ბლოგი მოკლედ მიმოიხილავს ბოლო ათწლეულში საქართველოში ფემინისტური ჯგუფების მიერ აღნიშნული რვა მარტის ფორმებსა და შინაარსს და ზოგადი ემანსიპატორული ბრძოლის გააზრების საფუძველზე ცდილობს მის კონტექსტუალიზაციას არსებულ პოლიტიკურ ველში.
რვა მარტი ისტორიულ კონტექსტებში
ქალთა საერთაშორისო დღის იდეა მე-20 საუკუნის დასაწყისში, ქალთა სოციალისტური მოძრაობიდან აღმოცენდა. მისი სახელი გერმანელ ფემინისტსა და სოციალისტს, კლარა ცეტკინს უკავშირდება და თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც ქალთა პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური ემანსიპაციის აღნიშვნის განსაკუთრებული დღე, რომელიც მთელ მსოფლიოში უნდა ეზეიმათ.
თუმცა, მე-20 საუკუნის განმავლობაში, ისტორიულ-პოლიტიკური გარემოებებიდან გამომდინარე, რვა მარტმა შინაარსობრივად რამდენჯერმე იცვალა სახე. მისი აღნიშვნა, მეტწილად, ქვეყნების ზოგად კონტექსტებს მოერგო და ინტეგრირდა კიდეც ეროვნულ კულტურებსა და ტრადიციებში (Wolf, 2020).
საბჭოთა კავშირშიც ეს დღე თავიდანვე აიტაცეს, თუმცა მხოლოდ როგორც სახელმწიფო აგიტაციის და პროპაგანდის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება, რომლის მთავარი სამიზნე და, იმავდროულად, იარაღიც ქალები იქნებოდნენ. ასე მოხდა საქართველოშიც. აქ, ქვეყნის გასაბჭოებიდან მალევე, რვა მარტის „ოკუპაცია“ ადგილობრივმა კომუნისტურმა პარტიამ მოახდინა (მუშკუდიანი & ცქიფურიშვილი, 2018). შედეგად, მისი თავდაპირველი, ცეტკინისეული მნიშვნელობა, რომელიც ქალთა უფლებების ბრძოლისა და თანასწორობისკენ იყო მიმართული, გაქრა. პარტიამ ის აქტიური პროპაგანდით ჩაანაცვლა, სადაც ქალების ბრძოლა პროლეტარიატის ბრძოლას გაუთანაბრდა (Wolf, 2020).
თუმცა, მსგავსი ტიპის პროპაგანდისტული სტრატეგიები ნელ-ნელა რელევანტურობას კარგავდა. უფრო და უფრო მეტად ხდებოდა რვა მარტის დეპოლიტიზაცია, განსაკუთრებით კი გვიან საბჭოთა პერიოდში, როცა ქალთა საერთაშორისო დღე, რომელიც თავიდანვე უქმე დღედ გამოცხადდა, ზედაპირულად აღინიშნებოდა - იგი ქალებისთვის „ბამბანერკის“ და ყვავილების ჩუქების დღესასწაულად იქცა. თუმცა, ისიც ხაზგასასმელია, რომ ამავე პერიოდში, ან შესაძლოა კიდევ უფრო ადრეც, ქალებმა, განსაკუთრებით კი - არაურბანულ დასახლებებში, მაინც მოახერხეს ამ დღის თავისებურად უკან მიტაცება, მისი კოლექტიურ საკუთრებაში მოქცევა და ერთგვარ ტრადიციასაც ჩაუყარეს საფუძველი, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქალების შეკრებას, ამ დღის ქეიფით აღნიშვნასა და მოლხენას გულისხმობდა. პრინციპში, ეს იყო ერთადერთი დღე ქალებისთვის, როცა მათთვის არ არსებობდა ოჯახური პასუხისმგებლობები, სანაცვლოდ კი მთელი არსებით ებმებოდნენ ზეიმსა და გართობაში (ღვინიაშვილი, 2020). აქ ასევე მრავლად იყო კარნავალურობისა და კროსდრესინგის[1]
ელემენტები[2]. ვვარაუდობ, რომ რვა მარტის ასე აღნიშვნა არაურბანულ დასახლებებში, შესაძლოა, საბჭოთა კავშირში უკვე გამქრალი ქართული სახალხო დღესასწაულებისა და მოლხენის საუკუნოვანი ტრადიციების ერთგვარი გამოძახილი ყოფილიყო.
უცნობია, როდის და რა ვითარებებში გაქრა რვა მარტის აღნიშვნის ეს ტრადიცია, თუმცა ფაქტია, რომ 1990-იანი წლებიდან, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში ნელ-ნელა დაიწყო და ყოველწლიურად ძალას იკრებდა ქალთა საერთაშორისო დღის კომერციალიზაციის ტენდენციები, რაც გენდერულად მონიშნული აქტიური სარეკლამო კამპანიების ფონზე მიმდინარეობდა, მეტწილად იმ პროდუქციაზე, რომელიც ქალების შინ შრომასთან ან სილამაზის სტანდარტებთან იყო გაიგივებული. ხშირ შემთხვევაში, რეკლამა ღიად სექსისტური და მიზოგინური იყო. ამ დღის აქტიურად კომერციალიზაციის მცდელობები, თავისთავად, დღემდე გრძელდება, თუმცა ფემინისტური წინააღმდეგობის შედეგად, მას უკვე აღარ აქვს იმდენად აშკარა და ღია სექსისტური ხასიათი, როგორიც, მაგალითად, 2010-იანი წლების დასაწყისში ჰქონდა.
რვა მარტის უკან მიტაცება: „მომისმინე!“
2010-იანი წლები სწორედ ის პერიოდია, როცა გაჩნდა დამოუკიდებელი, არაფორმალური ფემინისტური ინიციატივები, რომლებმაც საერთო სურათი შეცვალეს. დაიწყო რვა მარტის ხელახალი პოლიტიზაციის მცდელობები მისთვის თავდაპირველი მნიშვნელობის დაბრუნებისთვის, რაც ქალების ემანსიპაციასა და თანასწორობისთვის ბრძოლას უკავშირდებოდა. პირველი ასეთი მცდელობა დამოუკიდებელ ფემინისტურ ინიციატივას „ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფს“ (ფდჯ) ჰქონდა. ფდჯ საჯარო სივრცეში 2011 წელს გამოჩნდა. ის არაფორმალურ, არარეგისტრირებულ და არაიერარქიულ ფემინისტურ ინიციატივას წარმოადგენდა, იმ დროისთვის რადიკალური ღირებულებებით და პრაქტიკით, რაც ღიად ფემინისტურ პოზიციონირებაში გამოიხატებოდა და საჯარო სივრცეში ფემინისტური ნარატივისადმი ყურადღების მიზიდვას ისახავდა მიზნად (გვიანიშვილი, 2016).
2012 წელს ფდჯ-მ აქცია-მსვლელობა „სხვა რვა მარტი“ ჩაატარა, რომლის მიზანი ამ დღისთვის სწორედ იმ მნიშვნელობის დაბრუნება იყო, რაც მას თავიდანვე ჰქონდა და რეალურად, ქალთა უფლებებსა და ემანსიპაციას უკავშირდებოდა (WIC Georgia, 2012). ჯგუფის წევრები იმედოვნებდნენ, რომ რვა მარტი ამიერიდან ქალებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემებისა და საკითხების აქტუალიზების განსაკუთრებულ დღედ იქცეოდა, რაც, პრინციპში, მომდევნო წელს მოხდა კიდეც.
2013 წელს, წინა წელთან შედარებით, უფრო ხალხმრავალი აქცია-მსვლელობა გაიმართა, რომელსაც ერთი კონკრეტული გზავნილი არ ჰქონია, თუმცა მთავარი სლოგანი „მომისმინე!“ სწორედ აქტუალურ თემებზე ყურადღების მისაქცევად იყო გამიზნული, მათ შორის, ქალთა სხეულებრივ ავტონომიურობაზე. აქ, ასევე მრავლად იყო პატრიარქატის წინააღმდეგ მიმართული ზოგადი გზავნილებიც (ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი, 2013).
