1887-1973 / საზოგადო მოღვაწე
იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი 1905 წლიდან. აქტიურად მონაწილეობდა 1905-1906 წლებში ტფილისში რევოლუციურ გამოსვლებში; ამზადებდა საგაზეთო მასალებს; 1919 წელს არჩეული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ რამდენჯერმე დააპატიმრეს. რეპრესიებში მოყვა მისი ოჯახი.
სხვადასხვა დროს იყო მასწავლებელთა სახლის ქართული ენის კაბინეტის გამგე და საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმის თანამშრომელი.
1941-1964 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებასა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიაში. მოამზადა მნიშვნელოვანი შრომები ქართული ბეჭდვითი სიტყვის ისტორიის შესახებ. იყო უმნიშვნელოვანესი გამოკვლევების ავტორი ხევისა და სამხრეთ საქართველოს ისტორიის შესახებ. დამუშავებული და შესწავლილი აქვს IX-XIX საუკუნის 1500-ზე მეტი ხელნაწერი.
ფოტო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი