იკითხე პოლიტიკა: - შენი დაკვირვებით, რამდენად იკითხება გენდერული საკითხები პოლიტიკოსების წინასაარჩევნო პროგრამებში და საჯარო გამოსვლებში?
ნათია გვიანიშვილი: - ქართულ პოლიტიკურ კულტურაში, სამწუხაროდ ცალკეულ სოციალურ ჯგუფებზე გათვლილი მესიჯები არ გვხვდება ხოლმე. წინასაარჩევნო კამპანიებშიც, თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ძირითადად ქართველებზე, როგორც ერთ დიდ ჰომოგენურ ჯგუფზე არის აპელირება. ქართველი პოლიტიკოსები, ჩემი აზრით, ქალებს, როგორც ამომრჩევლების ცალკე ჯგუფს ვერ ხედავენ და შესაბამისად გენდერული საკითხები ამ დროს მათთვის პრიორიტეტული არაა.
- რამდენად მგრძნობიარეები არიან პოლიტიკოსები გენდერული საკითხების მიმართ და მათი გამოსვლები /პროგრამები მიმართულია პრობლემური საკითხების მიმართ ჯანსაღი დისკუსიის დასაწყებად და კონკრეტული აქტივობებისკენ თუ კვლავ სტერეოტიპების კვლავწარმოებას და დაჩაგრული ჯგუფების მარგინალიზაციას უწყობს ხელს?
- იმ პროგრამებიდან, რაც მე მაქვს წაკითხული, გენდერულ საკითხებზე ისევე, როგორც სხვადასხვა მარგინალიზებულ სოციალურ ჯგუფებზე პარტიები დიდ აქცენტს არ აკეთებენ. როგორც წესი ყველაზე ადექვატური პოზიცია „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს ხოლმე, რომელმაც არაპოპულარულ თემებზე საუბრის გზა აირჩია ბოლო არჩევნების შემდეგ და ჩემი აზრით ეს ცოტათი ცვლის ჩვენს პოლიტიკურ გარემოს, თუმცა პოლიტიკურ მეინსტრიმში მდგომარეობა უცვლელია. ჩვენი პოლიტიკოსები, ერთი მხრივ, გენდერულ საკითხებთან და სხვადასხვა მარგინალიზებულ ჯგუფთან დაკავშირებულ ინიციატივებს ახორციელებენ, რადგან ეს საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი ნაწილია; მაგრამ, მეორე მხრივ, არასოდეს იწუხებენ თავს, მაგალითად, ფემიციდის ან ძალადობის სხვა შემთხვევების დაგმობით. სხვა შემთხვევებში, როგორც, მაგალითად, გენდერული კვოტირების ან ფემინიციდის კანონპროექტის განხილვისას იწყებენ ქილიკს და სექსისტური განცხადებების გაკეთებას. შესაბამისად, საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს მისდის ძალიან არეული შეტყობინება და ჰგონია, რომ ის კანონები, რომელსაც ვიღებთ, და მექანიზმები, რომლებსაც ვქმნით - არის თავსმოხვეული და ჩვენს მთავრობასაც კი არ სჯერა მათი.
- როგორც აქტივისტი ქალი, რას ისურვებდი, მოგესმინა პოლიტიკოსებისგან და როგორ ფიქრობ, რა თემებზეა მათი აქტიურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
- როგორც აქტივისტი ქალი ვისურვებდი, რომ პოლიტიკოსებმა ქალები ამომრჩევლებად დაინახონ. და ასევე, შეეშვან ამომრჩევლების ჰომოგენიზაციას. დღესდღეობით გათვლა იმაზეა, რომ საქართველოში ბევრს უჭირს და შესაბამისად, რაღაც ზოგადი დაპირებები ადამიანს მიიყვანს საარჩევნო უბანზე, მაგრამ ბოლო არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ადამიანებს აპათიური დამოკიდებულება უვითარდებათ დემოკრატიის ამ მნიშვნელოვანი ასპექტის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, რომ პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ მანდატი მთავრობაში და პარლამენტში უკლებლივ გმობდნენ ძალადობას ქალების და მარგინალიზებული ჯგუფების მიმართ. ყურადღების გამახვილება უნდა მოხდეს საზოგადოებაში სხვადასხვა სოციალური ჯგუფის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაზე, მათ შორის განათლების სისტემის მეშვეობით.
- თუ გაქვს განსაკუთრებული მოლოდინი ქალი კანდიდატების/პოლიტიკოსების მიმართ და კონკრეტულად რის მოსმენას ისურვებდი მათგან?