უფრო მეტად პოლიტიკური რვა მარტი
2014 წელს ფდჯ-ს სარვამარტო აქცია-მსვლელობას უკვე კონკრეტული თემატიკა ჰქონდა. ის ქალთა შრომითი უფლებების დაცვას ეძღვნებოდა, რადგან „რვა მარტის დაარსება, პირველ რიგში, ქალთა შრომითი უფლებების დაცვას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა, ქალთა დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად ქალთა უფლებების დაცვის სფეროში“, - ნათქვამი იყო აქცია-მსვლელობის განაცხადში (ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი, 2014). ზოგადად, შრომითი უფლებები არაერთხელ მოქცეულა ფდჯ-ს ფოკუსში. ის მკვეთრი ფემინისტური სათქმელით აქტიურად უერთდებოდა პირველი მაისის, მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციებსაც.
2015 წელს სურათი შეიცვალა, როცა საჯარო სივრცეში „ქალთა მოძრაობა“ გამოჩნდა. 2014 წლის ნოემბერში, ფემიციდისა და ქალთა მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად შექმნილმა „ქალთა მოძრაობამ“, რომელიც ფემინისტური ღირებულებების მქონე აქამდე ყველაზე მასშტაბური ჯგუფია, დღის წესრიგში მალე დააყენა კვოტირებისა და პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მოთხოვნა. „მეტი ქალი პოლიტიკაში“ მის მიერ ორგანიზებული სარვამარტო აქცია-მსვლელობის მთავარ გზავნილად იქცა, რომელიც თბილისს გარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა. აქცია-მსვლელობას რამდენიმე პოლიტიკური პარტია და ქალი პოლიტიკოსიც შეუერთდა (დანელია, 2015).
აღსანიშნავია, რომ ამ დროს ფდჯ მისი ქვიარი წევრების უმეტესობას, იდეოლოგიური კონფლიქტების გამო, უკვე დატოვებული ჰქონდა, ხოლო სხვა აქტიური წევრები „ქალთა მოძრაობის“ წინამძღოლებად მოგვევლინენ. „ქალთა მოძრაობა“ თავისი სტრატეგიებით, რაც, მეტწილად, საკანონმდებლო ცვლილებებისთვის ბრძოლასთან იყო დაკავშირებული კვოტირებასა და გენდერულ ძალადობასთან მიმართებით, უფრო ლიბერალური ფემინიზმის იდეოლოგიურ პლატფორმაზე განთავსდა, თუმცა მოგვიანებით ჰქონდა ეკონომიკური საკითხების წინ წამოწევისა და მემარცხენე ფემინისტურ ჯგუფებთან კოლაბორაციის მცდელობებიც (ტაბიძე, 2017). ფდჯ კი, შეიძლება ითქვას, რომ იდეურად და გამოხატვის ფორმებით ბოლომდე დარჩა რადიკალურ ჯგუფად.
კოლაბორაციას შეეცადნენ მომდევნო, 2016 წლის რვა მარტის აღნიშვნისას, როცა „ქალთა მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას პარლამენტის წინ, რომელიც კვოტირების მოთხოვნით იმართებოდა, ფილარმონიიდან მსვლელობით სხვა ფემინისტური ჯგუფები, მათ შორის, ახალი წევრებით გადახალისებული და ხელახლა გააქტიურებული ფდჯ, ამავე წელს დაარსებული მემარცხენე ფემინისტური ჯგუფი „ქალთა მზერა“, ორგანიზაცია „ახალგაზრდა მწვანეები“ და სხვა ქვიარ ინიციატივები შეუერთდნენ. მსვლელობის მონაწილეთა დროშები და პლაკატები საპროტესტო აქციას გამოკვეთილად ქვიარ იერს ანიჭებდა (გვიანიშვილი, 2016), რამაც „ქალთა მოძრაობის“ მიერ აქციაზე მოწვეული პოლიტიკოსები დააფრთხო და გააქცია. ამ ფაქტს მომდევნო დღეებში გაცხოველებული დისკუსიები მოჰყვა სახელმწიფოსთან თანამშრომლობის, წინააღმდეგობის ფორმებისა და პოტენციური თუ არსებული მოკავშირეების შესახებ, რაც, თავისთავად, სხვადასხვა ფემინისტურ-იდეოლოგიური პლატფორმიდან იყო ნასაზრდოები. გარდა ამისა, ამ დროისთვის უკვე არსებობდა მსჯელობებიც ჯგუფებში ინტერსექციური მიდგომის შემუშავებისა და პრაქტიკაში მისი დანერგვის აუცილებლობის შესახებ, მათ შორის, დისკუსიები საჯარო პოლიტიკური გზავნილების გამრავალფეროვნებასთან დაკავშირებით, ასევე სხვადასხვა იდენტობისა და გამოცდილების მქონე ქალთა ჯგუფებისთვის პლატფორმის დათმობის თაობაზე. ამ დისკუსიების შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ მომდევნო წლებში კიდევ უფრო გამრავალფეროვნებული რვა მარტის აქციები როგორც გზავნილებით, ასევე მონაწილეებით.
2017 წელს ფდჯ-სა და სხვა ფემინისტური და ქვიარ ჯგუფების მიერ ორგანიზებული სარვამარტო აქცია-მსვლელობა, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, რადგან განსაკუთრებულად რადიკალური გზავნილებით გამოირჩეოდა - ის ქალთა სხეულის ავტონომიურობას და სექსუალობას ეხებოდა. აქციაზე აპროტესტებდნენ ქალების დაშანტაჟებას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით, სექსუალურ შევიწროებას სამუშაო ადგილზე თუ საჯარო სივრცეში, ქალთა პირად სქესობრივ ცხოვრებაში უხეშ ჩარევას, ძალადობასა და გაუპატიურებას (მეფარიშვილი, 2017). უნდა ითქვას, რომ პროტესტის შინაარსი მკაცრად განსაზღვრა წინა პერიოდებში მომხდარმა რეალურმა მოვლენებმა (საქართველოს სახალხო დამცველი, 2017). ამასთანავე, ამ აქციაზე კიდევ ერთხელ და უკვე ძალიან თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ერთმანეთის უპირველესი მოკავშირეები სწორედ ქვიარ და ფემინისტური ჯგუფები იყვნენ.
ამ წელს „ქალთა მოძრაობამ“ აქცია-პერფორმანსი „დაამსხვრიე შუშის ჭერი“ გამართა, რომელიც იმ უხილავ ბარიერებს ეხებოდა, რაც ქალებს სამუშაო ადგილზე ხვდებოდათ და კარიერულ წინსვლას უზღუდავდა (ქალთა მოძრაობა, 2017). ეს, ერთი შეხედვით, ახალი და თითქოს განსხვავებული თემატიკა შინაარსობრივად და სტრატეგიულად მაინც ბმაში იყო „ქალთა მოძრაობის“ წინა წლების მთავარ თემასთან - ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასა და კვოტირებასთან, მით უმეტეს, რომ მოძრაობა დეკლარირებულად აღნიშნავდა შუშის ჭერის არსებობას პოლიტიკურ პარტიებშიც (მეფარიშვილი, 2017). ამით ის იმ ხელის შემშლელ ფაქტორებზე ამახვილებდა ყურადღებას, რომელიც ქალებს პოლიტიკაში აქტიურად ჩართულობას უშლიდა ხელს.
