სუროგატი დედების გაუჟღერებელი ხმები

The woodecut of an woman growing a plant
Teaser Image Caption
შაჰნაზ აგაევა "გაზრდა"

სუროგაცია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ყველაზე კომპლექსური ფორმაა, რომელშიც მესამე მხარე – სუროგატი დედაა ჩართული. სუროგატი დედა თანხმდება მუცლად ატაროს პოტენციური მშობლის/მშობლების ნაყოფი, რომლებსაც სამედიცინო ჩვენების ან სხვა მიზეზების გამო არ შეუძლიათ შვილის გაჩენა. საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, სადაც კომერციული გესტაციური სუროგაცია კანონიერია (საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ). სუროგატთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია ჰეტეროსექსუალ წყვილს, რომელიც დოკუმენტურად ადასტურებს მინიმუმ ერთწლიან ქორწინებას, ან თანაცხოვრებას. 2007 წელს საქართველოში სუროგაციის გზით პირველი ბავშვი დაიბადა, მას შემდეგ სუროგაციის სააგენტოების და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების მომწოდებელი კლინიკების რაოდენობა იზრდება და ამჟამად ქვეყანა ტრანსნაციონალური სუროგაციის ერთ-ერთ ცხელ წერტილად არის ქცეული.

როდესაც ანის პირველად ვხვდები, ის 24 წლისაა და მეორედ აპირებს გახდეს სუროგატი დედა.[1] როგორც სუროგაციის საკითხით დაინტერესებულმა მკვლევარმა, მინდა გავიგო, რამ განაპირობა მისი მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება, ის კი მეკითხება, რატომ ვარ დაინტერესებული მისი ისტორიის მოსმენით.[2] ცოტა ვყოყმანობ და მერე დაბეჯითებით ვუპასუხებ: „იმიტომ, რომ თქვენი ხმის გაგონება მნიშვნელოვანია“. 

პირველი ბავშვი სუროგატი დედის დახმარებით 1980-იანი წლების დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაჩნდა,[3] მაგრამ ეს სამედიცინო შესაძლებლობა დღემდე აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და სხეულის, დედობისა და ოჯახის ცნებების გადააზრების საჭიროებას აჩენს. ქვეყნების უმეტესობაში სუროგაცია არალეგალურია, რაც ძირითადად იმ არგუმენტს ეყრდნობა, რომ ეს ფენომენი ხელს უწყობს ქალებისა და ბავშვების მოხმარების საგნად ქცევას და სუროგაციის პროცესში ხდება ადამიანის სიცოცხლის და ქალების რეპროდუქციული შრომის გაუფასურება. ზოგიერთ ქვეყანაში მხოლოდ ალტრუისტული სუროგაციაა დაშვებული, რომელიც სუროგატი დედის მხრიდან წყვილისთვის, ან მარტოხელა ქალისთვის უანგარო დახმარების გაწევას გულისხმობს. ამ დროს სუროგატი დედა მხოლოდ გონივრულ კომპენსაციას იღებს სამედიცინო და სხვა ხარჯებისთვის (მაგ: კანადა, ისრაელი, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო). გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ანისთვის და სხვა სუროგატებისთვის მნიშვნელოვანია სუროგაცია ანაზღაურებადი იყოს. საქართველო იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების რიცხვს ეკუთვნის (როგორც უკრაინა, რუსეთი და ამერიკის ზოგიერთი შტატი), სადაც მოქმედი კანონი დასაშვებად ცნობს ორივე ტიპის სუროგაციას. როგორც საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ გვეუბნება, „ექსტრაკორპორული განაყოფიერება ნებადართულია: (ა) უშვილობის მკურნალობის მიზნით, აგრეთვე, ცოლის ან ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას, წყვილის ან დონორის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენებით, თუ მიღებულია წყვილის წერილობითი თანხმობა; (ბ) თუ ქალს არა აქვს საშვილოსნო, განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის სხვა ქალის („სუროგატული დედის“) საშვილოსნოში გადატანის და გამოზრდის გზით; წყვილის წერილობითი თანხმობა აუცილებელია“.[4]

