თინა ქიქოძე-მიქელაძე სიცოცხლის ბოლომდე დაუღალავად მუშაობდა გერონტი ქიქოძის არქივზე. მან საქართველოს 1910-20-იანი წლების პრესიდან ამოკრიბა 75-მდე კრიტიკული წერილი და ესე, რომელთა გამოცემაც საბჭოთა კავშირში შეუძლებელი იყო.
თინათინ ქიქოძე-მიქელაძე
1916-1996/მთარგმნელი
თინათინ ქიქოძე-მიქელაძე დაიბადა 1916 წელს მწერალ გერონტი ქიქოძისა და მხატვარ-ილუსტრატორ ანასტასია (ტასო) ამირეჯიბის ოჯახში.
თინათინი 1923-33 წლებში სწავლობდა თბილისის პირველ საშუალო სკოლაში, 1933-37 წლებში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. ამავე პერიოდში, ეუფლებოდა ფრანგულ ენას.
თინათინი 1936 წლიდან მუშაობდა საქართველოს სამეცნიერო ტერმინოლოგიის კომიტეტში, რომელიც 1937 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში გადავიდა.
1945 წლიდან იგი თავისუფალ მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა - ძირითადად თარგმნიდა მე-19 და მე-20 საუკუნის ფრანგულ თხზულებებს.
1965 წლიდან თინა საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის წევრი და საბჭოთა კავშირისა და საფრანგეთის მეგობრობის საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.
თინა ქიქოძე-მიქელაძე სიცოცხლის ბოლომდე დაუღალავად მუშაობდა გერონტი ქიქოძის არქივზე. მან საქართველოს 1910-20-იანი წლების პრესიდან ამოკრიბა 75-მდე კრიტიკული წერილი და ესე, რომელთა გამოცემაც საბჭოთა კავშირში შეუძლებელი იყო.
აკაკი გაწერელია[1] წერს: “თინათინ ქიქოძე არ ცდილობს კარგი მოქართულის სახელის მოხვეჭის მიზნით თავისი თარგმანების შეუფერებელი იდიომებით დატვირთვას. თარგმნის ამგვარი მეთოდი ყალბ შთაბეჭდილებას შეუქმნიდა მკითხველს რომელიმე უცხო ავტორის მხატვრული აზროვნებისა და თხრობის მანერაზე. საკუთრივ ფრანგი ავტორები უმთავრესად გამოთქმის ეფექტურობით, რაფინირებული და დახვეწილი სტილით იქცევენ ყურადღებას. თინა ქიქოძე ითვალისწინებს ავტორისა და მისი გმირების პროფესიულ და ინტელექტუალურ დონეს, მათი საუბრისა და ინტონაციის ინდივიდუალურ ნიშნებს, ძალდაუტანებლად და ბუნებრივად გადასცემს მათ ჩვენს მკითხველს. ყოველივე ეს შედეგია იმ ენობრივი კულტურისა, რომელიც ჩვენს მწერალ ქალს არასოდეს ღალატობს. თ.ქიქოძემ გამოაქვეყნა ქართულად ა. მორუას ზოგიერთი სტატია, წიგნიდან „ლიტერატურული ეტიუდები“ და ცხადყო ქართულის ენის ინტიმური ცოდნა და უტყუარი გემოვნება.“
თინათინ ქიქოძის მეუღლე იყო ინჟინერი გიორგი მიქელაძე (1914-1985), რომელთან ერთადაც მას ორი ვაჟი - ვახტანგ მიქელაძე (1939) და დავით მიქელაძე (1947) ჰყავდა. ინტელექტუალურ საქმიანობასთან ერთად, ის თავს ართმევდა საოჯახო საქმიანობას, დაკავებული იყო შვილებისა და შვილიშვილების აღზრდა-განათლებით, რამდენიმე თაობის ახლობლებისა და ნათესავების მხარდაჭერით.[2]
თინათინ ქიქოძე-მიქელაძის თარგმანები:[3]
ონორე ბალზაკი „ეჟენი გრანდე“ 1948, სახელგამი
ონორე ბალზაკი „ვენდეტა“, 1959, სახელგამი
ონორე ბალზაკი „ოცდაათი წლის ქალი“, 1980, საბჭოთა საქართველო
ონორე ბალზაკი „ცეზარ ბიროტო“, 1980, საბჭოთა საქართველო
სტენდალი „პარმის სავანე“, 1958, სახელგამი
სტენდალი „იტალიური ქრონიკები“, 1979, საბჭოთა საქართველო
სტენდალი „ლეონარდო დავინჩი“, 2005
ვიქტორ ჰიუგო „კლოდ გე“, 1954, სახელგამი
ალფონს დოდე „კაცუნა“, 1954, საბლიტგამი
ბუსენარი „ჩხუბისთავი კაპიტანი“, 1963, საბლიტგამი
ალ. დიუმა „მოგზაურობა კავკასიაში“, 1965, მერანი
პიერ გამარა „შავი ლუკმის შვილები“, 1959, საბლიტგამი
თეოფილ გოტიე „ოქროს ვერძი“, 1971, საბჭოთა საქართველო
სენტ-ეგზიუპერი „ღამის ფრენა“, 1976, საბჭოთა საქართველო
ა. კამიუ „ოთხი ალჟირული ესსე“, 1979, ალმანახი „საუნჯე“
ანდრე მორუა „მოთხრობები“, 1976, საბჭოთა საქართველო
ანდრე მორუა „ლიტერატურული ეტიუდები“, 1988 საბჭოთა საქართველო
მორის დრიუონი „ძლიერნი ამა სოფლისანი“, 1974, მერანი
მორის დრიუონი „კერპთა დამხობა“, 1984, მერანი
ვერკორი „უარყოფა“, 1976, საბჭოთა საქართველო
პიერ ბული „პროკურორ ბერთიეს საქმე“, 1976, საბჭოთა საქართველო
ბელინსკი „კრიტიკული წერილი ჩვენი დროის გმირი“, 1952, სახელგამი
„ჩინური ზღაპრები“, 1970, საბლიტგამი
გამოუცემელი თარგმანები:
ა. კამიუ „კალიგულა“
პანიოლი „თოპაზი“
ალფონს დოდე „ნივერნელი მზეთუნახავი“
მონტესკიე „სპარსული წერილები“
დრიუონი „მწვანეთითა ტისტუ“
ბალზაკი „ცამეტის ისტორია“
სტენდალი „სეირნობა რომში“