სავარაუდოა, რომ „ქალთა მოძრაობისა“ და სხვა ფემინისტური ჯგუფების სარვამარტო ღონისძიებების შინაარსობრივი განსვლა და ამ დღის ცალ-ცალკე აღნიშვნა, წინა წლის იდეოლოგიურმა და ბრძოლის სტრატეგიებთან დაკავშირებულმა უთანხმოებებმა განაპირობა.
2018 წელს ფდჯ შეეცადა, წინა წლებთან შედარებით, აქცია-მსვლელობის განსხვავებული ფორმატი მოეძებნა. მან ფემინისტური ტური-მსვლელობა „ფემინის-ტური“ გამართა „ქალთა ისტორიის დასაბრუნებლად და ფემინისტი წინაპრების ღვაწლის აღსანიშნავად“ (ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი, 2018). აღსანიშნავია, რომ ქართული ფემინისტური ჯგუფებისთვის თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი ფემინისტური და ქალთა აქტივისტური წარსული, რომლის შესწავლის პარალელურად, ისინი აქტიურად ცდილობდნენ მის ჩართვასა და გამოყენებას ფემინისტური ბრძოლის სტრატეგიებში. 2012 წლიდან მოყოლებული, რვა მარტის თითქმის ყველა აქცია-მსვლელობაზე იყო ერთი ბანერი მაინც, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისის ფემინისტური გაზეთიდან „ხმა ქართველი ქალისა“ ამონარიდს ან იმდროინდელი ფემინისტი მოაზროვნეების ციტატებს ასახავდა.
ამ წლის რვა მარტი „ქალთა მოძრაობამ“ ქვიარ და ტრანსგენდერ აქტივისტებთან ერთად, ტრანსგენდერი ქალების უფლებებს მიუძღვნა და ის პრობლემები მოაქცია ყურადღების ქვეშ, რაც ამ ჯგუფს ყველაზე მეტად აწუხებდა. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა პირადობის მოწმობაში „სქესის შეცვლის არაჰუმანური პროცედურა“ იყო (ქალთა მოძრაობა, 2018). აქცია იუსტიციის სამინისტროს წინ გაიმართა მთავარი მოთხოვნით, სახელმწიფოს ეღიარებინა ტრანსგენდერი ადამიანების სქესის შეცვლის პროცედურა, მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საშუალებით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დასავლური ქვეყნების ფემინისტური ჯგუფებისა და მოძრაობების გამოცდილებებისგან განსხვავებით, ქართული ფემინისტური ჯგუფები თავიდანვე ტრანსინკლუზიური იყო, რასაც, სავარაუდოდ, ამ ჯგუფებში ტრანსაქტივისტების ყოფნაც და ზოგადად, ტრანსსაკითხებზე თეორიული და დასავლური გამოცდილების ცოდნაც განსაზღვრავდა.
ერთიანი ბრძოლა სამართლიანობისა და თანასწორობისთვის
2019 წელს თანამშრომლობის აუცილებლობა ისევ დადგა და ერთმანეთისადმი გაუცხოება დაიძლია, როცა „ქალთა მოძრაობამ“ და ფდჯ-მ ერთობლივად მოაწყვეს აქცია-პერფორმანსი-მსვლელობა სახელწოდებით „სექსუალური ძალადობა დანაშაულია“, რაც ადგილობრივი #მეც კამპანიის ერთგვარი გამოძახილი იყო (ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი, 2019). ამ მხრივ, „ქალთა მოძრაობამ“, რომელსაც ადვოკატირების გამოცდილება და კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან მეტად ჰქონდა, კანონმდებლობის სრულყოფისა და მისი აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებისკენ მიმართა ძალისხმევა და აიძულა კიდეც სახელმწიფო ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაედგა. მაგალითად, 2019 წლის მაისში მიღებულ იქნა კანონი სექსუალური ძალადობის შესახებ (თარხნიშვილი, 2019). სხვადასხვა ფემინისტურმა ჯგუფმა კი ბრძოლა, ერთი მხრივ, სექსუალური ემანსიპაციისკენ და, მეორე მხრივ, სექსუალობაზე ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართა, რაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასაც გულისხმობდა, - რასაც შედეგად მეტი და მეტი ქალის ალაპარაკება და სექსუალური ძალადობისა და შევიწროების მეტი და მეტი შემთხვევის გაჟღერება მოჰყვა. ეს პროცესი არასოდეს ყოფილა ადვილი და მძიმე საპასუხო რეაქციის ფონზე დღემდე მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ #მეც მოძრაობა საქართველოში ადგილობრივმა მოძრაობებმა შექმნეს, თუმცა, ამავე დროს, წინა წლებში გააქტიურებულმა გლობალურმა #MeToo კამპანიამ, თავისთავად, თავისი წვლილი შეიტანა ლოკალური ბრძოლის გაძლიერების პროცესში.
