ამ პოდკასტს რამდენიმე შეკითხვით დავიწყებ, მაგრამ მათზე პასუხის გაცემას არ შევეცდები. ალბათ, თქვენც გიფიქრიათ ამ თემებზე, მაგრამ, სავარაუდოდ, უფრო მოგვიანებით, ვიდრე სკოლაში ან თუნდაც, უნივერსიტეტში სწავლისას. იქ, როგორც წესი, ამ საკითხებს თითქმის არ განიხილავენ, მხოლოდ ფაქტებით, თარიღებით ან საგმირო ამბებით შემოიფარგლებიან. საბოლოო ჯამში კი, ძალიან მნიშვნელოვანია ვიფიქროთ იმაზე, თუ ვინ წერს ისტორიას ან ვის შესახებ იწერება ის, როგორ ყვებიან ისტორიკოსები წარსულის ამბავს, ვინ აცხადებს პრეტენზიას ისტორიულ ჭეშმარიტებაზე, ვის სამსახურში დგას ეროვნული ისტორიოგრაფია და ვინ ფლობს ისტორიის განკარგვის ძალაუფლებას.
ამ კითხვების საპირწონედ კი ვიტყვი, რომ ფემინისტურმა ისტორიოგრაფიამ მხოლოდ 1980-იანი წლებიდან მოიკიდა ფეხი, მას შემდეგ, რაც ქალთა მოძრაობები მსოფლიოს მასშტაბით გაძლიერდა და ფემინისტური თეორია და აქტივიზმი აკდემიურ სივრცეებშიც შეიჭრა. ამ დროიდან მოყოლებული, ფემინისტებმა აქტიურად დაიწყეს პატრიარქალური ისტორიოგრაფიების გაკრიტიკება, მისი დეკონსტრუქცია და სამართლიანად მოითხოვეს წარსულში გაუჩინარებული ქალების ხმების აღდგენა. ფემინისტებმა განაცხადეს, რომ გენდერი, კლასთან და რასასთან ერთად, უმნიშვნელოვანესი კატეგორიაა ისტორიული ანალიზისთვის, რაც ისტორიის წერისას აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. მარტივად, რომ ვთქვათ, რასაც ფემინისტები ამბობენ არის ის, რომ თუ წარსულს წარმოვიდგენთ, როგორც სახლს, მაშინ აქ გენდერი საძირკველში ჩაშენებული ერთ-ერთი ბურჯი იქნება და არა სახლზე მოგვიანებით და ძალით მიშენებული ლოჯია. “ლოჯიების” ფონზე კი, ისიც საუკეთესო შემთხვევაში და კაცების მიერ დომინირებულ დისციპლინაში, უკიდურესად მნიშვნელოვანი ხდება ყველა არაპრივილეგირებული ჯგუფის და მათ შორის, პირველ რიგში, ქალების ხმების არსებობა და მათი პერსპექტივიდან წარსულის წერა, რაც ბევრ სხვა მნიშვნელობასთან ერთად, პოლიტიკურ დატვირთვასაც იძენს.
ბებიების ისტორია ► თამთა მელაშვილის პოდკასტი - ფემინსტრიმი/Feminstream
Watch on YouTubeჩვენთან ქალთა ისტორიის წერა 2000-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო ფემინისტი მკვლევარების დიდი ძალისხმევისა და თავდადების შედეგად, რადგან ჩვენ შემთხვევაში წარსულისადმი წვდომას პატრიარქალური ინსტიტუციების გარდა, ტოტალიტარული წარსული და მისი შედეგებიც ამძიმებდა – დახურული და განადგურებული არქივებით, წარსულის დავიწყების მიზანმიმართული პოლიტიკით, მისი მითოლოგიზაციით ან მანიპულირებით. ასეთ პიროებებში კი, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ისტორიული მეხსიერების შენახვის, გადაცემისა თუ გამოხატვის ნებისმიერ ალტერნატიულ ფორმას, რომელთა შორის ლიტერატურა, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია.
ამ მხრივ, ქართულ ლიტერატურაში სრულიად უნიკალურია ახლახანს გამოცემული ზაირა არსენიშვილის რომანი “ვა, სოფელო”. ის ყველაზე ტაბუირებულ წარსულზე გვიყვება – სტალინურ რეპრესიებზე. ამ ეპოქაზე ქართული ლიტერატურაში მხოლოდ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი რომანი არსებობს და ისიც, კაცების დაწერილი. “ვა, სოფელო” კი იმით არის უნიკალური, რომ დიდი ტერორის ამბავს ქალების პერსპექტივიდან ყვება. აღსანიშნავია, რომ ზაირა არსენიშვილი თავად იყო რეპრესიების მსხვერპლის შვილი და ამ რომანის სახით მან 1930-იანი წლების თელავის სტალინური რერპესიების მეხსიერება შემოგვინახა.