საქართველოში პირველი ბავშვი სუროგაციის პროგრამის გამოყენებით 2007 წელს დაიბადა.[5] მას შემდეგ წლიდან წლამდე იზრდება დაინტერესებაც და დამხმარე რეპროდუქციული პროფილის მქონე კლინიკებისა და სუროგაციის სააგენტოების რაოდენობაც. ამჟამად ამ მიმართულებით დაახლოებით 20 კლინიკა მუშაობს.[6] საქართველოში მხოლოდ გესტაციური სუროგაციაა დაშვებული, რაც სამედიცინო დისკურსის თანახმად, გამორიცხავს სუროგატისა და ბავშვის ბიოლოგიურ კავშირს.[7] სუროგატთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია ჰეტეროსექსუალ წყვილს, რომელიც დოკუმენტურად ადასტურებს მინიმუმ ერთწლიან ქორწინებას, ან თანაცხოვრებას.[8] რეპროდუქციის სფეროში მომუშავე ექიმებისა და იურისტების აზრით, საქართველოში სუროგაცია მეტწილად დაურეგულირებელია, რადგან კანონმდებლობა არაფერს ამბობს სუროგატი დედის შერჩევის კრიტერიუმებზე, გადასატანი ემბრიონების რაოდენობაზე, სუროგაციის გზით გაჩენილი შვილების რაოდენობის ლიმიტზე ან პოტენციური მშობლების ასაკობრივ ზედა ზღვარზე.[9] დღევანდელი მოცემულობით, საქართველოში სუროგატის დახმარების გამოყენება არ შეუძლიათ ჰომოსექსუალ წყვილებს და მარტოხელა ქალებს, სხვა მხრივ კი, დღევანდელი ლიბერალური საკანონმდებლო ჩარჩო მაქსიმალურად მოქნილ პირობებს უქმნის პოტენციურ მშობლებს. ერთადერთი, რაც კანონში მკაფიოდ განსაზღვრულია, არის ის, რომ ბავშვის დაბადების შემთხვევაში დონორსა და სუროგატ დედას არ აქვთ „მშობლად ცნობის უფლება“, რაც დადებითი მხარეა პოტენციური მშობლებისთვის, რომლებიც, კვლევების თანახმად, ორსულობის მიმდინარეობისას შფოთავენ იმის თაობაზე, რომ სუროგატმა დედამ არ გადაიფიქროს და ბავშვის დატოვება არ მოინდომოს (Blyth 1995).[10] პოტენციურ სუროგატ დედას შვილის ყოლას კანონი არ ავალდებულებს, მაგრამ ეს სააგენტოებისა და კლინიკების თვითრეგულაციაა. შვილიანი ქალისგან ნაკლებად ელიან, რომ ახალდაბადებული ბავშვის მიმართ გრძნობები გაუჩნდება და მომლოდინე მშობლებს პრობლემას შეუქმნის. ამავდროულად, შვილის ყოლა პოტენციური სუროგატის რეპროდუქტიულობას ადასტურებს და ორსულობისა და მშობიარობის გამოცდილების ქონა იმის საფუძველს იძლევა, რომ მისი თანხმობა უფრო გააზრებულად მივიჩნიოთ. სუროგატი დედისთვის განსაზღვრული სათანადო ასაკი (დაახლოებით 21-38 წელი) კლინიკებისა და სააგენტოების თვითრეგულაციის კიდევ ერთი მაგალითია.