სარვამარტო ფემინისტური ღონისძიებები არ გამართულა 2020 წელს პანდემიის, ხოლო 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების გამო.
2021 წელს პანდემიის პირობებში „ქალთა მოძრაობამ“ მოახერხა საკმაოდ ხალხმრავალი აქციის „ათასი მშობლის მარშის“ ჩატარება (ჯემ ნიუსი, 2021), რომელიც 2019 წლის აქციის ერთგვარი გაგრძელება იყო. ამჯერად, ფოკუსში გოგონებზე ძალადობა მოექცა. სარვამარტო აქცია-მსვლელობა იმ კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც გოგონებისა და ქალების მიმართ ძალადობას უპირისპირდებოდა, სახელმწიფოსგან აქტიურ რეფორმებს ითხოვდა სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა სკოლებში სქესობრივი განათლების აუცილებლობაზე. „ათასი მშობლის მარში“ ერთგვარი საპასუხო რეაქცია იყო თოთხმეტი წლის მოზარდი გოგოს თვითმკვლელობაზე, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლი გახდა (ბოგვერაძე, 2021). აქციის მონაწილეები განსაკუთრებულ ხაზს უსვამდნენ მსხვერპლი გოგონებისა და ქალების გარიყულობას, შერცხვენასა და საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ არაჯანსაღ რეაქციებს, რომლებიც დამანგრეველი შედეგებით სრულდებოდა.
2023 წელს ფემინისტები ახალი, სახიფათო რეალობის წინაშე დადგნენ. ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სარვამარტო აქცია-მსვლელობა „ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ“ იმ პროტესტიდან ამოიზარდა, რომელიც ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი რუსული „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონის წინააღმდეგ იყო მიმართული. სარვამარტო აქცია, რომელიც მთლიანად ქალების მიერ იყო შინაარსობრივად და პროცედურულად ორგანიზებული, წინა დღეებში დაწყებული ხალხმრავალი აქცია-დემონსტრაციის ნაწილად იქცა, იმ დღეს გამართულ სხვა აქციებს შეუერთდა, და ასევე ერთმნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გამოუცხადა ხელისუფლებას ტოტალური კონტროლის დამყარების მცდელობებისთვის. აქციის „რუპორები“, თავისთავად, ქალები იყვნენ - მთელი თავისი მრავალფეროვნებით წარმოდგენილი, დაწყებული ქვიარ და ეთნიკური უმცირესობებით, დამთავრებული რეგიონში მცხოვრები ქალებით. ფემინისტურმა ჯგუფებმა აქციაზე გაჟღერებულ სპეციალურ მანიფესტში (ჯემ ნიუსი, 2023) საუკეთესოდ მოახერხეს ქალთა ხმების ჩართვა ზოგად კონტექსტში, ინტერსექციურობის შენარჩუნებით, წარსულსა და აწმყო ბრძოლების შინაარსებზე ქალების პერსპექტივიდან რეფლექსიით, რაც ემოციური თანაზიარობით დამუხტული იყო და მასიურად სიამაყისა და ღირსეულობის განცდას ტოვებდა. გარდა ამისა, ეს უნიკალური შემთხვევა იყო, როცა ასეთ მასშტაბურ აქციაზე, ბევრად ფართო აუდიტორიამ პირდაპირ მოისმინა ქალების მიერ გაჟღერებული მათთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები.
