ისეთი იყო: თითქოს მეხი დამცემოდეს. რა დაგიშავე მეთქი, დედიკო, რა დაგიშავე, ესღა ვუთხარი. ასე, უკან-უკან წავედი. ან ეს კარი როდის გავაღე, ან კიბე როდის ჩავიარე, ან ქუჩაში როდის გავვარდი. ერთი კი მახსოვს იმას ვფიქრობდი, ახლა არავინ უნდა დამინახოს, არავინ უნდა დამინახოს-მეთქი. დავდექი გაჩერებაზე და გამიმართლა, არავინ შემხვედრია. მოვიდა რაღაც ავტობუსი და ავვარდი ეგრევე, არც ნომრისთვის შემიხედავს, არც ხალხისთვის. დავჯექი ასე მოკუტული. მერეღა აღმოვაჩინე, ჩანთა
მქონდა ხელში. მოვუჭირე ამ ჩანთას ხელები და აგერ, დავინახე მძღოლს თავზე ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა გაკრული.
ნეტა, მეთქი, ღმერთო, ნეტა, რამე ლოცვა ვიცოდე, ხო შეგთხოვდი, მარიამ ღვთისმშობელო, ხო გთხოვდი, შეგავედრებდი, ტყუილი იყოს ეს ყველაფერი, სიზმარი იყოს, ცუდი სიზმარი იყოს, არ იყოს, მეჩვენებოდეს. ლოცვა მინდოდა და ვერ ვილოცე. სიტყვა ვერ გავიხსენე. არადა, ადრე დავდიოდი ხოლმე ეკლესიაში, ლოცვებიც კი წამიკითხავს. ხანდახან ჩემითაც მილოცია, ასე, ჩემი
სიტყვებით. მაშინ გამომდიოდა ხოლმე. ახლა ენა ვერ მოვიბრუნე. რაც შევძელი, პირჯვარი გადავიწერე რამდენჯერმე, ეგ იყო. მახსოვს, ამ დროს მითხრა ვიღაც გოგომ, გვერდით მეჯდა, ცუდად ხომ არ ხარ ქალბატონოო, ეტყობა რაღაცეები ხმამაღლა ვთქვი კიდეც, და მეთქი არა, კარგად ვარ. კარგად ვარ, დიდი მადლობა. გაჩერდა ეს ავტობუსი კიდევ ერთხელ და მერე მივხვდი რომელსაც გავყევი. მაინცდამაინც ის იყო, სასაფლაოზე გამვლელი. ვიღაც ცოცხიანი და ყვავილებიანი ქალი ჩადიოდა და იმას გავეკიდე. იმას კი ჩავყევი, მაგრამ იმას არ გავყოლილვარ. ის მარჯვნივ წავიდა, ახალი სასაფლაოებისკენ, მე მარცხნივ წავედი. ბევრი არც მივლია, ვერ შევძელი. რომელიღაცა საფლავზე შევნიშნე, ძელი იყო რაღაც გადებული სკამივით, შევედი შიგნით და ჩამოვჯექი. ჩამოვჯექი და
ამივარდა ტირილი. თავი აღარც შემიკავებია, აღარც დამიშლია საკუთარი თავისთვის. მარტოდ ვიგრძენი თავი და ამოვუშვი. თუ ვინმე დამინახავდა შორიდან, ჭირისუფალი ვეგონებოდი, ახლოს კიდე ვინ მოვიდოდა ნახევარი საუკუნის მკვდართან. არც აღდგომა ყოფილა რამე, არც სხვა დღესასწაული. ვიტირე და ვიტირე, სულ დავისივე თვალები. თავიდან ისე ვიტირე, არა ვფიქრობდი. მერე თან ვტიროდი, თან ფიქრი დავიწყე. ფიქრი დავიწყე და თან იმას ველაპარაკებოდი. ასე ვიცოდი, სულ იმას ველაპარაკებოდი, რაც დაიბადა, იმის მერე. სანამ დამებადებოდა, მანამდეც. მაინც იმის მეტი მე არასოდეს, არავინ მყოლია. რა დაგაკელი, დედიკო-მეთქი, ვფიქრობდი, და იქნება და ჩემი ბრალი
