ჩვენ კულტურაში ოჯახი საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს ერთეულად ითვლება. სახელმწიფო ინსტიტუტებიც ამ მოსაზრებას იმეორებენ. ამ წარმოდგენით, ოჯახი, თავისი ეკონომიკური თუ სოციალური სიმტკიცით უნდა აძლიერებდეს სახელმწიფოს. ბავშვის გაჩენა მოითხოვს ეკონომიკურ სიძლიერეს, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და კულტურულ მზაობას.
რა ხდება, როდესაც სახელმწიფო ამ ერთობლიობას ვერ უზრუნველყოფს და ქალი თავისი უნარებით, ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობით ამ ბალანსის მიღმა რჩება – სოციალურად უცხო და ეკონომიკურად მარტო.
„ვარსებობ და ეგ არის“ – ასე აღწერს დედობას კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, რაც მარტოხელა დედების მდგომარეობის ზოგად სურათს სახავს.
სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით, მარტოხელა დედების ძირითადი გამოწვევა სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია. ფინანსური კრიზისი მუდმივი მდგომარეობაა მარტოხელა ოჯახების უმეტესობაში (Medora, Wilson, & Larson, 2001). მარტოხელა დედისთვის რთული ხდება ბავშვების ძირითადი საჭიროებების დამოუკიდებლად დაკმაყოფილება - საკვებით, ტანსაცმელი, სკოლის ნივთებით უზრუნველყოფა. ძნელდება ცხოვრების წინა სტანდარტის შენარჩუნება და პირადი საჭიროებისთვის ხარჯების გამონახვა. ხშირად მარტოხელა დედების ცხოვრებაში არ არსებობს სხვა ზრდასრული ადამიანი, ვისაც გაუზიარებდა გადაწყვეტილებებსა და ფინანსურ პასუხისმგებლობას. ბავშვის მოვლის, საარსებო წყაროს შოვნის და მშობლის სრული ტვირთი ეკისრება ქალს (Menaghan, 2003).
განსაზღვრებისთვის - მარტოხელა დედა არის ქალი, რომელსაც ყავს მხოლოდ მასზე დამოკიდებული შვილი ან შვილები. ქალი მარტოხელა დედა სხვადასხვა მიზეზით ხდება. ეს მიზეზი შეიძლება იყოს პარტნიორის გარდაცვალება, განქორწინება, მიტოვება, პირადი არჩევანი და სხვა. ეს მდგომარეობა ქალისთვის გაორმაგებულ პასუხისმგებლობას, შესაძლებლობების შეზღუდვას ნიშნავს. თავისუფალი დროის ნაკლებობის, თანადგომის არქონის, სასიცოცხლოდ საჭირო სახელმწიფო სერვისების არარსებობის გამო, მარტოხელა დედებს ხელიდან ეცლებათ დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა, ისევე როგორც არ რჩებათ დასვენების შესაძლებლობა.
ნებისმიერი სახელმწიფოებრივი წყობა, რომელშიც მარტოხელა დედობა ჯერ კიდევ არ არის ნორმად აღიარებული, ქალს რთულ, მუდმივად სტრესულ პირობებში ამყოფებს. ამის მიუხედავადაც, პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ ეკონომიკური ტრანსფორმაციების განხილვა, რომლებმაც მარტოხელა დედობა არა მხოლოდ ემოციურ სირთულედ და სოციალურ ბარიერად, არამედ არსებობისთვის ბრძოლად აქცია.
ისტორიული თვალთახედვით, მარტოხელა დედებს განსაკუთრებულად დიდი ზარალი ეკონომიკურმა ცვლილების პროცესმა მიაყენა (Andreβ & Hummelsheim, 2009). საბჭოთა კავშირის - სადაც მარტოხელა დედები სახელმწიფოს მხარდაჭერით სარგებლობდნენ – დაშლას, არსებული კეთილდღეობის სისტემის ნგრევას, მოგვიანებით კი ნეოლიბერალურ რეფორმებს შედეგად მარტოხელა დედების გაღარიბება მოჰყვა, რამაც ისინი დაუცველები გახადა – მარტოხელა დედებს შეეზღუდათ ხელმისაწვდომი საცხოვრებლის უფლება, გაურთულდათ ბავშვის მოვლის საშუალებების მოპოვება. სახელმწიფო ინსტიტუტებს აღარ აღმოაჩნდათ მათი დახმარებისა თუ სერვისების გაწევის შესაძლებლობა (Woodson, 2016).
წინამდებარე კვლევითი სტატია ეყრდნობა და აანალიზებს შვიდ მარტოხელა დედასთან და ორ ექსპერტთან ჩატარებულ სიღრმისეულ ინტერვიუს. პირველი ორი რესპონდენტი თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ფილიალის მოსაცდელში იმ დროს ვიპოვე, როდესაც ისინი სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის განკუთვნილ წრეზე მყოფ შვილებს ელოდებოდნენ, ხუთი რესპონდენტი კი მათივე დახმარებით, თოვლის გუნდის პრინციპით ავარჩიე. გამოკითხული დედების ასაკი 30-დან 52 წლამდეა. ხუთი მათგანი თბილისში ცხოვრობს, ერთი ემიგრანტია სტამბოლიდან, ერთი კი ამჟამად სენაკშია, თუმცა ემიგრაციაში აპირებს წასვლას – ევროპის რომელიმე ქვეყანაში. გამოკითხულთაგან მარტოხელა დედის ოფიციალური სტატუსი მხოლოდ სამს აქვს.
მარტოხელა დედის სტატუსი
საქართველოს კანონმდებლობა მარტოხელა დედად აღიარებს და განსაზღვრავს შესაძლებლიდან ყველაზე ვიწრო ჯგუფს – მარტოხელა დედის სტატუსი შესაძლებელია მიენიჭოს ქალს, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, ან ქალს, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ნაშვილები ბავშვი და ის ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. წარმოდგენილი განსაზღვრება გამორიცხავს იმავე საჭიროებისა და ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის მქონე ქალებს, რომლებიც მარტო ზრდიან შვილებს განქორწინების, დაქვრივების ან სხვა მიზეზის გამო. საკონსტიტუციო სასამართლომ არსებული განსაზღვრება დისკრიმინაციულად ცნო. გამოკითხული ექსპერტის – სალომე მეზურნიშვილის განმარტებით, ამჟამად პარლამენტი, გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და გენდერულ საბჭოსთან ერთად, ახალ კანონპროექტზე მუშაობს.
2020 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, სოციალური მომსახურების სააგენტოში მარტოხელა დედის სტატუსის დადგენის თაობაზე ჯამში 5 371 განცხადება დარეგისტირდა. სტატუსი 4 501-მა ადამიანმა მიიღო[1]. ეს სტატისტიკური ინფორმაცია ვერ აჩვენებს სრულ სურათს მარტოხელა დედების რაოდენობის შესახებ, ერთი მხრივ, სწორედ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ვიწრო განსაზღვრების გამო, მეორე მხრივ კი, სტატუსის მიღების სირთულის, საზოგადოების მხრივ სტიგმატიზაციისა და ქალებისთვის ინფორმაციაზე ხელწვდომლობის გამო. ქალები, რომლებიც შვილებს მარტო ზრდიან და მარტოხელა დედის სტატუსი არ აქვთ, იმ მინიმალური სიკეთითაც ვერ სარგებლობენ, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს.
სახელმწიფოს არ აქვს ერთიანი სოციალური პროგრამა მარტოხელა დედებისთვის, მუნიციპალიტეტების ფარგლებში არსებული დახმარების პაკეტები ინდივიდუალურია და კონკრეტული მუნიციპალიტეტის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რაც მარტოხელა დედებს არასაიმედო და დაუცველ მდგომარეობაში აყენებს. მაგალითად, ტყიბულის მუნიციპალიტეტი თავშესაფრით უზრუნველყოფისას, დამატებით პრიორიტეტს ანიჭებს მარტოხელა მშობლებს. სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში შეღავათია კომუნალურ გადასახადებზე – ქუთაისში გადასახადები 30 ლარით ფინანსდება, ლაგოდეხში ელექტრო ენერგია ფინანსდება 10 ლარით, ზოგან ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა მოქმედებს, რომელიც 200 ლარს არ აღემატება. არის ისეთი მუნიციპალიტეტებიც, რომლებიც მარტოხელა დედებს საერთოდ არაფერს სთავაზობს. ასეთებია ვანის, ხაშურის, თერჯოლის, ქარელისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები.