ქართველ წყვილებს ეკონომიკური მდგომარეობა იშვიათად აძლევთ სუროგაციაზე ფიქრის საშუალებას. პრონატალისტური მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფო არ აფინანსებს ინ ვიტრო პროცედურას და, მით უფრო, არც ბევრად უფრო ძვირადღირებულ სუროგაციის პროცესს. ამიტომ სააგენტოებისა და კლინიკების გაზრდილი რაოდენობის უკან უფრო მეტად უცხოელი წყვილების მოთხოვნა დგას, რომლებიც საკუთარი ქვეყნების საკანონმდებლო შეზღუდვებს გამორიდებულები ცდილობენ ოცნების ახდენას. სააგენტოებისა და კლინიკების წარმომადგენლებთან ჩატარებულ ინტერვიუებში ჩანს, რომ უცხოელი წყვილები იმ ქვეყნებიდან ჩამოდიან, რომელთა საკანონმდებლო ჩარჩო არ იძლევა მათთვის სასურველ სერვისებზე წვდომის საშუალებას.[11] საქართველოთი დაინტერესება რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული: სხვა ქვეყნებთან შედარებით ფასები ხელმისაწვდომია,[12] დაბადების მოწმობაში ბავშვის გაჩენისთანავე ხდება წყვილის მშობლებად განსაზღვრა, კლინიკებს წარმატების მაღალი მაჩვენებელი აქვთ და შუამავალი პირები ფლობენ უცხოელ წყვილებთან კომუნიკაციისთვის საჭირო უცხო ენებს. 

სუროგაცია გადახლართულია ისეთ მოცემულობებთან, როგორებიცაა გენდერული ურთიერთობები, მატერიალური პრობლემები, ოჯახის და მემკვიდრეობის ცნებები, სამედიცინო, სახელისუფლებო და რელიგიური რეგულაციები. მნიშვნელოვანია იმ აქტორების მოტივებისა და ტაქტიკების შესწავლა, რომლებიც ჩართულები არიან გლობალურ რეპროდუქციულ ბაზარში, მაგრამ, ამავდროულად, აგრძელებენ ცხოვრებას თავიანთ ლოკალურ სივრცულ და დროით განზომილებაში. ისინი ცდილობენ, ერთმანეთთან მოარიგონ სამედიცინო ინოვაციები და ტრადიციული კულტურული სკრიპტები, რომლებიც სუროგაციას „კულტურულ ანომალიად“ აღიქვამენ.[13]

სუროგატი დედების ცხოვრების ისტორიებში ჰერბარიუმში მოთავსებული გამხმარი ყვავილებივით არის ჩაფენილი სხვადასხვა სოციალური პრობლემის ამსახველი მოგონებები. ანი, ბევრი სხვა სუროგატი დედის მსგავსად, ადრე გათხოვდა, რაც თავის მხრივ მძიმე ბავშვობიდან თავის დაღწევის იმედს უკავშირდებოდა. ოჯახის ტრადიციული შეხედულებების გამო სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო, ქორწინება წარუმატებელი გამოდგა და დღეს უკვე მარტოხელა დედის სტატუსით უწევს ცხოვრების სირთულეებთან გამკლავება. წინააღმდეგობების დაძლევა წარმოუდგენელი ხდება, როცა ადამიანებს წინაპირობები ხელს არ უწყობთ. როცა სკოლის ბოლო კლასები დაუმთავრებელია, უნივერსიტეტზე ლაპარაკი ფუჭია. როცა ბანკში დიდი ვალია დაგროვილი, მისი დაფარვა პრეკარიატულ შრომაში ჩართული ადამიანისთვის შეუძლებელი ხდება. სუროგატი დედების ისტორიებში ჩანს სოციალური მხარდაჭერის სიმცირე ან არარსებობობა.