ცალკე აღსანიშნავია ამ ტექსტის ძალიან დიდი ლიტერატურული ღირებულება, უმდიდრესი ქართული ენა და რომანის თავისებური სტრუქტურა, რომელიც ავტორს მისი თანამედროვე კაცი მწერლებისგან გამოარჩევს. ხაზგასასმელია ისიც, რომ “ვა, სოფელო” პირველად 2003 წელს, ჯერ კიდევ ავტორის სიცოცხლეში გამოიცა. მაშინ ქართული ლიტერატურული სივრცე უფრო მეტად იყო კაცებისგან დომინირებული, ვიდრე ის ახლაა. მაშინ ეს დიდი რომანი მკითხველის ფართო წრეებისთვის შეუმჩნეველი დარჩა. დაახლოებით ერთი თვეა, რაც “ვა, სოფელო” სულაკაურის გამომცემლობამ ხელახლა გამოსცა. ის დღევანდელ, შედარებით განვითარებული წიგნის ბაზრის და შედარებით ნაკლებად პატრიარქალური ლიტერატურული სივრცის პირობებში, უფრო სწრაფად ხდება ცნობილი და კითხვადი. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ წიგნის გამომცემელი და რედაქტორი ქალები არიან და მათი ძალისხმევის შედეგია ის, რომ ჩემნააირი მკითხველი, რომელიც ხელის ცეცებით ეძებს ქართულ ლიტერატურაში ქალებს და ქალების მიერ შექმნილ ქალებს – ახლა ამ არაჩვეულებრივ წიგნს კითხულობს.
ამ რომანს ყველაზე მეტად განსაკუთრებულს ერთი რამ ხდის – აქ წარსული გლეხი ქალების გარშემო ტრიალებს. აქ ისტორია მათით იქმნება. გლეხი ქალები კი, საშუალო კლასის და მუშა ქალებისგან განსხვავებით, ისტორიაში ყველაზე უჩინარი ჯგუფია და ამას ფემინისტი მკვლევარებიც აღიარებენ. მეც მეგონა, რომ ჩვენთან მათი ხმა არსად ისმოდა. მეგონა მანამდე, სანამ “ვა, სოფელოს” წავიკითხავდი.
და მეორეც, რაც ასევე მნიშვნელოვანია: ამ რომანის გმირები ბებიები არიან – ხანშიშესული ქალები და თან, როგორი ბებიები. პატრიარქატს დაუმორჩილებელი, “მოუთვინიერებელი” ქალები, რომელიც თავის კონტინუუმს, თავის საკუთარ სივრცეებს ქმნიან, თუნდაც სარდაფებში, ერთმანეთის გვერდში დგომით და პატივისცემით, მხარდაჭერითა და თანაგანცდით, სიგარეტის მოწევით და კარტის თამაშითაც კი. აბა, გაიხსნეთ, ხანდაზმული ქალი და ისიც ბებია მთავარ გმირად რომელ წიგნში შეგხვედრიათ. სამაგიეროდ, ყველას გვახსოვს ჩვენი საკუთარი ბებიები – ყველაზე ტკბილი და დაუვიწყარი ადამიანები ჩვენ ცხოვრებაში. მძაფრად და ალბათ, შეგრძნების დონეზეც გვაქვს მეხსიერებაში ის ემოციური კავშირები, რომელსაც გოგო შვილშვილები ბებიებთან ვქმნით, რა თქმა უნდა, მათი დამსახურებით. ზაირა არსენიშვილის რომანი კი გოგოებისა და ბებიების ამ კავშირზეცაა. აქ ძალიან მარტივად შეგვიძლია ამოვიკითხოთ ჩვენი საკუთარი ბებია. ასევე ძალიან მარტივად შეგვიძლია გავხდეთ პატარა გოგო, რომელიც მშობლების რეპრესიის ტრავმას და ტოტალიტარული სისტემის წნეხს ლახტზე ხტუნაობით უმკლავდება.
ზაიარა არსენიშვილმა ამ რომანით მე-20 საუკუნის ბებიების ისტორია შექმნა. თან ისე, რომ ძალიან მძაფრად გვაგრძნობინა – ბებიები ერთ დროს გოგოები იყვნენ; ბებიების ისტორია კი საქართველოს ისტორიაა.