თბილისსა და ბათუმში ვრცელდება შიდა რეგულაცია, რომელიც მარტოხელა დედებს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. რეგულაციის თანახმად, საბავშვო ბაღში ბავშვის რეგისტრირება ურიგოდ ხდება. თელავში მარტოხელა დედების შვილებისთვის გახანგრძლივებული ჯგუფები მუშაობს.
უნივერსალური სოციალური გარანტია, რომელიც ყველა მარტოხელა დედას ეხება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1997 წლიდან არსებული ჩანაწერია, რომლის თანახმად, მარტოხელა დედებისთვის 3 000 ლარამდე წლიური შემოსავალი არ უნდა დაიბეგროს.
მარტოხელა დედებთან ინტერვიუებით დგინდება, რომ მათი უმეტესობისთვის მარტოხელა დედობის სტატუსით მიღებული სარგებელი იმდენად უმნიშვნელოა (სტატუსით განსაზღვრული დახმარებები და შეღავათები ზედმეტად მწირია), რომ სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო ბრძოლის დაწყება არც კი უღირთ.
„კარგა ხანს მეუბნებოდნენ, რომ არაფერი დახმარება მარტოხელა დედებითვის არ არის. იმ პერიოდში მართლა არ მეცალა, ბავშვს ვუვლიდი, ბევრს ვსწავლობდი და მუშაობას ვცდილობდი და ცოტა გვიან დავიწყე, სკოლის ასაკში რომ იყო ბავშვი, ამ სტატუსის შესახებ გარკვევა, პროცედურა საკმაოდ რთული იყო. გავაკეთე იმიტომ, რომ გავიგე საშემოსავლო არ გეჭრება 3000 ლარამდე, წელიწადში 600 ლარს რომ სახელმწიფო არ გაჭრის, მოახმარ შენს შვილს და ამის გამო გავაკეთე“ – მარტოხელა დედა, თბილისი, 39 წლის.
ბოლო (2019 წლის) მონაცემებით საარსებო შემწეობით ბევრად მეტი ქალი (234 ათასი) სარგებლობს, ვიდრე კაცი (194 ათასი) – კანონი სოციალური მუშაობის შესახებ[2] გვეუბნება, რომ სოციალურად მოწყვლად ჯგუფს მიეკუთნებიან მარტოხელა მშობლები – ხანდაზმულებთან, სოციალურად დაუცველ პირებთან, უსახლკაროებთან და სხვებთან ერთად ისინი მოხსენიებიან როგორც „სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ჯგუფი“. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის აპრილის მდგომარეობით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იყო 4 121 მარტოხელა დედა, ამათგან ფულად სოციალურ დახმარებას იღებდა 2 512 ქალი, ანუ დარეგისტრირებული მარტოხელა დედების ნახევარზე მეტი სოციალურად დაუცველი იყო. მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მარტო მყოფი ქალები მარტოხელა დედებისთვის განკუთვნილი სერვისებისა და დახმარების ნაცვლად, სახელმწიფოს სოციალურად დაუცველის სტატუსის მისაღებად სწორედ იმიტომ მიმართავენ, რომ მათ ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩაურევლობა, მარტო მყოფ დედებს ძალიან ხშირად სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოაჩენს.