იყო ყველაფერი? სიღარიბეში და ამობრუნებულ ტაბურეტში რომ გავზარდე, მაგიტომ? უმამოდ რომ გავზარდე, მაგიტომ? კაცი მისი დამლაპარაკებელი რომ არ იყო ოჯახში, მაგიტომ? იქნება და მამამისი რომ მირტყამდა ფეხმძიმობაზე, მაგიტომ? იქნება და არ იყო ჩემი ბრალი? იქნება და სულ ის ეშმაკის მანქანა იყო ყველაფერი? რაც ის მოიტანა დღე აერია და ღამე, ოთახიდან აღარ გამოდიოდა. იქნება და მართლა კომპიუტერმა დამართა რამე? არადა, შვილო, რა სახე ჰქონდა, რომ მოიტანა. ასე ბედნიერი მე ეგ ბავშვობის მერე აღარ მინახავს. იქნება და იმ თავის ნაგროვებ სტიპენდიაზე არ უნდა წამემატებინა ჩემი საცხობის ქალების ლატარიის ფული? მაგრამ როგორ არ მექნა ეგ, მითხარი? მერე მისი სახე დამიდგა თვალწინ, ის სიტყვები რომ მითხრა. აქამდე ვერაფერს ვხედავდი და უცებ დამიდგა თვალწინ. მითხრა ის სიტყვები და იქვე მოკვდა. მითხრა და იქვე მომიკვდა, თვალი ვერ გამისწორა. ღმერთო, მე კიდე ასე გამოვვარდი დამთხვეული ქალივით, მივატოვე, მარტო დავტოვე. ჩემი მარტოობაში და სიმწარეში გაზრდილი შვილი სულ მივატოვე. რამე რო უქნას თავის თავს? არაფერი უქნას თავის
თავს - გამკრა და წამოვვარდი ფეხზე ეგრევე. გიჟივით დავიწყე ჩანთაში ხელების ფათური, ტელეფონს დავუწყე ძებნა. არ მქონდა. ეტყობა მაგიდაზე მივატოვე იქვე, როცა გამოვიქეცი. აბა, ტელეფონი ვისღა გაახსენდებოდა. საათიც არ მქონდა, არაფერი. არადა, ის მანქანა სამზე უნდა მოსულიყო და წაეყვანა. გამოვიქეცი თავპირისმტვრევით, მაგრამ სანამ იმ საფლავიდან გამოვიდოდი ერთი კი შევავლე მზერა ქვას. ქალი იყო, ჭაღარა.
ნეტა მეთქი შენ როგორი დედა იყავი, როგორი შვილი გყავდა?
ავტობუსი დავინახე შორიდან, მოდიოდა და გავეკიდე. მივუსწარი გაჩერებაზე. გიჟივით ავირბინე კიბეები, ახლა უკვე სულ ერთი იყო ვინ დამინახავდა, ვინ არა. ვის რას გამოაპარებ, მარინა გადმომიდგა აივანზე და რა იყო ქალო, რა გიჟივით დარბიხარ წინ და უკან მთელი ეს დღეო და ჩემი სანდრიკა მიყავთ მეთქი, რეზერვში, მარინა, მაგიტომ დავრბივარ - ქოშინით ავძახე და წაიყვანეს შენი სანდრიკა უკვეო და არ მოვუსმინე მაინც, შევვარდი ოთახში და აღარსად იყო ჩემი ბიჭი. ვერ მივუსწარი. მივვარდი მაგიდაზე ტელეფონს. ერთადერთი უპასუხო ზარი იყო - ეგეც მაგისი. მაშინვე ლენას დავურეკე. ქალო, სადა ხარ, ნორმალური ხარ შენო? და მეთქი ლენა, შენი ჭირიმე, შენ მითხარი სადა ხარ, წაიყვანეს ბიჭები, მეთქი? და არა, სადგურზე ვართ და ჩქარა მოდი, სანამ წაუყვანიათ, აქაა შენი ბიჭიცო. დავტაცე ჩანთას და ტელეფონს ხელი, მარინა მეძახდა კიბეებზე კიდე რაღაცას, მაგრამ აღარც გამიგია. დავიჭირე პირველივე ტაქსი და ჩქარა, სადგურზე წამიყვანე-მეთქი, შენი ჭირიმე, ოღონდ ჩქარა წამიყვანე-მეთქი. იმან, რა იყო, ქალო, ფერი არ გადევს სახეზეო, იმ ტაქსის მძღოლმა და რეზერვში მიყავთ ჩემი ერთადერთი ბიჭი მეთქი და მერე რეზერვში მიყავთ, ომში ხო არაო და შენი ჭირიმე, ჩქარა მიმიყვენე მეთქი და დააჭირა ამანაც გაზს ფეხი, წამებში იქ ვიყავი. ჯერ ის დიდი მანქანა დავინახე, რაღაცა სამხედრო, მერე ლენა და მერე ბიჭები. ისიც დავინახე, კუთხეში იდგა სადღაც, მთლად პატარა ჩანდა იმ სხვა ბიჭებთან, სულ დაპატარავებული. სად დადიხარ გოგოო, ლენამ და დამაგვიანდა მეთქი,სამსახურიდან მოვიდვარ და მივვარდი ამას.
დამინახა და კიდევ უფრო დაპატარავდა. მივუახლოვდი და მაინც მოხვედი, დეო? ჩუმად თქვა. მოვედი, აბა, რას ვიზამდი მეთქი, დედიკო. და მაპატიე დეო, და შენ მაპატიე მეთქი, შვილო. ასე ვიდექით, ერთმანეთის წინ, ვერც ვუახლოვდებოდი, ვერც ხმამაღლა ვამბობდი ვერაფერს, ყურადღება არ მივიქციო-მეთქი. მეო, ისევ ჩუმად თქვა, ძლივს გასაგონად, იმიტო გითხარი ტანსაცმელი რო ვნახე არეული, იქ ნაწერები მედო და მეგონა ის წაიკითხეო. არა მეთქი დე, ტანსაცმელს რომ გილაგებდი ჯარისთვის, იმიტო იყო არეული, მე შენ რამეს ხელს როგორ ვახლებდი უკითხავად, ან შენი როდის რა წამიკითხავს-მეთქი. მე კიდევ მეგონა წაიკითხე და მაგიტომ გითხარი, თორე არ გეტყოდი, არაფრით არ გეტყოდიო. რას ამბობ მეთქი, დედიკო, უნდა გეთქვა, ადრე თუ გვიან ხო უნდა გეთქვა, ერთმანეთის მეტი არავინ გვყავს, არც არავინ გვყოლია, მეთქი. და აქ შემომხედა პირველად თვალებში. მე კიდე მანდ მიმიწყდა ხმა.. არ იტირო დეო, ისევ ჩუმად მითხრა, თვალები იმასაც ცრემლებით ჰქონდა სავსვე და არა მეთქი, თავი გავუქნიე. რა ვქნა დე, მიყვარს მე ის ბიჭიო და ჰე, ჰეე გავდივართ უკვეო, ვიღაცა ფორმიანმა დაგვძახა მთელი ხმით თავზე და ასე ხელი გავუწვდინე და იმანაც ჩამავლო, ბავშვობაში რომ იცოდა ისე, და გიყვარდეს მეთქი შვილო, გიყვარს, ხო არა გძულს-მეთქი და ჰეოოო გავედითო, ისევ დაიღრიალეს იქედან და ჩემი შვილი ხარ-მეთქი დე, როგორიც არ უნდა იყო, ჩემი ხარ მეთქი და აგერ თითქოს ჩემთან ვიგრძენი მისი პულსის ცემა და სანამ ხელს გავუშვებდი, ერთხანს კიდევ მყავდა გულში ჩაკრული.
ტექსტი შესულია კრებულში "მარინეს ანგელოზები" , გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", 2017 წელი.