- გადაცემის ვიდეო-ჩანაწერის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: http://www.radiotavisupleba.ge/media/video/religia-da-feminizmi/26985451.html
ანოტაცია
გადაცემაში საუბარია რელიგიის მიერ ქალისათვის დაწესებულ ნორმებზე. როგორც შეიძლება ამ რელიგიური ნორმებიდან განთავისუფლება? და რამდენად ახლოს ან შორს არის რელიგია ფემინიზმთან და არის თუ არა ფემინისტური რელიგია ოქსიმორონი?
სტუმარი: ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი - რუსუდან გოცირიძე.
მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი ეკა იმერლიშვილი. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრს ლილი მამულაშვილს.
ფემინისტური მუსიკა: შინაიდ ო’კონორი
47 წლის ირლანდიელი მომღერლის - შინაიდ ო’კონორის კარიერა სამ ათწლეულს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში, მისთვის მრავალი რამ უწოდებიათ: ყურადღების-მაძიებლიდან დაწყებული, მენტალურად ავადმყოფითა და ტერორისტით დამთავრებული. როგორც თავად აცხადებს, იგი არ მოიაზრებს თავს ფემინისტად, თუმცა მის შემოქმედებას არაერთი ფემინისტური მნიშვნელობის ჰიმნი ეკუთვნის. შინაიდ ო’კონორის პერსონა დღესაც დავის საგანია, ისევე, როგორც გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც მან რომის პაპის სურათი პირდაპირ ეთერში საჯაროდ დახია. იგი აგრესიულობისა და მოწყვლადობის საოცარ ნაზავს წარმოადგენს გადაპარსული თმით, ტატუებით და ცრემლიანი თვალებით, რომელიც მსმენელს მისი ყველაზე პოპულარული სიმღერისა და 90-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ჰიტიდან “Nothing compares to you” -ს ვიდეოკლიპიდან ახსოვს.