მარტოხელა დედების ყოველდღიური ცხოვრება შრომაა შესვენების, ანაზღაურებისა და მხარდაჭერის გარეშე
დედის ყოველდღიური ზრუნვა მუდმივი და დამღლელი მოქმედებების ციკლისგან შედგება. ის გულისხმობს დილით ძალიან ადრე ადგომას, საჭმლის მომზადებას, ბავშვის მოწესრიგებას, მის ბაღში (სკოლაში, დამატებით გაკვეთილებზე, წრეზე, თერაპიაზე) წაყვანას, ბაზრიდან ან სურსათის მაღაზიიდან პროდუქტების მომარაგებას, მძიმე ტვირთის ზიდვას, ტანსაცმლის და საოჯახო ნივთების ყიდვას, მათ შეკეთებას, ექიმთან ვიზიტს, ბავშვის მეცადინეობას, ისევ საჭმლის მომზადებას, დალაგებას, ჭურჭლის დარეცხვას, სარეცხის დარეცხვას, გაუთოებას, ნერვიულობას, დარდს, მომდევნო დღის საჭმელზე ფიქრს და დაძინებამდე სხვა საოჯახო თუ სამსახურის საქმეების შესრულებას. შშმ ბავშვების მარტოხელა დედები ამ შრომას ბავშვთან ერთად წევენ, ვინაიდან მას მარტო, მეთვალყურეობის გარეშე ვერ დატოვებენ. შშმ ბავშვების მარტოხელა დედებს დამატებით უამრავი დაბრკოლება აქვთ – ბავშვებს მუდმივი სამედიცინო მომსახურება სჭირდება, თავად დედებს – სპეციფიკური ცოდნა, რომელიც თვითონ უნდა მოიძიონ და შეიძინონ. ამასთანავე, შშმ ბავშვების მარტოხელა დედების ყოველდღიურობაში არის გადამეტებული საზოგადოებრივი ინტერესი, შეცოდება და აგრესია, რომლისგანაც მათ შვილების დაცვა უწევთ (გოგბერაშვილი 2019).
პანდემიამ დედების ყოველდღიურობას გაორმაგებული საქმე და სკოლის თუ ბაღის დისტანციური რეჟიმი დაამატა. ზრუნვის სერვისების სასიცოცხლო მნიშვნელობა თვალსაჩინო გახდა ისეთი საყოველთაო გაჭირვებისას, როგორიც კორონავირუსის პანდემიაა. საგანმანათლებლო და ზრუნვის დაწესებულებების დახურვის გამო დედებმა სრული მეთვალყურეობით გადმოიბარეს ბავშვები, შეითავსეს 24 საათიანი ზრუნვა, მათ შორის მასწავლებლობაც.
„იკვეთება, რომ ბავშვებზე ზრუნვა მხოლოდ ქალის ვალდებულებაა. ბავშვებიან ოჯახებში მცხოვრები ქალების მხოლოდ 6% ამბობს, რომ არასოდეს მოუვლია ბავშვებისთვის, მაშინ, როცა მსგავს სიტუაციაში კაცების ერთი მესამედია. კაცების 18%-მა განაცხადა, რომ ისინი არასდროს ამეცადინებენ ბავშვებს, იგივე ფაქტი კი ქალების მხოლოდ 7%-მა აღნიშნა. ასევე, ქალების 7% არასოდეს თამაშობს ბავშვებთან, ხოლო კაცების 12%-ს არასდროს უთამაშია იმავე ოჯახში მცხოვრებ ბავშვებთან.“ (UN Women 2021).
ქალებისთვის უქმე, არასამუშაო დღეს ბევრი არაფერი იცვლება. ეს დღე კვირის განმავლობაში დაგროვებული სხვა საქმეების მოწესრიგებისთვისაა განკუთვნილი.
ბავშვების აღზრდაში მამები, უმეტეს შემთხვევაში, ფინანსურად და ფიზიკურად არ მონაწილეობენ. მარტოხელა დედების თქმით, იმ იშვიათ შემთხვევაშიც კი , როდესაც მამა მონაწილეობას იღებს ბავშვის აღზრდაში, ის მხოლოდ მცირედი მატერიალური დახმარებით შემოიფარგლება.
სინამდვილეში კი დედობის შრომა სახელმწიფოსთვის გაწეული შრომაცაა და მას სოციალური რეპროდუქცია[8] ჰქვია. ის კვლავაწარმოებს მშრომელების შემდეგ თაობებს, სისტემისთვის მინიმალური დანაკარგით. განვითარებულ ქვეყნებში უმუშევარი, დაბალანაზღაურებადი და საშინაო შრომით გადატვირთული დედები ბავშვებზე ზრუნვას შრომას მასწავლებლებს და სხვა ზრუნვის მუშაკებს უნაწილებენ. ბავშვები დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში მათი მეთვალყურეობის ქვეშ სწავლობენ და ვითარდებიან. დროის ამ პერიოდში დედები მიდიან სამსახურში, თუკი ასეთი აქვთ, სამუშაო დღის შემდეგ კი უბრუნდებიან ზრუნვის შრომას. ბავშვზე ზრუნვის სერვისები დედებისთვის და ოჯახებისთვის ნიშნავს გამოთავისუფლებულ სამუშაო დროს.