არის შემთხვევები, რომ წყვილი შუამავალი სააგენტოს გარეშე ახერხებს პოტენციურ სუროგატ დედასთან მოლაპარაკებას, მაგრამ უფრო ხშირად ამ პროცესს სუროგაციისა და დონაციის პროფილით მომუშავე სააგენტოები არეგულირებენ. როგორც სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, არის საფრთხე იმისა, რომ სუროგაცია ქმრებმა ან პარტნიორებმა საკუთარი ეკონომიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, ამიტომ თავდაპირველი გასაუბრებისას ისინი ცდილობენ, რომ მაქსიმალურად ბევრი დეტალი გაიგონ პროგრამაში ჩართვის მსურველი ქალის მოტივაციის შესახებ. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს კლინიკასთან, ნორმატიულ სივრცესთან, სადაც დეტალურად განისაზღვრება სხეულის შესაბამისობა/შეუსაბამობის, გამოსადეგობა/გამოუსადეგრობის საკითხი. სუროგაციის კონტრაქტში გაწერილია ყველა დეტალური მოთხოვნა, რომლის დაცვაც სუროგატს ევალება დაორსულებამდე და ორსულობის მიმდინარეობისას. სუროგატმა დედამ წამლები დადგენილი სქემის შესაბამისად უნდა მიიღოს, მას ეკრძალება ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და შეიძლება მოსთხოვონ სქესობრივი აქტისგან თავშეკავება, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქმარი ჰყავს.

სუროგატი დედების პროგრამაში ჩართვის მსურველი ქალი ფიზიკურ შემზადებასთან ერთად დისკურსულ მომზადებასაც გადის. ქალები მთელი ცხოვრების განმავლობაში ისმენენ, რომ ნაყოფის მუცლადყოფნის ცხრა თვეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ბუნებრივია, რომ  ბავშვი მუცელშივე შვილად აღიქვა და შეიყვარო, ახლა კი ორსულობის პერიოდის ემოციურ კავშირზე აქცენტი აღარ არის გაკეთებული. ეს პერიოდი გაშუქებულია როგორც დროებითი, უმნიშვნელო, სამედიცინო მეთვალყურეობის ნაწილი და არა დედაშვილობის საბაზისო საფეხური. სუროგატი დედებისთვის ჩვეულია თავდაცვის მექანიზმების ამოქმედება, ისინი განგებ არ უყურებენ ექოსკოპიის ეკრანს, შეიძლება თავადვე აარიდონ თვალი ახალშობილს. ლია, რომელიც მშობიარობის დაწყებას დღე-დღეზე ელოდება, ამ ტაქტიკას ირჩევს:

„სურვილი არც მაქვს, რომ ვნახო, სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ, რომ არ მინდა, რომ ჩამრჩეს გონებაში“ (ლია, 39).

ბიოლოგიური კავშირის არარსებობა სუროგატი დედებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი მაინც ამახვილებენ ყურადღებას კავშირზე, რომელიც მათსა და მუცელში მყოფ ბავშვს/ბავშვებს შორის არსებობს. იხსენებენ, თუ როგორ ესაუბრებოდნენ მუცლადმყოფ ნაყოფს, როგორ ზრუნავდნენ მის უსაფრთხოებაზე, როგორ ქსოვდნენ წინდებს მომავალი ახალშობილისთვის.

„მეათე დღეს უკვე ხსენი მოდიოდა მკერდიდან, წარმოიდგინე. ისინი კიდევ მარწმუნებდნენ, რომ ხელოვნურად იყო ორსულობა ორგანიზმისთვის შექმნილი ისეთი, რომ ასეთი ფსიქოლოგიური სიმძაფრე არ უნდა მქონოდა. ‘დაჟე’ ისიც კი უკვირდათ, რომ ბავშვები მიყვარდა“ (ნინი, 27).