მიმაჩნია, რომ 2023 წლის რვა მარტმა საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ შეუძლებელია ამ დღეს მომავალში რაიმე ფორმით პოლიტიკური მნიშვნელობა გამოეცალოს, პირიქით, ის უკვე მყარად ამოიტვიფრა სამართლიანობისა და თანასწორობისთვის ბრძოლის დღედ, რომელსაც ბოლო ათწლეულში ფემინისტური ჯგუფების თავდადებული მცდელობები უძღოდა წინ. მათ, მიუხედავად იდეოლოგიური, სტრატეგიული და დღის წესრიგის შემუშავება/ფლობასთან დაკავშირებული განსხვავებებისა, დროთა განმავლობაში მაინც მოახერხეს მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო კონსოლიდაცია უფრო მეტი ინტერსექციურობისა და მრავალფეროვნებისთვის. სარვამარტო აქცია-მსვლელობები საქართველოში სამოქალაქო აქტივიზმის განუყოფელ ნაწილად იქცა და მათი შინაარსი თუ ძირითადი სათქმელი ყოველთვის მიმდინარე კონტექსტიდან და საზოგადოებრივი ბრძოლის პრიორიტეტებიდან მომდინარეობს. მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ამ დღემ არსებული მომენტუმი შეინარჩუნოს და ფემინისტურმა მოძრაობებმა უკვე შეძენილ გამოცდილებებსა თუ ნასწავლ გაკვეთილებზე დაყრდნობით, ძალები მეტი შემართებით მიმართონ ბრძოლის ველების გავრცობისაკენ.
ბიბლიოგრაფია:
ბოგვერაძე, მ. (2021, თებერვალი 12). 14 წლის გოგოს საქმეზე პირს ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც წარუდგინეს. ნეტგაზეთი https://netgazeti.ge/news/518814/
გვიანიშვილი, ნ. (2016). ინტერსექციურობა და ქართული ფემინისტური მოძრაობა. ბრძოლა საჯარო სივრცისთვის: როცა პირადი პოლიტიკურია. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო. გვ 13-19. https://ge.boell.org/sites/default/files/igw_ge_inside_160x230mm_1.pdf
დანელია, ნ. (2015, ნოემბერი 25). ქალთა მოძრაობა: ბრძოლის, ეჭვებისა და გამარჯვებების ერთი წელი. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო: ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია.
https://feminism-boell.org/ka/2015/11/25/kalta-mozraoba-brzolis-echvebisa-da-gamarjvebebis-erti-celi
თარხნიშვილი, ნ. (2019, მაისი 3) პარლამენტმა დაამტკიცა კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ. რადიო თავისუფლება. https://www.radiotavisupleba.ge/a/29919073.html
მეფარიშვილი, მ. (2017, მარტი 6). „ჩემი სხეული ჩემი საქმეა!“, „დაამსხვრიე შუშის ჭერი!“ ნეტგაზეთი. https://netgazeti.ge/news/178063/
მუშკუდიანი, ლ. & ცქიფურიშვილი, ნ. (2018) 8 მარტის გაშუქება ქალთა ჟურნალებში. ხმა ქართველი ქალისა, ტომი 2. https://doi.org/10.48614/vgw.2.2018.2501
საქართველოს სახალხო დამცველი (2017), საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ: 2017 წელი. (გვ 118-121). https://www.ombudsman.ge/geo/saparlamento-angarishebi
ტაბიძე, ნ. (2017, ივნისი 27). ფემინისტური ჯგუფები საქართველოში: დღის წესრიგი, პოლიტიკა და პრაქტიკა. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო: ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია. https://feminism-boell.org/ka/2017/06/27/peministuri-jgupebi-sakartveloshi-dgis-cesrigi-politika-da-praktika
ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი. (2013, მარტი 10). სარვამარტო ფემინისტური მსვლელობა. [მიბმული ფოტო][სტატუსის განახლება] Facebook. https://www.facebook.com/media/set/?set=a.493743240662217&type=3
ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი. (2014, მარტი 8). აქცია-მსვლელობა „დავიცვათ ქალთა შრომითი უფლებები!“. [მიბმული ფოტო][სტატუსის განახლება] Facebook. https://www.facebook.com/media/set/?set=a.640705979299275&type=3
ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი. (2017, მარტი 8). ჩემი სხეული ჩემი საქმეა - 8 მარტის აქცია. [მიბმული ფოტო][სტატუტის განახლება] Facebook. https://www.facebook.com/media/set/?set=a.1268821769821023&type=3
ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი. (2018, მარტი 9). 8 მარტის ფემინის-ტური: მსვლელობა ქალთა ისტორიის დასაბრუნებლად. [მიბმული ფოტო][სტატუსის განახლება] Facebook. https://www.facebook.com/media/set/?set=a.1638481159521747&type=3
ქალთა მოძრაობა. (2015, მარტი 8). რვა მარტის მსვლელობა ქალების უფლებებისთვის. [მიბმული ფოტო][სტატუსის განახლება] Facebook. https://www.facebook.com/media/set/?set=a.735564516541325&type=3
ქალთა მოძრაობა, (2017, მარტი 15) დაამსხვრიე „შუშის ჭერი!“ [მიბმული ფოტო][სტატუსის განახლება] Facebook. https://www.facebook.com/media/set/?set=a.1202269513204154&type=3
ქალთა მოძრაობა. (2018, მარტი 8). მე ვარ ქალი - აღიარე! [სტატუსის განახლება] Facebook. https://www.facebook.com/events/1622951697797174/?active_tab=about
ღვინიაშვილი, ს. (2020, მარტი 8). 8 მარტის გამქრალი ტრადიცია. Lesbi.ge https://lesbi.ge/ka/blog/sandros/i1230/8-მარტის-ერთი-გამქრალი-ტრადიცია/
ჯემ ნიუსი (2021, მარტი 8). ათასი მშობლის მარში. საქართველოში ბავშვებზე ძალადობის შესაჩერებლად ცვლილებებს ითხოვენ. https://jam-news.net/ge/atasi-mshoblis-marshi-saqartveloshi-bavshvebze-dzaladobis-shesachereblad-cvlilebebs-itkhoven/
ჯემ ნიუსი (2023, მარტი 8). „არა ტოტალურ კონტროლს“ - ქალების მარში თბილისში. https://jam-news.net/ge/qalebis-marshi-tbilisshi/
WIC Georgia (2012, March) სხვა რვა მარტი - აქცია პარლამენტთან [ვიდეო]. https://www.youtube.com/watch?v=Cg7yXBL_KFg
Wolf, K. (2020) International Women´s Day (IWD), March 8th, Encyclopédie d'histoire numérique de l'Europe.https://ehne.fr/en/encyclopedia/themes/gender-and-europe/feminisms-and-feminist-movements/international-women´s-day-iwd-march-8th
[1] კროსდრესინგი ადამიანის მიერ მისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი ჩაცმულობის მორგებაა. კროსდრესინგის პრაქტიკას შეიძლება სხვადასხვა მიზანი ჰქონდეს, მათ შორის, განსხვავებული გენდერული როლის განცდა-მორგება, გართობის მიზნით.
[2] ჩემს ღრმა ბავშვობაში, ადრეულ 1980-იან წლებში, რაჭაში, მეც მახსოვს ასეთი რვა მარტი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი და ძვირფასი მოგონება. გამონაკლისის სახით, ერთ წელს ქალთა საზეიმო შეკრებაზე ბავშვიც დამიშვეს. ამ ადრეული მოგონების სიმძაფრე და მისი აქტიურ მეხსიერებაში შემორჩენა სწორედ შეკრების კარნავალურობამ და თეატრალურმა კროსდრესინგმა განაპირობა.