თუ შევთანხმდებით, რომ კაპიტალისტური ეკონომიკური მოწყობა, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, თავისი შინაარსით წარმოადგენს საზოგადოებრივი ურთიერთობების სისტემას, რომელიც ემსახურება კაპიტალის წარმოებას საგნებიდან, ფულიდან და ადამიანებისგან მაქსიმალური ღირებულების ამოღებით, ამასთან სამუშაო ძალის კვლავწარმოება – ბავშვზე ზრუნვა, დიდწილად ქალთა აუნაზღაურებელ შრომაზე დგას, მაშინ ქალთა ზრუნვის შრომა კაპიტალიზმის უდანახარჯო ძრავად იქცევა.
მანამდე არსებული საჯარო რესურსების პრივატიზებით და მომსახურებითი რესურსების შემცირებით, კაპიტალი მიზნად ისახავდა მშრომელთა ყოველდღიური რეპროდუქცია უფრო მოწყვლადი გაეხადა და იგი ცალკეული ოჯახების პასუხისმგებლობად ექცია (Bhattacharya 2017). შრომის ფემინიზაციის შემდეგ, ქალისთვის ისტორიულად მინიჭებული მოვალეობებისა და აფექტური შრომის შენარჩუნების შედეგად, აღდგა ისეთი მორჩილი თვისებები, როგორიც არის მოქნილობა, მოწყვლადობა, მუდმივი მზაობა, შეგუების მაღალი უნარი, იმპროვიზაციისა და მრავალი როლისა თუ ამოცანის (დიასახლისის, ცოლის, ბებიის, ქალიშვილის, მომვლელის, მასწავლებლის, მეანი ქალის) შესრულების უნარი (Casas-Cortés 2014). „ქალის შრომა“ იმთავითვე მეორეხარისხოვანი, ნაკლებად ანალიტიკური, ნაკლებად დაფასებული, მაგრამ ძლიერ მოთხოვნადი შრომაა, რომელიც მოიცავს ზრუნვის შრომათა სიმრავლეს (Bhattacharya 2017).
რუსკა დათუკაშვილი - მარტოხელა დედა - Communico Society
Watch on YouTubeანაზღაურებული შრომის დრო და ადგილი
მარტოხელა დედების დასაქმება, სახელმწიფო ინსტიტუტების უმოქმედობის პირობებში და იმ შრომის პარალელურად, რასაც ისინი შინ წევენ, თითქმის შეუძლებელია. დასაქმების შემთხვევაშიც კი, მათი შრომა პრეკარული, მუდმივად ცვალებადი და დაბალანაზღაურებადია. კვლევის ფარგლებში ჩატარებული შვიდი ინტერვიუდან, ყველა ქალი ემიგრაციასთანაა დაკავშირებული: ნაწილი ყოფილი ემიგრანტია და მომავალშიც ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად ემიგრაცია ეიმედება, ზოგი ახლა იმყოფება ემიგრაციაში და შვილი დედისთვის ყავს დატოვებული, ხოლო ზოგი მარტოხელა ქალისთვის ემიგრანტი დედის მიერ გაწეული ზრუნვის შრომაა შემოსავლის ერთადერთი წყარო.
„შვილი რაც შემეძინა 11-12 წლიანი პაუზა მაქვს, ვეღარ შევძელი უკვე, ჟურნალისტი ვარ პროფესიით და მოამბეში ვმუშაობდი, ამერიკის გაზეთში. ჩვენი შემოსავალი არის სოციალური დახმარება და დედის პენსია, პამპერსები და საფენები სჭირდება, ამით ვერ გაიტან თავს, არასამთავრობოებიც გვეხმარებიან... ორი წლის წინ 2000 ლარის სამშენებლო მასალა გვიყიდეს. ჯამში 170 ლარს ვიღებთ სოციალურს და 270 ლარი დედის პენსიაა.“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედა, თბილისი, 52 წლის.
„ვერ ვარ დასაქმებული, ზოგადად შშმ ბავშვის მარტოხელა დედობა სამსახურთან ერთად შეუძლებელია“ – შშმ ბავშვის მარტოხელა დედა, თბილისი, 41 წლის.
