამსახურიც საკმაოდ აბსტრაქტული და თვითდესტრუქციულია.

მაგრამ ჩემი დაკვირვების საგანი მაინც არა ის ექსპლუატაციური თუ ღირსებაშემლახავი დამოკიდებულებებია, რაც ამ ტიპის სამუშაოს ახლავს თან, იმისდა მიუხედავად, თუ როგორი მასპინძელი ოჯახი შეგხვდება, არამედ ის ორმხრივი ზრუნვა და სიყვარული, რომელიც ბავშვებთან მუშაობის დროს, აუცილებლად გიჩნდება. ბევრჯერ მომისმენია, ადამიანებს არა კონკრეტული სუბიექტი, არამედ მათში ინვესტირებული ზრუნვა გვიყვარსო.

და რა ემართებათ ოპერებს, როდესაც ისინი მუშაობას წყვეტენ? რა ემართებათ ადამიანებს, რომლებიც ტოვებენ ბავშვებს, რომლებშიც უამრავი ზრუნვა ჩადეს, უამრავჯერ ჩააცვეს, დავარცხნეს, აჭამეს, დააძინეს? რა ემართება ყველა ქართულად ნამღერ იავნანას, რომელსაც მე აუცილებლად ვუთარგმნი ბავშვებს, რომ ზუსტად ესმოდეთ რაზეა ეს სიმღერა?

ჩემთვის ოპერის და ბავშვების განშორება ემოციურად ძალიან ჰგავს ყველა იმ დედა პერსონაჟის ისტორიას, რომელიც სხვადასხვა მიზეზით თავადვე კლავს თავის შვილს[iii]. რადგან ეს გამოცდილება, „ვადიანი სიყვარულის“ ბეწვის ხიდზე სიარულს მაგონებს, მუდამ რომ უნდა შეინარჩუნო სიფხიზლე და სიფრთხილე, ზედმეტი არ მოგივიდეს, ზედმეტად არ შეგიყვარდეს, ზედმეტად არ იზრუნო, მაშინ როცა იცი, რომ შენს წარმოსახვით დედაშვილობანას თამაშს აუცილებლად მწარე დასასრული აქვს.

ჩემი გამოცდილება კი ნამდვილად იყო გადაჭარბებული ზრუნვით სავსე. და ცხადია, ეს არასდროს იყო ცალმხრივი. განვლილი წელი შესაძლოა ბევრად მარტივიც კი ყოფილიყო, გაცემული ზრუნვის დიდი ნაწილი რომ არ დამბრუნებოდა. რომ არ მიმეღო უამრავი ნახატი საჩუქრად, არ მომესმინა, რომ ბავშვებს ჩემთან ერთად უნდათ ძილი, არ გაეყოთ ჩემთვის თავიანთი ტკბილეული და ზოგჯერ, სრულიად მოულოდნელად, არ ეკოცნათ ლოყაზე, ისე, უბრალოდ.

Image removed.

ბავშვი ეფერება კატას

Image removed.

განსაკუთრებით კარგად მახსოვს, ჯერ კიდევ ახალი ვიყავი ბერლინში, გრეტელი მოვიდა, მეთამაშებოდა და თმაში მარილს მაყრიდა, იმ დროს ვერაფერზე ვეუბნებოდი უარს და ცხადია, უფლება მივეცი სიცილ-კისკისით ჩემი თმა საჭმელი მარილით გაევსო, თვითონაც იცოდა, რომ რაღაცას აშავებდა. რამდენიმე საათი გავიდა, ჩემს ოთახში ვიჯექი, რაღაცას ვკითხულობდი. ჩუმად მოვიდა და ხმის ამოუღებლად დამიწყო თმის გასუფთავება, ასე ვისხედით დიდხანს, არ ვლაპარაკობდით, მე ვკითხულობდი და გრეტელი მარილს აგროვებდა ჩემი თმიდან.

როგორც ბავშვი ვერ აკონტროლებს მიჯაჭვულობას და სიყვარულს ოპერის მიმართ, ვიტყოდი, რომ ოპერი კიდევ უფრო მეტად ვერ საზღვრავს გაცემულ თუ მიღებულ ზრუნვას და სითბოს ბავშვის მიმართ. ან კი, როგორ გინდა განსაზღვრო ისეთი რამ, რაც ძალიან იმპულსურია, რეაქტიული და, შესაბამისად, ყველაფერთან ერთად ძალიან, ძალიან ადამიანური.

ამიტომ ამას ვიტყოდი, ოპერის პროგრამა არ არის გათვლილი ადამიანურ ზრუნვაზე, ის არის ზრუნვა, როგორც მხოლოდ სამსახური, ანაზღაურებადი ზრუნვა, დათვლილი ზრუნვა, გამოქვითული ზრუნვა, დამკვეთის მხრიდან კონტროლირებული ზრუნვა და ამ ფაქტის მიღება ჩემთვის შეუძლებელი აღმოჩნდა, ამ ტექსტის წერისასაც კი.

არასდროს დამავიწყდება, დასასვენებლად ვიყავი ოჯახთან ერთად, რა დროსაც შრომა განსაკუთრებით ინტენსიური ხდებოდა ხოლმე. ჩემს ოთახში ვიწექი და ვტიროდი, გრეტელი შემოვიდა, ცხადია, დაუკაკუნებლად. არც კი მიცდია დამემალა, რომ ვტიროდი, თითქოს მინდოდა კიდეც, სცოდნოდა, რომ ის, რაც ჩემს „არასამუშაო დროს“ ჩემს პირად ოთახში ხდება, საკმაოდ არასასიამოვნო და მძიმეა. თვითონ არც კი შეიმჩნია, მოვიდა და ზემოდან დამაწვა. რამდენიმე წამი მოითმინა და მერე მკითხა: შეიძლება ცრემლები აგილოკო?!

ეძღვნებათ ჰენსელს და გრეტელს*

რიგით მე-3 ოპერისგან.

ბუნდოვანი ფოტო, ელენე დუდუჩავა
ჰენსელის გადაღებული ფოტო, ბუნდოვანი, როგორც მისი მომავალი მოგონებები ჩემ შესახებ.
 

* სახელები შეცვლილია ბავშვების ანონიმურობის დაცვის მიზნით.

[i] ოპერების ექსპლუატაციის გამოცდილების შესახებ იხ. Cuban, S. (2019). Book Review: As an Equal? Au Pairing in the 21st Century. Center for Migration Studies.

https://journals.sagepub.com/doi/10.1177/0197918319872989

Dias, I. (2021, September 14). When You Live With Your Boss: The Horrors and Indignities of Working as an Au Pair. Mother Jones. https://www.motherjones.com/politics/2021/09/when-you-live-with-your-boss-the-horrors-and-indignities-of-working-as-an-au-pair/

Cox, R. (2018, October 9). Gender, work, non-work and the invisible migrant: au pairs in contemporary Britain. Nature. https://www.nature.com/articles/s41599-018-0174-9

[ii] 2023 წელს ნორვეგიამ გამოაცხადა, რომ არასათანადო სამუშაო პირობების გამო ოპერის პროგრამას აუქმებს. Mallikka, M. (2023, March 30). Being an au pair in Norway is over Scandasia Nordic News and Business Promotion in Asia. Scandasia. https://scandasia.com/being-an-au-pair-in-norway-is-over/

[iii] Kellaway, D. (2023, February 13). Saint Omer…a woman has killed her baby. Anticapitalistresistance.org.

https://anticapitalistresistance.org/saint-omer-a-woman-has-killed-her-baby/