როგორც კლინიკებისა და სუროგაციის სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, თანამედროვე რეპროდუქციული ტექნოლოგიების შესახებ ინფორმირებულობის ხარისხი მეტ-ნაკლებად გაზრდილია, მაგრამ სუროგაცია საქართველოში დღემდე სტიგმატიზებულ პრაქტიკად რჩება. ძალიან იშვიათია სუროგატი დედა, რომელიც საკუთარ გამოცდილებაზე ღიად საუბრობს. უმეტესად ნეგატიური გამოხმაურებების თავიდან ასაცილებლად, სუროგატი დედები ცდილობენ შენიღბონ და დაფარონ მთელი პროცესი. საქართველოში არ არის დამკვიდრებული სუროგატი დედების თვითგაძლიერების მექანიზმები, წრეები, სადაც გამოცდილებების ერთმანეთისთვის გაზიარებას შეძლებდნენ, ან სამოტივაციო წიგნები, რომლებიც სხვადასხვა სირთულესთან გამკლავებას გაუადვილებდათ. ხშირია შემთხვევები, როდესაც სუროგატი დედები საცხოვრებელ ადგილს იცვლიან და ასე ერიდებიან თავიანთი საიდუმლოს გამჟღავნებას. ანი, ორსულობის ბოლო თვეების გახსენებისას, ამბობს, რომ ცნობისმოყვარე გარშემომყოფებისთვის ალტერნატიული ახსნა ჰქონდა გამოძებნილი:

„ვიძახდი, რომ რაღაც პრობლემა მაქვს-მეთქი ჰორმონალური და იმიტომ გავსუქდი“ (ანი, 24).

სუროგატებთან საუბრებში ჩანს, რომ ამ ქალების მსჯელობა ძალიან პრაგმატულია. რა შეიძლება გაკეთდეს რეალურად მოსალოდნელი ანაზღაურებით? რისთვის იქნება საკმარისი  12, 15, ან 18 ათასი დოლარი? ბანკის ვალების გადასაფარად? ბინის საგირავებლად? რაიმე ხელობის შესასწავლად? ნინი ამბობს, რომ მიღებული ანაზღაურებით სასურველი მიზნების მიღწევა ძალიან რთულია:

„ვერაფერი ვერ გავაკეთე, სიმართლე გითხრათ, გარდა იმისა, რომ შევიძინე საჭირო ნივთები, ეს არის ლეპტოპი, რაც ბავშვებს სისტემატიურად სჭირდებათ, სკოლაში ყველაფერს ავალებენ, რომ უნდა მოიძიონ. ვუყიდე ველოსიპედები, ძალიან ელემენტარული, თითო 250 ლარად, ზღვაში წვეთია, ოცნებობდნენ და დაიმსახურეს ბავშვებმა. ვისწავლე, ფრჩხილის სპეციალისტი გავხდი და ვიყიდე ყველა საჭირო მოწყობილობა თუ მასალები და ა.შ.“ (ნინი, 27).

სუროგატი დედების აზრით, ანაზღაურება მეტი უნდა იყოს და განსაკუთრებით უსამართლოა, რომ ტყუპებზე ორსულობის დროს თანხას მხოლოდ 1500-დან 2000 დოლარამდე ემატება. ხშირ შემთხვევაში, მიღებული თანხის უდიდესი ნაწილი ვალების დაფარვას ხმარდება და დარჩენილი თანხით ცდილობენ, რომ რამე ღირებული გააკეთონ, ან ბანკში შეინახონ კიდევ თანხის დამატების იმედით, რაც ანისთვის მეორე ჯერზეც სუროგაციაზე დაფიქრების მიზეზი ხდება:

„მოტივი მაქვს, ბინა რომ ვუყიდო ჩემს შვილს, ბინა, ერთოთახიანი პატარა კუთხე მაინც რომ გავუკეთო, აი, მოტივი ჩემთვის ეს არის“ (ანი, 24).