მარტოხელა დედების მიზერული შემოსავალი წვდება მინიმალურ საკვებს, კომუნალურ გადასახადებს და გზის ფულს, თუმცა არ ყოფნის ბავშვებისთვის აუცილებელ მრავალფეროვან საკვებ რაციონს, სპორტს, დამატებით წრეებს განვითარებისთვის, ტანსაცმელს, დასვენებას. შშმ ბავშვისთვის მუნიციპალიტეტების მიერ დაფინანსებული თერაპიის სეანსები, მარტოხელა დედის თქმით, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც რეალურადაა საჭირო.
„11 წლის გახდა ისე, რომ თბილისიდან არ გასულა, არ იცის როგორია ზღვა, არ იცის როგორია სოფელი – ჩვენ ამის ფული არ გვაქვს – ზღვა მინდა ვაჩვენო, ეს სივრცე, აზროვნებისთვის ზღვის და ტყის ნახვა აუცილებელია” – მარტოხელა დედა, თბილისი, 52 წლის.
მარტოხელა დედებს არ ყოფნით სახსრები თავისთვის მედიკამენტების შესაძენად, ექიმთან ვიზიტის ან დასვენებისთვის, მათ არ აქვთ თავისუფალი დრო. არ აქვთ ღირსეული საცხოვრებელი პირობები და ხშირად საკუთარი სახლიც. გაირკვა, რომ მათი უმრავლესობისთვის სახლის ქონა დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული – სახლის ყიდვის ერთადერთ გზად ქალებს ემიგრაციაში მოგროვებული ფული ესახებათ.
„ექიმთან ვერ მივდივარ, წამლები და ყოფა-ცხოვრებიდან გამომდინარე სოციალური პრობლემები მაქვს. ვარსებობ და ეგ არის. მინდა, რომ ბავშვი წავიყვანო დასასვენებლად, მთის კურორტზე ან ზღვაზე ან გამაჯანსაღებელ პროცედურებზე – უკვე არც მახსენდება იმდენად ვართ გადართული ჭამაზე და თვითგადარჩენაზე, რომ აღარ მახსოვს, როცა კარგად ვიყავი, მაშინ რას ვაკეთებდი. ზოგჯერ ძალიან ვტყდები და დრო მჭირდება აზრზე მოსასვლელად. როდესაც დავბრუნდით ჩვენ ემიგრაციიდან, ჩემთვის იმდენად გაურკვეველი იყო მომავალი, სამსახური არ მქონდა, ბინა არ მქონდა და 44 წლის ასაკში ჩავვარდი ლოგინად – თვენახევარი გაგრძელდა მძიმე დეპრესია - მედიკამენტებს ვსვამდი, თუმცა დედაჩემმა გადამალახინა და წამომაყენა ფეხზე.” ყოფილი ემიგრანტი, მარტოხელა დედა, სენაკი, 45 წლის.
მარტოხელა დედებისთვის სოციალიზაციისა და დასვენების ადგილები სკოლის და ბავშვის დამატებითი აქტივობების მოსაცდელებია, სადაც სხვა ქალებს და დედებს ხვდებიან. მათი თქმით, ეს სივრცეები, უმეტესწილად, სოციალური დახმარების ფარგლებში დაფინანსებული გაკვეთილებია: მუსიკის, ინგლისურის და სხვა.
„ჩემი სამეგობრო შემოიფარგლება შშმ ბავშვების დედებით, სკოლაში ვხვდებით ერთმანეთს, ასევე როდესაც თერაპიაზე მივდივართ“ – შშმ ბავშვის მარტოხელა დედა, თბილისი, 41 წლის.
„არ ვმუშაობ მაგრამ სოციალურად დაუცველ ფენასთან მაქვს ყველაზე მეტი კონტაქტი, იმიტომ რომ ბავშვი ინგლისურზე დამყავს სოციალური პაკეტით, მუსიკაზეც“ – მარტოხელა დედა, თბილისი, 52 წლის.
სახელმწიფოსგან ზრუნვისა და მხარდაჭერის სერვისების არარსებობის პირობებში, ქალის შრომა პირველად ვალდებულებებზე, ბავშვის მოვლაზე დაიყვანება და, შესაბამისად, ის დამოკიდებული ხდება სახელმწიფო შემწეობაზე, რომელიც სარეიტინგო ქულით განისაზღვრება და ყველაზე მეტი 60 ლარია ერთ ადამიანზე, ყოველ მომდევნო წევრზე კი 48 ლარი ემატება; ან დამოკიდებული ხდება დედაზე, რომელიც, თავისი შვილისა და შვილიშვილის ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებელი ფული გამოსამუშავებლად, ემიგრაციაში უნდა წავიდეს.
