რთული 2022 წლის დასასრულს, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ფემინისტური ვებგვერდის მკითხველს, ჩვენ მიერ გამოქვეყნებული სტატიების, კვლევების თუ პუბლიკაციებისადმი გამოჩენილი ინტერესისთვის.
გასულ წელს 90 ათასი ადამიანი ესტუმრა ჩვენს ფემინისტურ გვერდს, რაც გვაძლევს ძალას, გავაგრძელოთ ფემინისტურ და ქვიარ პოლიტიკაზე მუშაობა და საუბარი.
აქვე, მადლობას ვუხდით ჩვენს ავტორებს, პუბლიკაციებზე გაწეული შრომისთვის და ასევე, არტისტებს, რომელთა ნამუშევრებიც ჩვენს პლატფორმებზე გამოქვეყნდა. თითოეულ მათგანთან თანამშრომლობა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია.
ჩვენს ფემინისტურ ვებგვერდზე წლის ყველაზე პოპულარული სტატიაა „კლიმაქსი - ქალების ცვალებადი სტატუსი სხვადასხვა კულტურაში“. ეს არის თამარ მაღრაძის ინტერვიუ პროფესორ ჰაბილ გოდულა კოზაკთან, სადაც ის საუბრობს მენოპაუზის სოციალურ და გეოგრაფიულ განზომილებებზე, ადარებს ტრადიციულ და მოდერნულ კულტურებს, რომლებშიც მენოპაუზისადმი საზოგადოებრივი დამოკიდებულებები განსხვავებულად ვლინდება.
1. კლიმაქსი - ქალების ცვალებადი სტატუსი სხვადასხვა კულტურაში
მოხარულები ვართ, რომ ჩვენს სტატიებს არქივიდან დღემდე ჰყავს მკითხველი. ფემინისტური პოდკასტების სერია „ფემინისტრიმი“, წლების მანძილზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული თეონა ბექიშვილის შესანიშნავი პოდკასტი „ფრთხილად საკითხავი ვეფხისტყაოსანი“ ჩვენი პოპულარული სტატიების ხუთეულშია, მეორე ადგილზე.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუბლიკაცია, რომელიც 2022 წელს გამოვაქვეყნეთ ჩვენს ფემინისტურ ვებგევრდზე იყო ელენე გავაშელიშვილის „სუროგატი დედების გაუჟღერებელი ხმები“. საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, სადაც კომერციული გესტაციური სუროგაცია კანონიერია. 2007 წელს საქართველოში სუროგაციის გზით პირველი ბავშვი დაიბადა, მას შემდეგ სუროგაციის სააგენტოების და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების მომწოდებელი კლინიკების რაოდენობა იზრდება და ამჟამად ქვეყანა ტრანსნაციონალური სუროგაციის ერთ-ერთ ცხელ წერტილად არის ქცეული.
3. სუროგატი დედების გაუჟღერებელი ხმები
თათა ვერულაშვილის სტატიას „მარტოხელა დედობის საფასური“, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა ჩვენს ვებგვერდზე, მიმდინარე წელსაც ჰყავდა არაერთი მკითხველი. სოციალურად უცხო და ეკონომიკურად მარტო - ასე ახასიათებს ავტორი მარტოხელა დედობის გამოცდილებას საქართველოში და საუბრობს იმ სისტემურ სირთულეებზე, რომელსაც მარტოხელა დედები აწყდებიან საქართველოში.
რას გულისხმობს და რაში ვლინდება მასწავლებლის ზრუნვის შრომა, რა ღირებულებას ქმნის მასწავლებელი, როგორ უყურებენ ისინი თავიანთ სამუშაოს, როგორ აფასებს სახელმწიფო მასწავლებლის ზრუნვის შრომას. ამ კითხვებზე პასუხს ნახავთ ინა ჩარკვიანის სტატიაში „ვინ ზრუნავს მასწავლებელზე“, რომელიც 2022 წლის ყველაზე ხშირად წაკითხულ ხუთ სტატიას შორისაა.
ასევე, 2022 წელს გამოვაქვეყნეთ ანა ბაქანიძის მნიშვნელოვანი პუბლიკაცია "ქალები მედიცინაში".
კვლევის მიზანი იყო XIX საუკუნის II ნახევრის ქართული პერიოდული გამოცემების („დროება“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“) დამუშავება და იმ ძირითადი საარქივო მასალების თავმოყრა, რომლებიც ქალთა სამედიცინო სფეროში ჩართულობას უკავშირდება.
აღნიშნული პერიოდის ქართული პრესა მნიშვნელოვანი საისტორიო წყაროა. იმდროის ჟურნალ-გაზეთებში შემონახულია უხვი და მრავალფეროვანი მასალა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა საკითხზე.