სიტყვა მომზადებულია ევრიმაჟის გენდერული თანასწორობის შეხვედრისთვის, რომელიც გაიმართა თბილისში 2018 წლის 11 დეკემბერს ევრიმაჟის მმართველობითი საბჭოს 153-ე შეხვედრის ფარგლებში. დასაბეჭდ ვარიანტში შესულია მცირე ცვლილებები.
ქვეყნების ისტორია ძირითადად მითებზეა დაფუძნებული, მათ შორის ჩვენიც. მეტიც, ხშირად ჩვენი დიდებული წარსულის გადამეტებული შეფასებითაც ვართ ცნობილი. მეც ვერ ვუძლებ ცდუნებას, რომ არ ვახსენო ერთი ამბავი - მითი, რომლის მეშვეობით საქართველო გლობალურ კონტექსტში წარმოჩინდება. სწორედ მისი მეშვეობით ხდება ეს პატარა ქვეყანა გამორჩეული და განსაკუთრებული. მგონია, რომ ქალები ამ ისტორიის მთავარი გმირის - მედეას თვისებებს მუდამ ვატარებთ. ჯადოქრობასთან, განკურნებასა და გარდასახვებთან ასოცირებული ეს ძლიერი, და მრავალბუნებოვანი ქალი ყველაზე მძაფრად კი კინემატოგრაფისტებს უკავშირდება, ისევე როგორც კინო უკავშირდება ჯადოქრობასა და კათარზისს.
კიდევ არის რამდენიმე რამ წარსულიდან, რითაც ძალიან ვამაყობთ, რაც ჩვენთან ლიტერატურის და მოძრავი გამოსახულების საწყისს უკავშირდება. V საუკუნის ქართული ლიტერატურა და XX საუკუნის დასაწყისის ქართული კინო ქალი გმირების ცხოვრების აღწერით იწყება. ეს თემა შორს წაგვიყვანს; თუმცა, ალბათ, საინტერესო იქნებოდა იმის კვლევა, თუ როგორ აისახება გარემო ორივე ნამუშევარში და როგორ იცვლება ქალი გმირის სახე ქართულ საზოგადოებასა და ხელოვნების სხვადასხვა ჟანრში.
V საუკუნის ტექსტი - “შუშანიკის წამება” - სომეხ ქალზეა, რომელსაც საკუთარი ქმარი აწამებს. 1919 წელს გადაღებულ ფილმში “ქრისტინე” (რეჟისორი - ალ. წუწუნავა) კი სოფელში მცხოვრები გოგო თავის მოკვლას გადაწყვეტს მას შემდეგ, რაც ადგილობრივი თავადი გააუპატიურებს.
ორივე ქალის ამბავი ტრაგიკულად მთავრდება.
ის, რაც ამ ორ უმნიშვნელოვანეს, საუკუნეებით დაშორებულ ნამუშევარს აერთიანებს, არის ავტორი, რომელიც მხოლოდ იმის გამო არ არის ანონიმური, რომ კაცია. რა თქმა უნდა, ეს არ აკნინებს ამ ნამუშევრების მნიშვნელობას, უბრალოდ, იმის წარმოდგენის მცდელობაა - როგორ განვითარდებოდა ისტორია, თუკი ქვეყნის მთავარი კულტურული ნიშნულები, რომლებიც ქალი გმირის ბედს აღწერენ, ქალი ავტორისავე შექმნილი იქნებოდა.
ნუცა ღოღობერიძის - პირველი ქართველი რეჟისორი ქალის ბიოგრაფია ძალიან სიმბოლურია ქალი ხელოვანის ბედის აღსაწერად ჩვენს რეალობაში. 1927 წელს 25 წლის ნუცა იღებს პირველ დოკუმენტურ ფილმს “მათი სამეფო” მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად. მისი მეორე ფილმი - “ბუბა” 1930 წელს გამოდის; ხოლო “უჟმური” კი 1934 წელს - ეს პირველი საბჭოთა მხატვრული ფილმია, რომლის რეჟისორიც ქალია.
1937 წლის სტალინური რეპრესიების დროს ის ათი წლით გადაასახლეს, როგორც “ხალხის მტრის ოჯახის წევრი”. მისი ფილმები აიკრძალა. გადასახლებიდან დაბრუნებული ნუცა კინოს აღარასოდეს მიბრუნებია.