მარტოხელა დედობის მთავარი სირთულე და სახელმწიფოს როლი
მარტოხელა დედებისთვის მთავარი საკითხი უსახსრობა და ფინანსური სირთულეებია. ეს დაკავშირებულია დაბალ შემოსავალთან, შრომის გაუზიარებლობასთან – არ არსებობს ის, ვინც ბავშვს დაიტოვებს და დედისთვის თავისუფალ დროს გამოათავისუფლებს. მუდმივი დაკავებულობის პირობებში მათ არ აქვთ გადამზადების ან კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. ამასთან, როგორც ზემოთ ვნახეთ, შრომის ბაზარი მარტოხელა დედის საჭიროებაზე მორგებული არ არის – ნახევარ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობა მათ არ აქვთ, ბაღის და სკოლის განრიგის შეთავსება შრომის ბაზართან შეუძლებელია – ჩატარებული ინტერვიუების საფუძველზე, ქალებისთვის მომავალი მხოლოდ ემიგრაციაზე საუბრის დროსაა იმედიანი. საქართველოში მათი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, ყოველ მომდევნო დღეს მეტია საჭიროება და ნაკლებია შესაძლებლობა.
„წინ ვერაფერს ვხედავ, რომ რამე შეიცვლება ან ჩვენ წინ წავიწევით როგორმე. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე, ემიგრაციაა ალბათ გამოსავალი. რა უნდა შეიცვალოს? არ ვიცი.. ძალიან ძნელია სხვის სახლში ცხოვრება, რაც არ უნდა მარტო ცხოვრობდე, რომ იცი, რომ სხვისი სახლია, ძალიან რთულია - ერთადერთი გამოსავალი ემიგრაციაა რომ დავაგროვებ რამდენიმე წელი ფულს და იქნებ მოვახერხო საკუთარი სახლის ყიდვა. ჩემი და ახლა საფრანგეთშია - ბავშვი ყავს სამკურნალოდ წაყვანილი.“ – ყოფილი ემიგრანტი, მარტოხელა დედა, სენაკი, 45 წლის.
„ყველა შემთხვევაში სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს ასეთ ოჯახს, ასეთ დედას, ან ძიძის სახით ეხმარებოდეს, ან დედას პენსია ენიშნებოდეს სახლში რომ ზის და შშმ ბავშვს უვლის. საიდან უნდა შემოვიდეს ასეთი ბავშვის დედისთვის ფინანსები? ვინ უნდა დაგეხმაროს ისე რომ ადამიანურად იგრძნო თავი?“ – შშმ ბავშვის მარტოხელა დედა, თბილისი, 41 წლის.
კვლევამ აჩვენა, რომ, ერთი მხრივ, სტატუსის მიღება მისი სირთულის და ვიწრო განსაზღვრების გამო მარტოხელა დედებისთვის ისედაც ძნელია, თუმცა, მეორე მხრივ, სტატუსის მიღების შემთხვევაშიც მათი ეკონომიკური და ყოველდღიური ცხოვრება თითქმის არ უმჯობესდება. კვლევამ ასევე აჩვენა არსებული სახელმწიფო შეღავათების მიზერულობა და უსისტემობა.
გამოიკვეთა დასაქმებული მარტოხელა დედებისა და სკოლის/ბაღის საათების აცდენა – საჭიროა სახელმწიფო რეგულაციები, შრომის ბაზარზე მარტოხელა დედების ინტეგრირებისთვის, ან ისეთი სამუშაო ადგილების შექმნა და ხელშეწყობა, რომლებიც სპეციფიკურად მარტოხელა დედების საჭიროებაზე იქნებოდა მორგებული.
შრომის ისედაც დაბალანაზღაურებად ბაზარზე მარტოხელა დედების ინტეგრირების შეუძლებლობა მუდმივად აიძულებს მათ, იფიქრონ ემიგრაციაში წასვლაზე. მარტოხელა დედების მნიშვნელოვან ნაწილს აქვს საკვების და ტანსაცმლის და, იმავდროულად, თავისუფალი დროის დეფიციტი.
