2024 წლის ხუთი ყველაზე პოპულარული ფემინისტური სტატია

2024 წელი მარტივი წელი ნამდვილად არ ყოფილათუმცა გვიხარია, რომ მიუხედავად სირთულეებისა, შევძელით გამოგვექვეყნებინა ქართველ, აზერბაიჯანელ და ბოსნიელ ავტორთა 12 სტატია, ასევე, სიღრმისეული ვიდეო დისკუსია “საქართველოს (ანტი)გენდერული დემოკრატია და ავტორიტარიზმის დაპირება“, რომლის წერილობითი შეჯამებაც ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე.

გასულ წელს ასევე გამოვაქვეყნეთ ბეჭდური პუბლიკაცია „მასკულინობები სამხრეთ კავკასიაში: ფორმები, იერარქიები და გამოწვევები“, რომელიც აუდიტორიას წარვუდგინეთ თბილისში, ერევანში და ონლაინ.

Კითხვის დრო: 3 წუთი

მადლობას ვუხდით ჩვენს მკითხველებს, ავტორებს, რედაქტორებს, მკვლევრებსა და არტისტებს საინტერესო და შთაგონებით სავსე თანამშრომლობისთვის.

ახლა კი წარმოგიდგენთ ჩვენი ვების 5 სტატიას, რომელიც 2024 წელს ყველაზე მეტმა ადამიანმა წაიკითხა. 

  1. მარილი თმაში

ყვავილის ფოტო

პირველი სტატია ელენე დუდუჩავას 2024 წელს გამოქვეყნებული ტექსტია, რომელშიც ის გვიყვება, თუ რა წინაღობები ხვდებათ ახალგაზრდა მიგრანტ ქალებს ზრუნვის შრომაში და როგორ იპყრობს ზრუნვის პოლიტიკურობა მათ ყველაზე პერსონალურს. ელენე აღწერს ოპერად (au-pair) მუშაობის პირად გამოცდილებას და უღრმავდება იმ ემოციურ შრეებს, რაც თან ახლავს გენდერულად და გეოპოლიტიკურად წინასწარ განსაზღვრულ ზრუნვის სამუშაოს.


მკითხველის ინტერესი ჩვენი ძველი სტატიების მიმართ განსაკუთრებით გვახარებს და გვაძლევს სივრცეს, რომ არქივზე, როგორც მუდმივად აქტუალურ, ამ რეალობასთან შეზრდილ და არდასავიწყებელ გამოცდილებაზე ვიფიქროთ. 

  1. ფემინიზმი და ქალის უფლებები: მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისკენ

ბარბარე ჯორჯაძე

ლელა გაფრინდაშვილის სტატია გვიყვება ქალის უფლებების მოპოვების ისტორიას და მის ძირითად მოქმედ პირებს აღწერსტექსტში განხილულია ფემინიზმის, როგორც მსოფლმხედველობის, პოლიტიკური და სოციალური ასპექტები და მისი შექმნა-განვითარება, განსხვავებული ქვეყნების და მათი კულტურულ-პოლიტიკური სხვადასხვაობების გათვალისწინებით.

  1. ქალები და ისტორია: ყოველდღიური ცხოვრების გენდერული პერსპექტივები (1970-იანი და 1980-იანი წლები)

ქალები და ისტორია  - პუბლიკაციის ყდა, კოლაჟი, რომელიც ასახავს გვიან საბჭოთა პერიოდში მცხოვრებ ქალებს

2021 წლის ამ პუბლიკაციაზე ბიოლის ფონდის კიევის ოფისთან ერთად ვიმუშავეთ. საქართველოსა და უკრიანის მაგალითზე ვიკვლიეთ შემდეგი საკითხები:

როგორი იყო ქალთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა სახელმწიფო სოციალიზმის პირობებში 1970-1980-იან წლებშირა წინაპირობები არსებობდა ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და შრომის ბაზარზე ჩართვისთვის?  როგორ იცვლებოდა სექსუალობის დისკურსები ბრეჟნევის პერიოდში, როდესაც იკვეთებოდა ადგილობრივ კულტურულ და ნაციონალისტურ ასპექტებთან? რა გავლენას ახდენდა სექსუალობის დისკურსები ქალებზე და როგორ ხდებოდა მათი მხრიდან დისციპლინური პრაქტიკების ინტერნალიზება?

პუბლიკაციაში ოთხი სტატია (ორი სტატია თითოეული ქვეყნიდან) გაერთიანდა საერთო თემის ქვეშ: ყოველდღიური ცხოვრების გენდერული პერსპექტივები. 


აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წელს ჩვენი მკითხველი განსაკუთრებით ინტერესდებოდა დედობით და მასთან დაკავშირებული საკითხებით. შემდეგი ორი სტატია სწორედ დედობაზეა.

  1. მარტოხელა დედობის საფასური

მარტოხელა დედები ილუსტრაცია

ჩვენს კულტურაში ოჯახი საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს ერთეულად ითვლება. სახელმწიფო ინსიტუტებიც ამ მოსაზრებას იმეორებენ. ამ წარმოდგენით, ოჯახი, თავისი ეკონომიკური თუ სოციალური სიმტკიცით უნდა აძლიერებდეს სახელმწიფოს. ბავშვის გაჩენა მოითხოვს ეკონომიკურ სიძლიერეს, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და კულტურულ მზაობას. 

თათა ვერულაშვილი განიხილავს, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ამ ერთობას ვერ უზრუნველყოფს და ქალი თავისი უნარებით, ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობით ამ ბალანსის მიღმა რჩება სოციალურად უცხო და ეკონომიკურად მარტო.

  1. ვინ არის დედა?

თამთა თათარაშვილი თავის სტატიაში იკვლევს დედის, როგორც იდენტობის ტრანსფორმაციას და ინსტიტუტს; იმას, თუ რამდენად ხდება ეს როლი მხოლოდ ერთი სიტყვის, ერთი იდენტობის გამტარი და თუ სად იკარგება სხვა პერსპექტივები. სტატია მოიცავს პროექტ „ფემინისტი დედის დღიურები“-ს მონაწილე ქალების რეფლექსიებსა და გამოცდილებებს დედის როლის და იდენტობის გარშემო. 


ვიმედოვნებთ, რომ მიუხედავად რთული სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტისა, შევძლებთ, ჩვეულ რიტმში გავაგრძელოთ საქმიანობა, გავაღრმაოთ დისკუსიები და შევქმნათ სივრცე კრიტიკული აზრისთვის, სოლიდარობისთვის და ახალი პერსპექტივებისთვის.