ორსულობის პროცესის კულმინაცია ორივე მხარისთვის ემოციურია. დედისა და შვილის ტრადიციული ბმა ამ შემთხვევაში ახალ სახეს იღებს. ბიოლოგიურ მშობლებთან ჩატარებული ინტერვიუები აჩვენებს, რომ ისინი ცდილობენ, დაბადებისთანავე გადაიბარონ ახალშობილი და რამენაირად მოახერხონ იმ თვეების კომპენსაცია, როდესაც ბავშვი/ბავშვები სუროგატის სხეულში იზრდებოდნენ. კლინიკებში უმეტესად ერიდებიან, რომ სუროგატმა დედამ მშობიარობის შემდეგ შეინარჩუნოს ბავშვთან კავშირი, თუნდაც გამოკვებოს ბუნებრივი გზით, რაც სუროგატი დედების აზრით, გადაჭარბებული სიფრთხილეა. სუროგატი დედები ღიზიანდებიან იმით, რომ ბავშვის გადაცემა საზოგადოებაში მაინც საკუთარი შვილის გაყიდვასთან არის ასოცირებული:

„ეგ სტერეოტიპიც ძაან არის გამჯდარი, რომ ჰგონიათ, რომ მერე როგორ შეელევი ამ შენს ბავშვს?! არ არის შენი ბავშვი რა, თავიდანვე იცი, რომ არ არის“ (ეკა, 28 წლის). 

პოსტსამშობიარო სიტუაციას ყოველთვის ამბივალენტური გრძნობები ახლავს თან, სუროგატ დედას ბავშვთან დაშორება, ერთი მხრივ, შვებას გვრის და, მეორე მხრივ, სიცარიელის შეგრძნებას უტოვებს:

„გულის დაწყვეტის მომენტი მქონდა რაღაც შინაგანად, წამის მეასედში, რომ, მეთქი, ვაიმე, ორსულად აღარ ვიქნები, ვაიმე, ბავშვები მიჰყავთ. და ემოცია რომ დავინახე, რომ ეს გოგო კინაღამ წაიქცა, ტირილი, სიცილი, ყველაფერი ერთად ამოუშვა რა პირიდან, ბავშვი რომ დაინახა, იმ მომენტში, რომ გაიყვანეს საოპერაციოდან. აი, მანდ მივხვდი, რომ ძალიან მაგარი რამე გავაკეთე და არამც თუ ერთი წამი მენერვიულა, მთელი ცხოვრება უნდა ვყოფილიყავი ბედნიერი“ (ნინი, 27).

სუროგატ დედებთან საუბრისას ჩანს, რომ მათთვის დედობა ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსია და უმეტეს შემთხვევაში ამ პროცესში ჩართვის გადაწყვეტილებას შვილების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით იღებენ. როგორც 28 წლის ეკა ამბობს:

„ის სიტუაცია შეიქმნა, რომ უნდა გავაკეთო-მეთქი ეს ყველაფერი რა, რომ ჩემს შვილს რაღაც მივცე, იმიტომ, რომ ჩვეულებრივი სამსახურით ვერაფერს ვერ ვაკეთებდი რა ... მეთქი, გავრისკო, არ გავრისკო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არც არაფერი არ არის გასარისკი, ანუ სხვა გზა არ არის და ნუ, წავედი ამ ყველაფერზე“ (ეკა, 28).

საუბრებში ჩანს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ქალებს ორი ძირითადი ვერსია აქვთ, სუროგაცია ან მიგრაცია. მათ რთულად წარმოუდგენიათ ქვეყნის დატოვება, რადგან შვილი ან შვილები ჰყავთ და იციან, რომ საზღვარგარეთ წასვლა მათთან დიდხნიან განშორებას ნიშნავს, ამიტომ ხშირად სუროგაცია ერთადერთ გამოსავლად გვევლინება.

ხშირად ჰიპოთეტურად ვმსჯელობთ იმის შესახებ, რომ ყველა სუროგატი დედა ჩაგრული, უხმო და აგენტობის არმქონეა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანების თეორიულ კატეგორიებში მოქცევისას ყოველთვის იქმნება ინდივიდუალური გამოცდილებების გაუფასურების საფრთხე და მკვლევრებს სულ ამ ზღვარზე სიარული უწევთ. სუროგატ დედებთან საუბრისას, სოციალური მხარდაჭერის სიმწირისა და სახელმწიფო სერვისების განუვითარებლობასთან ერთად, შეუძლებელია, არ დავინახოთ სიძლიერე, რომელიც მათი ბრძოლის ისტორიაში ჩანს. 