სახელმწიფოს შეუძლია და ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული დედებისთვის სოციალური მხარდაჭერა; შექმნას და გააუმჯობესოს სოციალური დახმარებების პაკეტების, ექიმის, წამლების ვაუჩერების დაფინანსება; შემოიღოს სკოლაში უფასო კვება; გაავრცელოს ტანსაცმლის და სხვა აუცილებელი ნივთების საყიდელი ვაუჩერები. სახელმწიფოს ასევე შეუძლია უზრუნველყოს შეღავათები დასაქმებული დედებისთვის, გამართოს ბავშვთა აღზრდის სერვისები (ვინაიდან მარტოხელა დედა ძიძის თანხას ვერ გაწვდება); უზრუნველყოს სატრანსპორტო შეღავათები, შესთავაზოს დედებს სხვადასხვა მიმართულების პროფესიული გადამზადების კურსები.
ნეოლიბერალური მოქალაქეობის მოდელი სოციალურ რეპროდუქციას განიხილავს ქალის მოვალეობად, პირად სფეროდ, სადაც პასუხიმგებლობა მოქალაქეებზეა და არა სახელმწიფოზე. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მარტოხელა დედებისთვის განკუთვნილი სოციალური რეპროდუქციული შეთავაზებები სრულიად გაუფასურებულია სახელმწიფო პოლიტიკის შექმნის პროცესში. მეტიც, თვითონ სახელმწიფო დეჰუმანიზდა, მას არ ესმის, ვერ ხედავს, ვერ გრძნობს.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენი სახელმწიფო ფორმალურად უარს ამბობს ქალის შრომის უნარზე და ვერც კი ამჩნევს ამით გამოწვეულ სოციალურ და ეკონომიკურ დანაკარგს, რამდენადაც არაფორმალურად სწორედ ამ უნარზეა დამოკიდებული. ეფექტური პოლიტიკა საპირისპიროა: ის ქალის შრომისუნარიანობის და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებას ცდილობს, თანადგომითა და შრომაში თანამონაწილეობის შეთავაზებით მუდმივად აბრუნებს მას საზოგადოებაში.
გამოყენებული ლიტერატურა
Andreβ, H.-J., & Hummelsheim, D. (2009). When marriage ends: Results and conclusions. In H.-J. Andreβ & D. Hummelsheim (Eds.), When marriage ends: Economic and social consequences of partnership dissolution (pp. 361–386). Cheltenham, UK: Edward Elgar.
Casas-Cortés, Maribel. 2014. A Genealogy of Precarity: A Toolbox for Rearticulating Fragmented Social Realities in and out of the Workplace. Rethinking Marxism: A Journal of Economics, Culture & Society, 26: 206–226.
Bhattacharya, Tithi. Social Reproduction Theory Class, Recentering Oppression. Pluto Press, 2017.
Medora, N., Wilson, S., & Larson, J. (2001). Attitudes toward Parenting Strategies, Potential for Child Abuse, and Parental Satisfaction of Ethnically Diverse Low-in- come U.S. Mothers. Journal of Social Psychology, 141, 335-348.
Menaghan, E. (2003). On the Brink: Stability and Change in Parent-child Relations in Adolescence. In A.C.Crouter and A.Booth (Eds.), Children’s Influence on Family Dynamics: The Neglected Side of Family Relationships (pp. 153-169). Mahwah, NJ: Lawrence Erlbaum Associates.
Woodson, L. (2016). Women without Men: Single Mothers and Family Change in the New Russia, written by Jennifer Utrata. Canadian-American Slavic Studies, 50(3), 391–393.
გოგბერაშვილი ანი, „შშმ ბავშვის დედად ყოფნა – ზრუნვა, როგორც ბრძოლა,” Heinrich-Böll-Stiftung, last modified 2019, accessed October 28, 2021, https://feminism-boell.org/ka/2019/07/03/shshm-bavshvis-dedad-qopna-zrunva-rogorc-brzola.
CRRC-Georgia, „საქართველოში Covid 19-ით სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასება” (2021), https://www2.unwomen.org//media/field%20office%20georgia/attachments/publications/2021/covid_gender_assessment_2021_geo.pdf?la=ka&vs=4447.