ნუცა ღოღობერიძის გარდაცვალებიდან მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ გახდა შესაძლებელი მისი შემოქმედების ხელახლა აღმოჩენა და დაფასება.
ნუცას შვილი ლანა ღოღობერიძეა - გამორჩეული ქართველი რეჟისორი. შვილიშვილი ნუცა ალექსი-მესხიშვილიც - ასევე რეჟისორია.
ნუცა ღოღობერიძე არა მარტო ორი თაობის ქართველი რეჟისორი ქალის მშობელია, არამედ, როგორც პირველი რეჟისორი ქალი - ის „დამფუძნებელი დედაა“ ქართველ ქალ რეჟისორთა ყველა თაობისთვის.
ქართველი ქალი რეჟისორების ფილმები ძალიან პირადი, მგრძნობიარე და თამამი ბიოგრაფიული ელემენტებით არის სავსე. მათი ფილმები გამორჩეულია, ინდივიდუალური. ფონად კი სულ გასდევს ქალ-შემოქმედად ყოფნის სიძნელე პატრიარქალურ საზოგადოებაში; ეს შეგრძნება მუდამ არსებობს: საბჭოთა კავშირის დროს, მოგვიანებით - აღმავალი ნაციონალიზმის ეპოქაში, კიდევ უფრო გვიან - სამოქალაქო და ეთნიკური ომების დროს; ან თუნდაც ახლა, როდესაც ქალებმა ისტორიული კოლიზიების შედეგები საკუთარ ზურგზე მძაფრად ვიგრძენით.
მაშინ, როდესაც ქალის სახე ქართული მასობრივი წარმოების ფილმებში უფრო მეტად კაცზე დამოკიდებულების, უბიწოების და უმანკოების სიმბოლოდ მოიაზრება, ქალი არტისტები პირიქით - დამოუკიდებელ და თავისუფალ ქალებად წარმოჩინდებიან. გარკვეულწილად ისინი საკუთარი ფილმების გმირები არიან. მათი არსებობა კულტურულ კონტექსტში უამრავი შესაძლებლობის გაჩენას ნიშნავს, თითქმის ყველაფრის - ორსულობისა და ბავშვების გაჩენის, მშობლებისა და ახლობლების მოვლის, მუშაობის, ურთულესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების დროს ოჯახების გადარჩენის - შეთავსების უნარს და ამასთან ერთად - ძალასა და სურვილს, რომ მაინც შექმნან. დამეთანხმებით, შეუძლებლად ჟღერს, მაგრამ ასეა. მათი ფილმები, მუდმივი მშვენიერების სიმბოლოები, ქალი გმირების დახვეწილობა, ყოველთვის იქნება შთამაგონებელი მომავალი თაობებისთვის და მათაც აუცილებლად გაუჩენს, სურვილს შეცვალონ სამყარო.
ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ყოველთვის მაინტერესებდა კინო. ჩემი ოჯახი, რომელიც ჩემს ამბიციებსა და წამოწყებებში ძირითადად მხარში მედგა, ამ კონკრეტული სურვილის წინააღმდეგ წავიდა, სრულიად დარწმუნებული, რომ ახალგაზრდა, გამოუცდელი ქალი ვერ გავუძლებდი მასკულინური ინდუსტრიიის მძიმე და დაუნდობელ პირობებს. მახსოვს, რომ ყველა რეჟისორი ქალის სახელი ჩამოვუთვალე, ვინც ვიცოდი. მაგრამ ამანაც არ გაჭრა. ჩემზე, ჩემს გადაწყვეტილებებსა და მომავალზე კი ზუსტად ამ სახელებმა იმოქმედა.
სულ ცოტა ხნის წინ გამოცემა “გარდიანმა” ქართული კინოს 100 წლისთავის აღსანიშნავად ქართველ ქალ ავტორებზე სტატია გამოაქვეყნა - “კანის ფესტივალის სამარცხვინოდ - ქართული კინოს ფესტივალი, რომელსაც ქალები უძღვებიან”. სტატია კანის კინოფესტივალის კრიტიკის კონტექსტში დაიწერა, სადაც საკონკურსო სექციაში ქალი და კაცი ავტორების დიდი დისბალანსი იგრძნობოდა. სტატია შემდეგი წინადადებით იწყება “საქართველო 100 - კინოფესტივალი ლონდონში, სადაც ფილმების დიდი ნაწილი ქალების გადაღებულია. ისინი გამოწვევის წინაშე აყენებენ პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებულ გენდერულ როლებს”. თუმცა, იმავე სტატიაში ისმის კითხვა, არსებობს თუ არა მართლაც აქტიური ფემინისტური მოძრაობა ქართულ სახელოვნებო სივრცესა და საზოგადოებაში. ამ შემთხვევაში მე სრულიად ვიზიარებ რეჟისორ ნანა ექვთიმიშვილის მოსაზრებას, რომელიც, კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ფემინიზმის გაძლიერება ქართველი ქალი რეჟისორების აღზევებას, ის დაუფიქრებლად პასუხობს, რომ - “არა”, და იქვე აგრძელებს - “სამწუხაროა, მაგრამ ეს ჩემი აზრია: არსებობენ ქალთა ორგანიზაციები და ინდივიდუალური აქტივისტები. ძლიერი ქალები, ძლიერი ხმებით. მაგრამ არ არსებობს ფემინისტური მოძრაობა. დღესაც საზოგადოება ფიქრობს, რომ ფემინიზმი სახიფათოა, რადგან ქართული ტრადიციების წინააღმდეგ არის, მისი ეშინიათ”. ნანას მეც ვეთანხმები და ხშირად ვფიქრობ, რატომ არ ამბობენ ქართველი ხელოვანი ქალები ხმამაღლა, რომ ფემინისტები არიან, მაშინ, როდესაც მათი ნამუშევრები და გამოხატვის ფორმები მკაფიოდ ფემინისტურია?
იმავე სტატიაში ავტორი აგრძელებს: ვისაც არ ვკითხე არავინ იცოდა პასუხი იმაზე, თუ რა არის ქართველი რეჟისორი ქალების დღეს ასეთი გაძლიერებისა მიზეზი. “არ ვიცი, რატომ ვართ ამდენი,”- ამბობს ელენე ნავერიანი - “მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალები თავიანთ ამბავს ყვებიან. ჩვენ ქალების მზერა გვჭირდება”.
მეც მაქვს კითხვები ჩემს კოლეგა ქალებთან - ხელოვანებთან, რეჟისორებთან:
რატომ გერიდებათ, თქვენს გულწრფელ და ძვირფას ნამუშევრებს ფემინისტური უწოდოთ?
ხართ თუ არა ფემინისტები?
და თუ არა, რატომ?
თუ ქართულ საზოგადოებას, გლობალურ ფემინისტურ მოძრაობებს და გენდერული თანასწორობის საკითხებს ერთად გავისიგრძეგანებთ, მაშინ კიდევ ერთხელ დავინახავთ, თუ როგორ გვჭირდება მეტი ქალი არა მარტო ხელოვნებაში, არამედ გადამწყვეტ პოზიციებზე კულტურასა და კინოწარმოებაში. ჩვენ ძალიან გვაკლია ქალთა ხმები: თუნდაც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კომისიებში, სხვადასხვა ოფიციალურ სტრუქტურებში, დისკუსიებისა და საჯარო გამოსვლების დროს, პოლიტიკაში.
ჩემი აზრით, თანამედროვე ხელოვანი ქალი დღეს ფემინისტი ხელოვანია. მას ყველაზე კარგად უნდა ესმოდეს დაჩაგრულთა ხმა, ახმოვანებდეს და ასახავდეს ამას კინემატოგრაფიულ თუ სხვა სახელოვნებო ფორმებში. ქალი ხელოვანი არის ის, ვინც ყველაზე კარგად უსმენს და მოაქვს სათქმელი ჩვენამდე. ის არის ის, ვინც ცვლის გარემოს.
მგონია, რომ დროთა განმავლობაში ხელოვანი ქალები საუკუნეების განმავლობაში ჩახშობილ ხმას კიდევ უფრო გააძლიერებენ. ანონიმურობის ეპოქა დასრულდა, ამოთქმის დროა, რადგან მომავალი ჩვენს გარეშე არ არსებობს, რადგან მომავალი ჩვენ ვართ და ეს მომავალი არის ქალების.