- ქალი პოლიტიკოსების მხრიდან ყოველთვის მქონდა მოლოდინი, რომ გენდერულ საკითხებზე მეტად გაამახვილებდნენ ყურადღებას, თუმცა ეს მოლოდინი ცოტა გულუბრყვილო გამოდგა. ამის მიზეზი ისაა, რომ ქალი პოლიტიკოსი საქართველოში დღესაც გამონაკლისია. მათი რაოდენობა კაცებთან შედარებით მცირეა და შესაბამისად, მათ უნდა მიიღონ ის თამაშის წესები, რომლებსაც „ბიჭები“ დაახვედრებენ. ამ წესების შეცვლა ძალიან რთულია იმიტომ, რომ ძალაუფლების დინამიკა, როგორც წესი, ქალების მხარეს არ არის. აქვე დავამატებ, რომ, რა თქმა უნდა, ყველა ქალი არ არის მგრძნობიარე იგივე გენდერული ან უმცირესობათა საკითხების მიმართ. დღევანდელი ქართველი ქალი პოლიტიკოსებიდან სულ რამდენიმეა, ვინც საუბრობს ზემოხსენებულ საკითხებზე. არ იქნებოდა ურიგო, სამომავლოდ ქალ პოლიტიკოსებს შორის გარკვეული ალიანსები არსებობდეს, სადაც ისინი პრინციპულ სოციალურ საკითხებზე კონსენსუსს მიაღწევდნენ და საკუთარ პარტიებში მოახდენდნენ ამ საკითხების მეინსტრიმინგს (რაც დღევანდელი პოლიტიკური კომპეტენციის და პარტიებს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ნაკლებად წარმომიდგენია). კარგი იქნებოდა ქალი პოლიტიკოსებისგან მეტის მოსმენა გენდერულ საკითხებზე, კარგი იქნებოდა ისინი პირველები გმობდნენ გენდერულ ძალადობას ყოველგვარი „მაგრამ“-ის გარეშე. ქალებს, ჩვენი სოციალური პოზიციიდან გამომდინარე, როგორც წესი, უფრო კარგი სურათი გვაქვს იმისა თუ რა საჭიროებები აქვთ სხვადასხვა ჯგუფებს, მაგალითად, ბავშვებს და მოხუცებს. ამ ცოდნის და ხედვის განხორციელება ქართულ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია და სამომავლოდ ვთვლი, რომ სწორედ ქალი პოლიტიკოსები წამოწევენ ამ საკითხებს წინ.
- როგორ ფიქრობ, ხდებიან თუ არა საქართველოში თავად ქალი კანდიდატებიც გენდერული სტერეოტიპების და უთანასწორობის მსხვერპლები, როგორც საზოგადოების, ასევე კოლეგების მხრიდან?
- ყველამ ვინც ასე თუ ისე ადევნებს თვლას ქართულ პოლიტიკას იცის თუ როგორი გააფთრებული თავდასხმების მსხვერპლი შეიძლება გახდეს ქალი პოლიტიკოსი. ქალი პოლიტიკოსების ქცევა გაცილებით უფრო მეტი კონტროლის ქვეშ არის, ვიდრე მათი კაცი კოლეგების. თუ დააკვირდებით, როდესაც ვიღაც უკმაყოფილოა ქალი პოლიტიკოსის მიერ გადადგმული ნაბიჯით ან მისი დისკრედიტაცია სურს, ლანძღვის მორევში დომინანტური ადგილი უკავია მის გარეგნობაზე აპელირებას. ასევე, უფრო სამარცხვინოდ მიიჩნევა ის, რომ ქალი პოლიტიკოსი შეიძლება კლუბში წავიდეს, ვიდრე ის, რომ პარლამენტარი კაცები შეიძლება სესიის დროს ონლაინ პოკერს თამაშობდნენ ან პორნო საიტებს ათვალიერებდნენ. გავიხსენოთ ასევე პოლიტიკოსების სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრების საკითხი, კაცებისგან განსხვავებით (თუ გამოვრიცხავთ ჰომოსექსუალური კავშირების ამსახველ მასალებს) ქალი პოლიტიკოსების დაშინებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მეთოდი იყო.
ეს „ბულინგი“ ხშირია ასევე პოლიტიკოსებს შორისაც. კაცი პოლიტიკოსები დღემდე ცოტა დამცინავად უყურებენ ქალებს და მათ მიერ დაწყებულ ინიციატივებს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კვლევები გვეუბნება, რომ ქართული საზოგადოება დღეს უფრო მეტად ენდობა ქალებს პოლიტიკაში, საქართველოს პარლამენტი დღემდე ძალიან რეზისტენტულია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის წახალისებისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმის მიმართ.
- შესაძლებელია თუ არა დღეს საქართველოში პოლიტიკოსების და აქტივისტების/უფლებადამცველების თანამშრომლობა თუნდაც იმ კუთხით, რომ გენდერული საკითხები სწორად იქნას დაყენებული პოლიტიკურ დღის წესრიგში? რა შეუძლიათ აქტივისტებმა შესთავაზონ პოლიტიკოსებს?
- მსგავსი თანამშრომლობა გარკვეულწილად უკვე არსებობს არასამთავრობო სექტორსა და აღმასრულებელ მთავრობას შორის. კარგი იქნებოდა ის ასევე პარლამენტზეც გავრცელდეს, საიდანაც ჟღერდება პოლიტიკური მესიჯები. დღესდღეობით ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ კონკრეტულ ინიციატივებზე შიგნიდან მოვახდინოთ გავლენა (ისიც, თუ სამთავრობო უწყებები არ არის ძალიან რეზისტენტული), პარტიების და პარლამენტარების მესიჯებზე და პოზიციებზე ხელი ნაკლებად მიგვიწვდება, თუმცა მსგავსი პრაქტიკა შესაძლებელიცაა და საჭიროც. თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ სამოქალაქო და სამთავრობო სექტორების ურთიერთქმედებაა. აქტივისტებს შეუძლიათ პოლიტიკოსებს შესთავაზონ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც კონკრეტულ ჯგუფებთან მუშაობისას და მათი მდგომარეობის შესწავლისას მოიპოვეს. დისკუსია ამ მხარეებს შორის უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ პოლიტიკურ პროგრამებში გაჩნდეს საკითხები, რომლებიც აქამდე უგულვებელყოფილი იყო და, რომ პოლიტიკოსებმა ისინი სწორად გაიგონ და დასვან.