- გადაცემის ვიდეო-ჩანაწერის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: http://www.radiotavisupleba.ge/media/video/genderuli-ambebi-adreuli-kor…
ანოტაცია
რატომ არის პრობლემა ადრეულ ასაკში ქორწინება? რამდენად ხშირია ამგვარი შემთხვევები? ვინ ითვლის, ან როგორ უნდა დაითვალოს რამდენი გვყავს დაქორწინებული ბავშვი საქართველოში? რა იწვევს ან რა მოსდევს ამ ამბავს? მოისმინეთ ამ შეკითხვებზე პასუხის დაძებნის მცდელობა გადაცემაში - „ფემინსტრიმი.“
სტუმრები არიან: ეკა სხილაძე, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი სახალხო დამცველის ოფისიდან და თამთა კახაბერიძე, სამოქალაქო აქტივისტი, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კირნათის მე-11 კლასის მოსწავლე.
მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი ბაია პატარაია.
ფემინისტური მუსიკა: მია ზაპატა
ეს ამბავი სიეტლში მოხდა: 1993 წლის 7 ივლისს, გამთენიისას, ერთმა სექსმუშაკმა, ქუჩაში ნაწამები ქალის გვამი იპოვა, რომელიც ჯვარცმული ქრისტეს პოზაში მიეგდოთ. ეს ქალი, იმ პერიოდში, სიეტლში მოღვაწე პანკ ჯგუფის “The Gits”-ის სოლისტი, მია ზაპატა იყო. იგი ბარიდან სახლისკენ მიემართებოდა, როდესაც უცნობი ადამიანი თავს დაესხა, გააუპატიურა და შემდეგ წამებით მოკლა. იმ დროს მია ზაპატა 27 წლის იყო... და ამიტომაც, ამ ტრაგიკულმა ამბავმა იგი „27 club”-ის წევრად აქცია. ეს ფაქტი შოკისმომგვრელი იყო როგორც მიას ახლობლებისთვის, ასევე იმ პერიოდში მოღვაწე ქალი მუსიკოსებისთვის, რომლებიც მძიმე ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ აღმოჩნდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მია არ იყო უბრალოდ ერთი მოკლული ქალი. მკვლელობის აქტი სიმბოლურ ხასიათს უფრო ატარებდა ყველა იმ ქალის მიმართ, ვინც გაბედულად ცდილობდა თვითგამოხატვას მამაკაცებით დომინირებულ სცენაზე და არ ჩუმდებოდა ირგვლივ გამეფებული უსამართლობაზე.