ქალები "ვაჟური ყრილობების" პირისპირ

Კითხვის დრო: 1 წუთი
Teaser Image Caption
ნათია გვიანიშვილი, ნანა ბაგალიშვილი და მარინა ვაშაყმაძე

ანოტაცია

გადაცემა მიეძღვნა ქართული ფემინიზმის ისტორიას: ვინ იყვნენ ქართველი ფემინისტები, ვინც ქართულ საზოგადოებაში წამოიწყო დისკუსია "ქალთა საკითხის" შესახებ? რა იყო ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებზეც ეს ქალები ამახვილებდნენ ყურადღებას და შეიძლება თუ არა პარალელის გავლება იმ საკითხებთან, რომლებიც დღევანდელი ქართველი ფემინისტების დღის წესრიგში დგას?

სტუმრები: ისტორიკოსი ლელა ხომერიკი და სამოქალაქო აქტივისტი ნანა ბაგალიშვილი. ნანა ბაგალიშვილი არის ფემინისტი აქტივისტი წნორიდან, რომელიც ბევრს მუშაობს იმისათვის, რომ ადგილობრივი ყოფა გამოაცოცხლოს, უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახადოს ახალგაზრდებისთვის.

მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემა მიჰყავდა ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრებს - ნათია გვიანიშვილს და ლილი მამულაშვილს.

ფემინისტური მუსიკა:  Peaches

მისი სტილი ცნობილია უხეში ელექტრონული მუსიკით, ვულგარულობით და იუმორის გრძნობით. Peaches-ს უყვარს გენდერული იდენტობის საზღვრების გაბუნდოვნება. მას ხშირად აკრიტიკებენ სექსუალობის თემაზე ვულგარული სიმღერების შექმნისთვის. კრიტიკოსების ნაწილი Peaches-ს იმაში ადანაშაულებს, რომ იგი სექსუალობის ხარჯზე ჰყიდის პროდუქციას. სინამდვილეში კი, იგი ილაშქრებს რეპსა და ჰიპ-ჰოპში ქალების რეპრეზენტაციის მიმართ, რომელიც უკიდურესად მიზოგინურია, ამიტომაც მას რეპის საშუალებით ხშირად ისევე ჰყავს ობიექტივში ამოღებული მამაკაცის სხეული, როგორც ქალის სხეულია ობიექტივირებული. Peaches-ის შემოქმედებაში შეხვდებით მეინსტრიმ კულტურის და მასში დამკვიდრებული ფსევდო-ლესბოსური ქცევის კრიტიკას, სიმღერებს ვუაიარიზმზე, ინფანტილურობაზე და ა.შ.