„რა მაგარი ხარ“, თვალებგაფართოებული ვეუბნები ანის, რომელიც თავისი ცხოვრების ისტორიას მიყვება.

ჩვენ ხომ დედები ვართ, დედები ყველა მაგრები ვართ. გარკვეულწილად, ყველა დედა მაგარია, მე ასე ვფიქრობ“ ,

 

 

[1] თანამოსაუბრეების სახელები მათი ანონიმურობის დაცვის მიზნით გამიზნულად არის შეცვლილი.

[2] მიმდინარე კვლევითი პროექტი „სუროგაცია როგორც ქსელური ფენომენი: საკვანძო აქტორებისა და მათი ურთიერთმიმართების შესწავლა“ დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, სამეცნიერო (FR-19-7478). მადლიერი ვარ ამ ფონდის, ჩემი პროექტის წევრებისა და იმ მონაწილეების, რომლებიც დაგვთანხმდნენ ინტერვიუებზე და გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება. მათი თანამშრომლობის გარეშე ამ სტატიის მომზადება შეუძლებელი იქნებოდა.

[3] Utian, W. H., Goldfarb, J. M., Kiwi, R., Sheean, L. A., Auld, H., & Lisbona, H. (1989). Preliminary experience with in vitro fertilization-surrogate gestational pregnancy. Fertility and Sterility, 52(4), 633-638. doi:10.1016/s0015-0282(16)60977-9.

[4] იხ. საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლი 143.2.

[5] იხ: კლინიკა „რეპროარტის“ ინტერნეტგვერდი: https://reproart.ge/reproduqciuli-klinika/

[6] იხ. ინფორმაცია კლინიკების შესახებ: http://vidal.ge/clinics/ginekologia-reproduqtologia?page=3

[7] გესტაციური სუროგაციის დროს სუროგატი დედის საშვილოსნოში ბიოლოგიური დედის ან დონორის კვერცხუჯრედის გამოყენებით მიღებული ემბრიონი გადააქვთ.

[8] იხ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №18, 2012 წლის 31 იანვარი, ქ. თბილისი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 19: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1572063?publication=0

[9] რეგულაციების ნაკლებობის ყველაზე უკიდურეს მაგალითად შეიძლება განვიხილოთ თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი და მისი ცოლი, კრისტინა ოზთურქი (@batumi_mama), რომლებიც სუროგაციის გზით 105 შვილის გაჩენას გეგმავენ.  წყვილი საქართველოში, ბათუმში ცხოვრობს (შავი ზღვის სანაპიროზე).  იხ. მათ შესახებ მომზადებული სიუჟეტი: The Sun (26 Jul 2021) “KID YOU NOT Dad who had 21 surrogate babies in a YEAR already had 9 kids with ex & his eldest is a decade older than his wife”, https://www.thesun.co.uk/fabulous/15674309/dad-21-surrogate-babies-year-9-kids-ex/

[10] იხ. საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლები: 141, 143, 144.

[11] წყვილები არიან თურქეთიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან, გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

[12] შედარებისთვის შეგიძლიათ იხილოთ ქართული და ამერიკული სუროგაციის სააგენტოების ვებგვერდები: Israeli IVF, Donation and Surrogacy Center BIRTH in Batumi, https://birthbatumi.com/?page_id=7199&lang=ka

“Price of US Surrogacy”, https://fertilitycenterlv.com/diagnosis-treatment-care/price-us-surrogacy/

[13] ამ ცნებას ელი თიმანი იყენებს ნაშრომში “Birthing a mother: The surrogate body and the pregnant self”. University of California Press, 2010