ქალის სხეული, როგორც საომარი ტერიტორია

Კითხვის დრო: 1 წუთი
Teaser Image Caption
ეკა იმერლიშვილი, ნინო ნანიტაშვილი, მარინა ვაშაყმაძე

ანოტაცია

ქალის სხეული ხშირად აღიქმება ქვეყნის ეროვნულ საგანძურად, მისი გენოფონდისა და სიწმინდის შენარჩუნების გზად. ქალის სხეული და მისი რეპროდუქციული ფუნქცია, აგრეთვე, განიხილება, როგორც ქვეყნის გადარჩენის, თვითმყოფადობისა და ეროვნულობის სიმბოლო. ამიტომ, ომისა და საომარი მოქმედებების დროს ქალის გაუპატიურება ცალსახა განცხადებაა, ერთი ქვეყნის მხრიდან მეორის შეურაცხყოფის, დემორალიზაციისა და დაცინვის, მის საგანძურზე სიმბოლური ბატონობის, მის გენოფონდზე მისივე კონტროლის დაკარგვის და დაცვის უუნარობაზე.

სტუმრები: "დღის დიალოგის" სტუმარი იყო ლია მუხაშავრია, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი. "ქალის ამბავი" მიეძღვნა ნინო ნანიტაშვილს - Google-ის განვითარების ჯგუფის მენეჯერს.

მარინა ვაშაყმაძესთან ერთად გადაცემას უძღვებოდა ეკა იმერლიშვილი - ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი. რუბრიკა „ფემინისტური მუსიკა“ მიჰყავდა ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ ლილი მამულაშვილს.

ფემინისტური მუსიკა:  Grimes

კლერ ბუშერი, სასცენო სახელით გრაიმსი, 25 წლის კანადელი ელექტროპოპ მუსიკოსი და ფემინისტია. ყოფილი კათოლიკე და რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ მორცხვი კლერი, პერფორმანსებსა და კლიპებში საკუთარი თავის გასაგნებისა და სექსუალიზების წინააღმდეგ ილაშქრებს. ამასთან, მან კომერციულ წარმატებასაც მიაღწია, იგებს პრიზებს, ჩნდება ისეთი ჟურნალის გარეკანზე, როგორიცაა “Dazed and Confused”, თუმცა არაფრით ჰგავს იმ შემსრულებლების უმეტესობას, რომლებიც დღეს კომერციული წარმატების მწვერვალზე იმყოფებიან. იგი თავისი შემოქმედების საშუალებით ცდილობს პოსტფემინისტური ნარატივი განავითაროს თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში.